დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები
"ყოველი ახალი ხელისუფლება მამას ატყობინებს, საქმეს გავხსნითო, მაგრამ... დაადგება კი ამ საქმეს საშველი?!"
"დუდუ მოთამაშე არ ყოფილა, გასართობად იშვიათად თუ დაატრიალებდა "რულეტკას"
"უნდოდათ, ეს საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ და ვიღაც დაეჭირათ..."
მუდმივად უდროობას უჩიოდა, სულ ჩქარობდა, ალბათ მოსასწრები უნდა მოესწრო და 32 წლის ასაკში წასულიყო...
"არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ იყო ასეთი", - ამბობს დუდუს უფროსი ძმა, ლევან დადიანი, რომლის ცხოვრებასაც თავისებური დაღი დაასვა საშინელმა ტრაგედიამ.
დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.
ლევან დადიანი: - ათასი ჭორი გავრცელდა: კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... ეს ვერსიები გამაღიზიანებელი სიცრუე და ჭორია.
- თქვენ მიგვიყვანეთ სიმართლესთან ახლოს...
- ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.
- მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დამნაშავე არ დასჯილა... როგორც ამბობენ, საქმეში იყო მკვლელის ქუდი, იარაღი და მასრები. ასე რთული იყო ამ საქმის გახსნა? თავის დროზე მამათქვენმა გვითხრა, ამ საქმეს ვიღაც მაღალჩინოსანი ბლოკავსო.
- საქმეში ტყვიის მასრები და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვიცით. ოჯახის წევრებს პოლიცია გვაწვდიდა ინფორმაციას... მკვლელობის მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე და რიხიანად თქვა, - ყველაფერი ვიცით, ნივთმტკიცებები გვაქვს, მოწმეები გვყავს. დანაშაულის გახსნა ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. მაგრამ რა? მერე
აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ხელთ აღარც ქუდი ჰქონდა და არც არაფერი.
ვისი მოგონილი იყო და რატომ, ან ვინ ბლოკავდა ამ საქმეს, ჩემთვის უცნობია...
- ორი წლის წინ ითქვა, მტკიცებულების გაყალბებისთვის გამომძიებელი ზვიად უზნაძე დააკავესო. ეს თუ იცოდით?
- ეს ამბავი პრესით შევიტყვე...
- 2010 წელს, როდესაც "ნაციონალებმა" ხელახალი გამოძიება დაიწყეს, პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს. მართლა იყო ზეწოლა და რას მოითხოვდნენ თქვენგან?
- მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია...
- კახი ასათიანის შურისძიება თუ მიგაჩნიათ სარწმუნოდ?
- გამორიცხულია... დუდუ ფედერაციაში რომ მოხვდა, კახი გვერდში დაუდგა. მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო... რატომ უნდა მოეკლა დუდუ? ვერ დავიჯერებ...
- კალათბურთის ფედერაციაში ყველაფერი აწყობილი იყო?
- ფედერაციაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დუდუ ამბობდა, დავიღალე, დახმარება მინდაო და მეგობრები მხარში ამოიყენა. ბესო ლიპარტელიანიც (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) მისი მეგობარი იყო. კონფლიქტის პატარა საბაბიც კი არასდროს ყოფილა.
- ისმის კითხვა, იყო ეს დაკვეთილი მკვლელობა, თუ პირადი ანგარიშსწორება? თქვენ და თქვენი მეგობრებიც იძიებდით ალბათ ამ საქმეს...
- კალათბურთის ფედერაციის მეორე სართულზე შემთხვევით, შელაპარაკების საფუძველზე რომ არ მოხდებოდა მკვლელობა, თანაც მაყუჩიანი იარაღით, ამას ბავშვიც მიხვდება. მკვლელი პროფესიონალი იყო და დუდუს მოკვლა განზრახული ჰქონდა. საიდან მოიტანეს, თითქოს ვიღაც ბიჭი შეესწრო მკვლელობას და მერე ის კიკვიძის ბაღში მოკლესო? ჩვენც ვეძებდით მკვლელს, ყველა ვნახეთ და გამოვკითხეთ, ვისზეც კი რამე ითქვა - მავანს იარაღიანი მკვლელი შეეფეთაო, ვიღაცამ წაქცეული ნახაო... ვიღაცებმა მართლაც დაინახეს გაქცეული კაცი, მაგრამ მკვლელობას ვინმე შესწრებოდა, ასეთი არც პოლიციას და არც ჩვენ არ გვინახავს... მოკლედ, ვერანაირ კვალზე ვერ გავედით.
- კაზინო ახსენეთ... დუდუს აზარტული თამაშები უყვარდა?
- კაზინო "აჭარის" მეპატრონე თემურ უგულავა დუდუს ბავშვობის მეგობარი იყო და მასთან ხშირად ვიკრიბებოდით, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მაინცდამაინც ვთამაშობდით? თავის დროზე ჩვენი იყო ტოტალიზატორი "ჯეობეთი". პროკურატურამ, გინდა თუ არა, "აჭარაში" წილი რატომ აღარ გაქვთო(?!). არადა, არც იქ და არც სხვაგან წილი არასდროს გვქონია. დუდუ მოთამაშე არ ყოფილა, გასართობად იშვიათად თუ დაატრიალებდა "რულეტკას".
- მერაბ ჟორდანიას შურისძიების ვერსიაზე რას იტყვით?
- მაკა ასათიანი ჟორდანიასთან, ფაქტობრივად, გაცილებული იყო, როცა დუდუს ხვდებოდა. მაკა ერთხელ მოვიდა პანაშვიდზე, მას შემდეგ აღარ შევხვედრივართ.
- დღეს თუ მიდის გამოძიება?
- საქმე არ დაუხურავთ. ყოველი ახალი ხელისუფლება მამას ატყობინებს, საქმეს გავხსნითო, მაგრამ... დაადგება კი ამ საქმეს საშველი?! მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე სიმართლეს გავიგებთ.
- დუდუს მკვლელობის შემდეგ თქვენი ცხოვრება არცთუ სახარბიელოდ წარიმართა...
- როცა სახლს ერთი ბოძი გამოეცლება, მძიმე გადასატანია. ურთულესი მომენტი დადგა ჩემს ცხოვრებაში, დეპრესიაში ჩავვარდი, რასაც შეცდომები მოჰყვა... ჩამსვეს მეტადონის პროგრამაში, რვათვიანი მკურნალობის შემდეგ დამიჭირეს კიდეც. მამაც დაავადდა, გადაიტანა ინსულტები, ორჯერ გაიკეთა გულის ოპერაცია...
- როგორც ვიცი, თქვენი დევნა-დაკავებაც დუდუს საქმეს უკავშირდება...
- ცხრა თვე მდევნიდნენ, მისმენდნენ... მერე დამიჭირეს. საკანში შემოდიოდნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები და მემუქრებოდნენ, თუ შენი ძმის საქმეს არ გაგვახსნევინებ, ციხეში დაგალპობთო. ამის ქვეტექსტი იყო: ჩვენ ვიცით სიმართლე, მაგრამ გვინდა, ვერსია დაგვიდასტუროო. ბოლოს დამიჟინეს, - ნუ დაწერ, რა და როგორ იყო, სიტყვიერად გვითხარი და გაგიშვებთო. უნდა მეთქვა, რომ რადგან კახი ასათიანმა შეუკვეთა დუდუს მკვლელობა, ჩვენ შური ვიძიეთ და ის მოვკალით. მეუბნებოდნენ, - ვიცით, შენ იქ არ იყავი, მაგრამ ვატო ყიფიანი რომ იყო, ეს თქვიო. მერე ახალ-ახალ ვერსიებს მთავაზობდნენ, - შეიძლება დუდუ ძმაკაცებმა მოკლესო; რაღაც კომპანიებს მისახელებდნენ, წილში რატომ აღარ ხართო... უნდოდათ, საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ და ვიღაც დაეჭირათ... წამლის შეძენა-შენახვის მუხლი წამიყენეს და დაკავებიდან 9 დღეში გამომიტანეს განაჩენი იმ ნარკოტიკისთვის, რომელიც თვალით არ მინახავს - ურეკში ვისვენებდი ოჯახით და იქ მოიტანეს ვიღაცის შარვალი, რომლის ჯიბეშიც იდო 0,06 გრამი მეტადონი. თითქოს წამალი ვიღაცას თბილისიდან ჩამოვატანინე, მაშინ, როცა მეტადონი შინ მქონდა და ვსვამდი. მომისაჯეს 14 წელი და შემიწყვიტეს მეტადონის პროგრამა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ისე მემუქრებოდნენ, მივხვდი, მათთან ჭიდილით ვერაფერს გავხდებოდი. ვიფიქრე, ალბათ, ფული უნდათ-მეთქი და მსგავსი საქმეებისთვის საპროცესოში თუ 20.000 ლარს იხდიდნენ, მე 40 ათასი შევთავაზე, მაგრამ უარი თქვეს. სამშაბათს ჩანიშნული სასამართლო ორშაბათს ჩაატარეს ისე, რომ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ, ჩემი ადვოკატის ნაცვლად კი სახაზინო ადვოკატი დამისვეს და გამომიტანეს განაჩენი. ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი.
- ვატო ყიფიანთან რა ურთიერთობა გქონდათ?
- ჩვენ და ვატო ერთ კორპუსში ვცხოვრობდით და ოჯახებით ვმეგობრობდით. ვატოს ძმა კოტე და დუდუ ახლო მეგობრები იყვნენ. ვატო მათზე 5-6 წლით უმცროსი იყო. თუ ამ ადამიანმა შემდგომ რაღაც დააშავა, ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული აჰკიდო?
- როგორ გათავისუფლდით?
- პატრიარქმა შემიყვანა შესაწყალებელთა სიაში. ორწელიწად-ნახევარი გავატარე პატიმრობაში და 2012 წლის დეკემბერში გამათავისუფლეს.
- ვინ იყო სინამდვილეში დუდუ დადიანი?
- დუდუს დაბადების მოწმობაში დავითი უწერია, მაგრამ ჩემი შერქმეული სახელი შერჩა... მიმაჩნია, რომ დუდუმ და მისმა თაობამ კალათბურთის ერთგვარი ეპოქა შექმნეს. მისაბაძი კაცი გახდა დუდუც და მისი თაობის ბიჭებიც. არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ იყო ასეთი. ცოტა გაზვიადებულია იმის თქმა, რომ მექალთანე იყო. თუმცა ქალების ფავორიტი მართლაც გახლდათ. მატჩის დროს დარბაზში ცალკე ისხდნენ მისი თაყვანისმცემელი გოგონები და როცა დუდუ ბურთს მიიღებდა, შეძახილებით ამხნევებდნენ. სამაგალითო კაცი და ნაღდი ქართველი იყო. ძნელია ძმაზე ლაპარაკი, უბედურებაა, რომ აღარ მყავს. დედის გარდაცვალების შემდეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ დაავადდა...), დუდუს მე და ჩვენი უფროსი და - მაკა ვზრდიდით. წლების მატებასთან ერთად, ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი მოიშალა და საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ნათელა მაჭავარიანმა, მამას მეორე ცოლმა, ნამდვილი დედობა გაუწია, საოცრად ესმოდათ ერთმანეთის...
სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. მართალია, ისინი არც იცნობდნენ დუდუს, მაგრამ მასზე ყველაფერი იციან და ამაყობენ... ძალიან დამაკლდა დუდუ, ძალიან...
ნანა ფიცხელაური