”მამა არასოდეს მინახავს, რადგან...” - ალექსანდრ პოროხოვშიკოვის 50-მილიონიანი ქონებისთვის ორი ქართველი იბრძვის (ექსკლუზივი)
ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”:
ცნობილ საბჭოთა მსახიობს, ალექსანდრე შალვას ძე პოროხოვშიკოვს შვილი არ ჰყავდა. ის 2012 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, 1 თვით ადრე კი მისმა მეუღლემ თავი მოიკლა. მსახიობს ანდერძში მითითებული ჰქონდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ მისი მეუღლე უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა ორივეს გარდაცვალების გამო მემკვიდრეობის საკითხი ღიად დარჩა... 2013 წლის ოქტომბერში მოსკოვის ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ მსახიობის მემკვიდრედ ჩვენი თანამემამულე, შალვა ბარაბაძე ცნო - როგორც გარდაცვლილის ნახევარძმა. მან ქონების ნაწილობრივ განკარგვის უფლებაც მოიპოვა...
პოროხოვშიკოვს სოლიდური ქონება დარჩა: 2 ბინა მოსკოვის ცენტრში, აგარაკი რუბლიოვკაზე (რომელსაც მილიონერების უბანს ეძახიან) და სახლი არბატზე, რომელიც 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. უძრავი ქონების გარდა, რომელიც 50 მილიონად არის შეფასებული, მსახიობს საზღვარგარეთ მცხოვრები მდიდარი ნათესავებისგან (დედის მხრიდან) მემკვიდრეობაც ერგო. ამბობენ, რომ საბანკო ანგარიშებზე სოლიდური თანხაც ჰქონდა.
საქმე ის არის, რომ მემკვიდრეობის განკარგვის საკითხი შალვა ბარაბაძემ ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან გამოჩნდა მეორე ქართველი - შოთა შანიძე, რომელიც ასევე აცხადებს, რომ პოროხოვშიკოვის ნახევარძმაა და ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს. მან ფილმიც კი გადაიღო მსახიობთან თავისი ნათესაური კავშირის შესახებ. ფილმში ”ჭეშმარიტება” თავად პოროხოვშიკოვი აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური მამა შოთა შანიძე (უფროსი) გახლდათ. სწორედ ამ ფაქტის გამო სასამართლო ემზადება ახალი საქმის მოსასმენად, რომელმაც შოთა შანიძისა (უმცროსის) და ალექსანდრე პოროხოვშიკოვის ნათესაური კავშირი უნდა დაადგინოს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ალექსანდრე პოროხოვშიკოვი დაიბადა 1939 წელს. ამ დროს დედამისი - გალინა პოროხოვშიკოვა გათხოვილი იყო ქართველ ექიმზე, შალვა ბარაბაძეზე (უფროსი). ბავშვს გვარი - ”ბარაბაძე” მიანიჭეს და მამის სახელად შალვა ჩაუწერეს. მოგვიანებით, შალვა (უმცროსი) სამამულო ომში წავიდა, მალევე დაიჭრა და მოსკოვში დაბრუნდა, თუმცა გალინა ამ დროისთვის უკვე ცნობილ მევიოლინესთან, შოთა შანიძესთან ცხოვრობდა. განაწყენებული შალვა თბილისში დაბრუნდა, შექმნა ოჯახი და შეეძინა შვილი, ისიც - შალვა ბარაბაძე, რომელიც ახლა 67 წლისაა... გალინას არც შოთასთან აეწყო ურთიერთობა... შოთაც თბილისში დაბრუნდა, ქეთევან წეროძეზე იქორწინა და შეეძინა შვილი, ისიც - შოთა შანიძე.
ამის შემდეგ გალინა მესამედ გათხოვდა და ცოლად მიხაილ დუდინს გაჰყვა. ალექსანდრე მთელი ცხოვრება მამად სწორედ მიხაილს მიიჩნევდა, რადგან მამინაცვალმა საკუთარი შვილივით აღზარდა. მოგვიანებით, გალინას დაჟინებული მოთხოვნით, საშამ გვარი - ”ბარაბაძე” გამოიცვალა და დედის გვარი - ”პოროხოვშიკოვი” აიღო, მამის სახელი კი იგივე დარჩა. თავის ახირებას გალინა იმით ხსნიდა, რომ ბარაბაძეზე გაბრაზებული იყო, რადგან შვილი მიატოვა და არ სურდა, საშას უღირსი მამის გვარი ეტარებინა... სიკვდილის წინ კი გალინამ შვილს გაუმხილა, რომ მისი ნამდვილი მამა არა ბარაბაძე, არამედ ცნობილი მევიოლინე, შოთა შანიძე იყო.
დამეთანხმებით, ძალზე ჩახლართული ამბავია. სიმართლე გალინა პოროხოვშიკოვამ იმ ქვეყნად წაიღო, ოჯახს კი თავსატეხი გაუჩინა.
ამონარიდი ალექსანდრე პოროხოვშიკოვის ინტერვიუდან, რომელიც 2004 წელს გაზეთ ”ბულვარში” გამოქვეყნდა:
- მამა არასოდეს მინახავს, რადგან...
- მამად სხვას მიიჩნევდით...
- დიახ, დედა გათხოვილი იყო სხვა ქართველზე და ჩემს პასპორტში მითითებული მამის სახელი - ”შალვა” სწორედ მისგან მაქვს. შალვა ამბაკოს ძე ბარაბაძე ძალიან კარგი ადამიანი იყო და პერსპექტიული ქირურგიც, მაგრამ დედას და მას ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ...
- მაშ, ბიოლოგიური მამა სხვა გყავდათ?
- დიახ, შოთა შანიძე, მევიოლინე. მაქვს მისი ფოტო, დედამ მაჩვენა. ძალიან ლამაზი მამაკაცი ყოფილა, მე მის ფრჩხილადაც არ ვღირვარ. ახლა მამა ცოცხალი აღარ არის. ის დიაბეტით დაავადებულა და ამით გარდაცვლილა. მეც იგივე დაავადება მაქვს, წარმოგიდგენიათ? სულ მიკვირდა, რატომ მქონდა დიაბეტი. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს გენეტიკურია.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.