"მითხრა, დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლიო..." (ექსკლუზივი)
ეჭვიანობა თუ ვალები - რატომ მოკლა მზრუნველმა ქმარმა ცოლი რუსთავში
"ამ ქალის საქციელმა ეს კაცი გააბოროტა და ასეთი დანაშაული ჩაიდინა..."
გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა სისხლის ღვრით. 51 წლის ოლეგ შუბითიძემ მეუღლე, 37 წლის ბელა ძამსაშვილი დანით დაჭრა, შემდეგ მისი გადარჩენა სცადა და დასახმარებლად "სასწრაფოს" ბრიგადა გამოიძახა. დაჭრილი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და ბელა მალევე გარდაიცვალა.
ოლეგი და ბელა წლების წინ დაქორწინდნენ, მას მერე რუსთავში ცხოვრობდნენ. ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დეკემბერში დაშორდა. მას მერე ბელამ გვერდით მდებარე საერთო საცხოვრებელში ბინა იქირავა და შვილებთან ერთად იქ ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლების თქმით, ოლეგი ყოფილი ცოლისგან იქაურობის დატოვებას და საცხოვრებლად მისგან მოშორებით გადასვლას მოითხოვდა, მაგრამ მის თხოვნას ბელა არ დაემორჩილა, რაც ამ ტრაგედიით დასრულდა. მეორე ვერსიით, ბელას დიდი ვალი დაედო მაღაზიაში და ცოლ-ქმარს კონფლიქტი ამის გამო ჰქონდა.
მეზობელი ოთარ ხვედელიძე ამბობს, რომ ოლეგი მკვლელობის შემდეგ ეზოში ნახა.
- იმ დღეს ოლეგი ვნახე. ქვაზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას აღელვებული ელაპარაკებოდა. მივუახლოვდი, მივესალმე და ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი? ხელი ჩამომართვა, სისხლიანი ჰქონდა. მითხრა, ქალი მოვკალიო. - რას ამბობ, კაცო! - შეშფოთებულმა წამოვიძახე. - მგონი, ცოლი მოვკალი, "სასწრაფოშიც" დავრეკე და პოლიციაშიც, ამდენი ხანია ველოდები, მაგრამ არც ერთი არ ჩანსო. ამ საუბრის გაგრძელება ვერ მოვასწარით, რადგან პატრული გამოჩნდა და ოლეგი პატრულის მანქანისკენ გაიქცა. პოლიციელებსაც იგივე უთხრა, მოვკალი, მგონი, და მიხედეთო. მაშინვე აღიარა დანაშაული. რატომ მოკლა, ამ კითხვის დასმა მისთვის ვერ მოვასწარი. სისხლიანი ხელებით თავად ჩაჯდა პატრულის მანქანაში და გაჰყვა ძალოვანებს. ჩაბარება რომ არ ნდომებოდა, ცხინვალს გაცილებული იქნებოდა. გაქცევა არ გაუჭირდებოდა, საღამომდე ვერავინ გაიგებდა, ქალი მკვდარი რომ იყო, კარს ჩაკეტავდა და წავიდოდა.
- დიდი ხანია, ამ ოჯახს იცნობთ?
- ოლეგს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. ახალციხელია, მაგრამ რუსთავში ცხოვრობდა. ჯერ ქარხანაში მუშაობდა, მერე ხელობა ისწავლა და კაფელზე მუშაობდა. ძალიან მშრომელი ბიჭია. რამდენიმე წელი ერთმანეთის გვერდიგვერდ, ნაქირავებში ვცხოვრობდით. საძმაკაცოშიც როგორც ალალ ბიჭს, ისე იცნობენ, თავისას გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. მის პირველ მეუღლესაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ქალი იყო. მასთან ორი შვილი ჰყავს. ბიჭი უკვე 25 წლისაა, მუშაობს. ოლეგის მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა. მახსოვს, ექიმებმა ურჩიეს, ბავშვი გააჩინე და შეიძლება, დაავადებისგან განიკურნოო. მანაც გოგონა გააჩინა. 2 წლის იყო ბავშვი, ოლეგს მეუღლე რომ გარდაეცვალა. მარტო დარჩა პატარა შვილებთან ერთად. დამხმარე არ ჰყავდა. ბავშვებს ხომ მოვლა სჭირდებოდათ და ბელა შეირთო ცოლად. ბელა ქმარს გაცილებული იყო და მასაც შვილი ჰყავდა, გოგონა. მერე საერთო შვილიც შეეძინათ. გიორგი უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის...
საუბარში კიდევ ერთი მეზობელი, ბაჩუკი შანშიაშვილი ჩაერთო:
- მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ფაქტია, ამ ქალის საქციელმა ეს კაცი გააბოროტა და ასეთი დანაშაული ჩაიდინა. არადა, ოჯახზე მზრუნველი კაცი იყო. აქ ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც მასზე ცუდს იტყვის. სულ შრომობდა. ცოლი რომ დაეღუპა, რა ექნა?.. ბავშვი მოსავლელი იყო. 9 თვის მერე ეს ქალი მოიყვანა ცოლად. ძალიან გამხდარი ქალი იყო. თითქმის 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ოლეგის ბავშვი მან გაზარდა. ამ ქალსაც პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავდა და ოლეგი სულ ხუმრობდა, მრავალშვილიანი მამა ვარო. მშრომელი კაცია, არც მოჩხუბარი ყოფილა, არც ლოთი და არც ცუდის გამკეთებელი. იმ დღეს 11-ის ნახევარი იყო, სახლიდან რომ გამოვედი. გავიგონე, უბნის რწუნებული ელაპარაკებოდა ვიღაცას, - დაკავებულია და მანქანაში გვყავსო. მერე მეც მითხრა, ოლეგას ცოლი დაუჭრიაო. ეზოში ვიდექი, საკაცით დაჭრილი ქალი რომ ჩამოიყვანეს. ფაქტობრივად, გარდაცვლილი იყო, ამ ქვეყნის არაფერი ეტყობოდა. ჩვენი მეზობელი ამბობს, სახლიდან ჩამოვდიოდი, კიბესთან შემხვდა ოლეგი, თავისი ყოფილი ცოლის ბინაში ადიოდა და მომესალმა; ცოტა ხანში უკან დავბრუნდი, ის უკვე ჩამოდიოდა და მითხრა, დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლიო. მეზობელს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მაშინ... მკვლელობის დროს ისინი მარტოები იყვნენ, ბავშვები სკოლაში იყვნენ წასულები. წასულიყო იქიდან და რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, რას აღიზიანებდა ამ კაცს?!.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.