21 წლის დედიშობილა მწყემსი 68 წლის ქალს გასაუპატიურებლად შეუვარდა - რას ყვებიან სოფლელები - კვირის პალიტრა

21 წლის დედიშობილა მწყემსი 68 წლის ქალს გასაუპატიურებლად შეუვარდა - რას ყვებიან სოფლელები

”დედამისმა თვითონ შეუწყო ხელი, რომ ეს ბიჭი ასეთია - ეს ქალი ოჯახის ქალი არ არის, ხან ერთ კაცთან იყო და ხან მეორესთან, ეს ბავშვი და მისი და კიდევ, ამ ამბებს პირდაპირ უყურებდნენ...

ჰოლივუდი ხანდახან აჭარბებს, მაგრამ არა ყოველთვის, - ფრაზა, რომელიც მას შემდეგ ამეკვიატა, რაც ეს ამბავი შევიტყვე, ალბათ კიდევ დიდხანს გამყვება; ის, რაც ყვარლის რაიონში მოხდა, რეალურ ამბავზე მეტად ჰოლივუდის იაფფასიან საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო ჰგავს - სოფლის 21 წლის მწყემსი 68 წლის ქალბატონს დედიშობილა შეუვარდა და დანით დასერა. უკვე ირკვევა, რომ ამ ტიპის დამნაშავედ ბიჭი საკუთარ ოჯახშივე ყალიბდებოდა.. თავდასხმას ლამის მსხვერპლის გარდაცვალება მოჰყვა. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მან მანიაკზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედება შეძლო.

21 წლის ლ.დ., თანასოფლელთა თქმით, იმ გარემოს მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელშიც აღიზარდა.

მ.შ: - მთელი სოფელი შოკში ვართ, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და იმ ბიჭის მსხვერპლი სათითაოდ ყველანი შეიძლება აღმოვჩენილიყავით. სიმართლე რომ ვთქვათ ეს ამბავი ამ ბიჭისაგან მოსალოდნელი იყო. სანამ ამ ქალს დაჭრიდა, მანამდეც იყო შემჩნეული უცნაურობებში - სახლებში იპარებოდა, "შკაფებში" ძვრებოდა და ქალის საცვლებს იპარავდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა პატარის თუ დიდისას, ყველა საცვალს იპარავდა. რაში უნდა დასჭირვებოდა ეს საცვლები ავადმყოფი თუ არ იყო!! ამოალაგებდა ამ საცვლებს, გადაიკიდებდა ხელზე და გარბოდა.

- მისმა მშობლებმა არ იცოდნენ, ფსიქიკური გადახრები რომ ჰქონდა? რატომ არ უმკურნალეს?

შ. კ: - ვის უნდა ემკურნალა! სიმართლის დამალვა აღარ შეიძლება, - დედამისმა თვითონ შეუწყო ხელი იმას, რომ ეს ბიჭი ასეთია - ეს ქალი ოჯახის ქალი არ არის, ხან ერთ კაცთან იყო და ხან მეორესთან. ეს ბავშვი და მისი და კიდევ, ამ ამბებს პირდაპირ უყურებდნენ. ცხოვრებაც ორივეს აერია. ეს ბიჭი ამ საცვლების აქეთ-იქეთ ტარებითვის ციხეშიც იჯდა. მაგრამ ციხეში რა უნდოდა, უნდა ემკურნალათ, თუ ეშველებოდა რამე.

- ამ დროს ბავშვების მამა სად იყო?

- სახლში. ეგ გინდ ყოფილა, გინდ არა. მაგ ბიჭმა ყველაზე უწინ თავისი კარის მეზობელი გადაიკიდა. იმ მეზობელს აბანოს ჭუჭრუტანა ისე ამოუღო, იმან ვერაფერი გაიგო. იმ ჭუჭრუტანიდან უცქერდა, როგორ ბანაობდნენ მეზობლები.

- ეს ბოლო შემთხვევა როგორ მოხდა, 68 წლის ქალს გასაუპატიურებლად შეუვარდა, თუ საცვლების წასართმევად?

- ვინ იცის, მაგის თავში რა ტრიალებდა. ეგ ქალი არც უპატრონოა და არც უჭკუო. თბილისში თავის დროზე მასწავლებლად მუშაობდა და ბოლოს სოფელში დაბრუნდა. ძროხაც ჰყავს. ის ძროხა ნახირში ამ ბიჭთან დაუდიოდა. ეტყობა, ნახირის წაყვანის დროს ამ ბიჭმა სახლი დაზვერა და ღამით თვალთვალი დაუწყო. საწყალი დედაკაცი დასაძინებლად რომ მოემზადა და ფეხებს იბანდა, სწორედ მაშინ შეუვარდა დედიშობილა დანით. ტანსაცმელი ეზოში გაუხდია და დაუყრია. ახლა კაცი რომ ღამით დედშობილა ირბენს, მანიაკია, მა რა არის!

- წარმომიდგენია, საბრალოს რა დაემართებოდა...

- ჩვენც გვიკვირს როგორ გადარჩა, რომ გული არ გაუსკდა. თანაც ამ გიჟს დანა სჭერია ხელში. ეცა და ყელი დაუსერა. აი, ამ დანაგამოსმულმა ქალმა დაავლო ხელი სათლს, ჩაარტყა თავში და წააქცია. მაგრამ წამოდგა და დაუწყო დანით ჯიჯგნა მუცელში. შვიდგან დაჭრა.

- ასეთ სისასტიკეს ხანშისესული ქალი როგორ გადაურჩა?

- ჭკუით. ეტყობა, სასიკვდილო ჭრილობებს ვერ აყენებდა. ქალს ძალა ეყო და შეეხვეწა - ვინც ხარ, ვერ გიცნობ, ვერავის ვერაფერს ვეტყვი, სანამ დროა წადიო. ეტყობა პედაგოგიც რომ იყო, გამოცდილებამაც უშველა. დაუგდია დანა ამ მანიაკს, ტირილი დაუწყია,- ჩემი ბრალი არ არის, წამაქეზესო და გაქცეულა. ამ უბედურმა ქალმა კიდევ, მეზობელს დაუძახა, მიშველეო. მეზობელმა, - სისხლის გუბეები იდგა იატაკზეო. საბედნიეროდ, გადარჩა ეს ქალი. ახლა ისა თქვი, ის მანიაკი ციხიდან რომ გამოსული უფრო რომ გაგიჟდება, შეიძლება ყველას დაგვერიოს!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)