"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"
"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"
"ჩირქს ნუ მოცხებენ ჩემს წამებით მოკლულ შვილიშვილს!"
"სულ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ბებიაო... წერილები რომ წაიკითხოთ, იტირებთ ისეთ ემოციურ წერილებს წერდა თავის ძმას"
გეგუთის კოლონიაში 24 წლის გიგა ფარტენაძე ცემით მოკლეს. "დახურულ საკანში 4 მარტს, ღამის სამ საათზე პატიმრებს შორის კონფლიქტს პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა. სამმა პატიმარმა იჩხუბა. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმით ერთი პატიმარი გარდაიცვალა" - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
გიგა ფარტენაძე მშობლიურ კუთხეში, ბათუმში გადაასვენეს. მისი ბებია, ქალბატონი ნანა კომახიძე ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე სამართალს ვეღარ მიაღწიეს - გიგა ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, თუმცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალი შეუთითხნეს.
- ისეთი დასახიჩრებულია ჩემი შვილიშვილი, გაგიჟდება ადამიანი. ძალიან ღონიერი იყო გიგა. მას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. როგორც ჩანს, მიეპარნენ და ისე მოკლეს. მოჭიდავე იყო, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი. ოლიმპიადისთვის ემზადებოდა და მაშინ ბათუმში იყო ჩამოსული. იმ დღეს მეგობართან მივიდა სტუმრად, იქ თავისი მეგობარი არ დახვდა და კონფლიქტი თურქებთან მოუხდა. მას მიაყენეს შეურაცხყოფა, გიგამაც საპასუხოდ გალახა თურქი. იმ ბინიდან არაფერი წამოუღია, არც დაუჭრია ვინმე. არანაირი ნივთიერი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა, მაგრამ საქმეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია მისცეს.
- თურქები ამხელდნენ?
- თურქები მის სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან. მომხდარს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭეს და სრულიად უდანაშაულო ბიჭი ყაჩაღობის ბრალდებით გამოკეტეს. ასე გაწირეს ციხისთვის წარმატებული სპორტსმენი. ბავშვს 15 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. საჩივრებით სხვადასხვა ინსტანციებში დავრბოდით, ყველა უწყებაში დავდიოდით, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ, შვილო. გიგა ფარტენაძის კარიერა თურქებს და მათ მოკავშირე ქართველ მოსამართლეებს შეეწირა. ახლა ციხეში მომიკლეს და მთლად დაგვღუპეს.
- ქალბატონო ნანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგას ციხეში დიდი ფული ჰქონდა მოგებული და ამას შეეწირა იგი. რას იტყვით, გიგა თამაშობდა ციხეში?
- ასეთი რამ არავინ თქვას, კატეგორიულად გამოვრიცხავ, ჩირქს ნუ მოცხებენ ჩემს წამებით მოკლულ შვილიშვილს. ის არც მოთამაშე იყო არასდროს, არც წამლის გამკეთებელი და არც ცუდი რამე ჩაუდენია. ხედავთ, რას დაამსგავსეს ბავშვი, თურმე მკვლელი შეუყვანეს საკანში. ჩვენი ინფორმაციით, გიგას მკვლელი სვანია და მას ორსული ქალი ჰყოლია მოკლული. მითხრან, რა უნდოდა მასთან მკვლელს? ან საერთოდ რატომ იყო თბილისში მცხოვრები პატიმარი გეგუთში? გიგას ბიძა ელაპარაკა მკვლელობის დღეს ტელეფონით, არ უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. მეც სულ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ბებია, მე კარგად ვარ, მალე სამართალი თავის გზას იპოვის, მე აქედან გამოვალო. კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ ფულის გამო მოხდა ეს ყველაფერი. მისი წერილები რომ წაიკითხოთ, იტირებთ, ისეთი ემოციურ წერილებს წერდა თავის ძმას.
- ცოლი ხომ არ ჰყავდა?
- შეყვარებული იყო, როცა 21 წლის ასაკში დაიჭირეს. ყველამ ვიცოდით, ცოლი რომ უნდა შეერთო. მერე ამხელა სასჯელი რომ გამოიტანეს და სამართალი ვერ იპოვა, გადაწყვიტეს, ხელი მოეწერათ და 2 წლის წინ დაქორწინდა ციხეში თავის შეყვარებულზე. სამწუხაროდ შვილი არ ჰყავს. ჩვენ ვითხოვთ, ტყუილს ნუ დაწერენ ჩვენს ბიჭზე. მითხრან, რატომ შეუგზავნეს მკვლელი?
ბებიამ საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ციხიდან პატიმარმა დარეკა და გიგას ძმას უთხრა, რომ გიგა მოკლული იყო და პროზექტურაში ესვენა. ისიც უთხრეს, თავში ჩაიდანი ჩაარტყეს და ისეა მოკლულიო. დადასტურებულია, რომ ეს ერთ პატიმარს არ ჩაუდენია და ჩხუბის დროს გიგას კიდევ ორი პირი აკავებდა.
მოკლულის ბიცოლა რუსუდან მახარაძე ამბობს, რომ გიგა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ციხეშიც ვარჯიშობდა:
"ბიჭს კისერის ფუძე მოტეხილი აქვს, თავი გადახსნილია საერთოდ, სახეზე უამრავი დაზიანება აქვს. ბავშვმა თურქი რომ გალახა, ამისთვის 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი? ვფიქრობთ, მარტო პატიმრების გაკეთებული არ არის ეს საქმე, მითხარით, სად იყო ბადრაგი, ან ციხის ადმინისტრაცია? ასეთი რამე ხდებოდა ციხეში და რას აკეთებდნენ? მათაც უნდა აგონ პასუხი. მერწმუნეთ, 8-10 კაცი ვერ უმკლავდებოდა გიგას, იმდენად ძლიერი იყო. იქაც აზიდვებს აკეთებდა, ასე უმკლავდებოდა დეპრესიას. დაგვეხმარეთ ჯურნალისტებიც, რომ მივაღწიოთ სამართალს - გვთხოვა რუსუდან მახარაძემ.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)