ნინო სურგულაძე: "სტივენ სიგალის არაკომპეტენტური დასკვნები ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს" (ექსკლუზივი)
"ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ბინძური პიარი და სიგალის ექსპერტული დასკვნები ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს."
"რუსეთის ქმედება მიანიშნებს, რომ ცდილობს საბჭოთა კავშირი აღადგინოს. 21-ე საუკუნეში ასეთი პოლიტიკა სრულიად მიუღებელია მსოფლიო მოაზროვნე საზოგადოებისთვის" - ამბობს მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი - ნინო სურგულაძე. საოპერო მომღერალი ერთ-ერთი პირველი იყო რომელმაც უკრანის მიმართ მხარდაჭერა ხმამაღლა გამოხატა.. ნინო სურგულაძე ამჯერად ბელგიიდან გვესაუბრა...
- უკრაინა და ჩვენ ერთ ბედს ვიზიარებთ.... ამ მოვლენებმა მთელი ბავშვობიდან მოყოლებული თვალწინ დამიყენა ყველა ის ტკივილი! - ცხრა აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ახლა უკრაინის ოკუპაცია... სამი თვე ყინვაში, თოვლში, შეუპოვრად იდგა ეს გმირი ხალხი! ტყვიები ხვდებოდათ და მაინც მიდიოდნენ წინ, ტყვიაზე... დაჭრილების გამოყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, მათაც ესროდნენ... ასეთი გმირობა კინოში თუ მინახავს, წიგნებში წამიკითხავს და მონაყოლით მომისმენია. ჩემს კოლეგებს მე ვერაფერს მოვუწოდებ, ყველამ ის უნდა გააკეთოს, რასაც ჩათვლის სწორად. მე კი ისევ ვიმეორებ! - არა ოკუპაციას, თავისუფლება ყველა დამოუკიდებელ ერს და ქვეყანას!
- სხვათაშორის, უკრაინის კრიზისს ხშირად ადარებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პრორუსული ექსპერტები არ გვაკლდა და ახლა მსახიობი სტივენ სიგალიც აცხადებს, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს...
- სტივენ სიგალის აზრი არ არის კომპეტენტური და მნიშვნელოვანი... ბოევიკებში მოთამაშე კაცის პოლიტიკური ექსპერტობა უბრალოდ სასაცილოა... ომები, სროლა და ათასი სხვა ამ ჟანრის ფილმებში იღებს მონაწილეობას და ახლა ალბათ მოუნდა, საინფორმაციო ომშიც ჩართულიყო. ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ბინძური პიარი და სიგალის არაკომპეტენტური დასკვნები ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს. მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. რუსეთის მთავრობა ეწევა აგრესიულ და ოკუპანტურ პოლიტიკას და ცდილობს, ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. მათი ქმედება მიანიშნებს, რომ ცდილობენ აღადგინონ საბჭოთა კავშირი.
- თქვენ წარმატებული კარიერა გაქვთ...ბუნებრივია, გექნებოდათ მიწვევები რუსეთში,... ვთქვათ, კრემლში მიწვევას დათანხმდებოდით?
- კრემლში არაფრის გულისთვის არ ვიმღერებდი!
- ახლა სად იმყოფებით და თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- ბელგიაში ვარ... "აიდას" დადგმაში ამნერისის დებიუტი მაქვს... შემდეგ "კარმენი" მაქვს კორეაში, შემდეგ არენა დი ვერონა და კონცერტი ლონდონში...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)