გავთხაროთ და ჩავწვეთ?! - კვირის პალიტრა

გავთხაროთ და ჩავწვეთ?!

უკრაინაში ისევ დაძაბულობაა... (დავწერე ეს ფრაზა და უცებ ვიფიქრე, რომ ძალიან ტრაფარეტულად გამოვიდა - დაძაბულობა კი არა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება და არა მხოლოდ ამ სახელმწიფოსი, არამედ, ჩვენც ამ "გაუგებრობაში" მოვყვებით, ვატყობ).

ჰო, მოკლედ ასე ვაპირებდი გაგრძელებას: ამის მიუხედავად, ყოველდღიური პრობლემები მაინც ყველას გვაქვს და სანამ უკრაინასა და საქართველოს რუსეთი გადაყლაპავს, მანამადე მაინც ვიძინებთ, ვიღვიძებთ, ვმუშაობთ, ავად ვხვდებით, მაღაზიაში დავდივართ, ვსწავლობთ... სამწუხაროდ, სიკვდილიც რუსების მოსვლამდე შეიძლება გვეწვიოს ზოგიერთს და ესეც ცხოვრების ნაწილია.

რა სიკვდილი და ავადმყოფობა აუტყდა ამ კაცსო, - იკითხავთ და გიპასუხებთ: დიახ, სწორედ ავადმყოფობასა და სიკვდილზე უნდა გელაპარაკოთ დღეს და ვისაც არ სიამოვნებს, გადაფურცლოს.

უფრო ზუსტად კი იმაზე, რომ საქართველოში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არც ავად გავხდეთ და არც დავიხოცოთ, რადგან ამით უამრავ პრობლემას ვუქმნით ჩვენს ახლობლებს...

მაშ ასე: გლობალური პრობლემები მომავალი ხუთშაბათისთვის გადავდეთ. დღეს კი... აი, ახლა თბილისის ერთ-ერთი სასაფლაოდან მოვდივარ (უფრო ზუსტად, ახლა გადაცემიდან გამოვედი, რადიო და ტელე პალიტრის "პროვოკატორიდან", იქ კი მართლა პირდაპირ სასაფლაოდან მივედი. თუ რატომ დავაზუსტე ეს, ამაზე ქვემოთ გეტყვით). ერთი კარგი ქალბატონი გარდაიცვალა, სოციალურად დაუცველთა სიაში იყო.

გავყევი მის შვილს სასაფლაოზე, ვნახეთ საგვარეულო საფლავი, სადაც ახალგარდაცვლილის მშობლები და მისი და არიან დაკრძალულები. მივედით დირექციაში - 300 (!) ლარი უნდა გადაიხადოთო. რისი ფულია? - "საფლავის გაჭრა, ჩასვენება, მიწის მიყრა" (ზუსტად ასე განმიმარტეს).

- ჩვენ გავთხრით და მიწასაც ჩვენ მივაყრით-მეთქი (არცთუ მწირი გამოცდილება მაქვს, სხვათა შორის), - "კეთილად" გაიღიმეს.

მოკლედ, 300 ლარი მაინც უნდა გადაიხადო და თუ "გსიამოვნებს", შეგიძლია საფლავიც გათხარო. - ცოტა ძვირი ხომ არ არის, არ აქვს ამ ოჯახს ამდენი მეთქი, - წავიბუზღუნე და ტელეფონი მოვიმარჯვე: საკრებულოში დავრეკავ, იქნებ სოციალურად დაუცველებისთვის რაიმე შეღავათებია-მეთქი (ვაღიარებ, ამ ამბავში ჟურნალისტობა მართლა კარგია) და - აუჰ, არ შეაწუხოთ ბატონო არავინ, თუ სოციალურად დაუცველია, მაშინ 70 ლარი ღირს, ოღონდ საბუთები უნდა დაამატოთო - იქ დაკრძალული ადამიანების (ბოლშევიკების დროს) გარდაცვალების მოწმობები გვინდა, თანაც ისიც უნდა დაამტკიცოთ საბუთებით, რომ ეს ქალბატონი ნამდვილად აქ განსვენებულების ოჯახის წევრია, - იუსტიციის სახლს მიმართეთო. ანუ: არქივიდან დაბადების მოწმობები, გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების მოწმობები (რაც დაადასტურებს, თუ რატომ არის გარდაცვლილი სხვა გვარზე) და ა.შ. და ეს უნდა მოასწროს ჭირისუფალმა, ამ ყველაფერს ფული უნდა და... მოკლედ, უნდა გათხარო საფლავი და ჩაწვე, რა!

ყველაზე ცუდი: ეს საბუთები მაშინ გახდა "საჭირო", როდესაც გაირკვა, რომ 300 კი არა, 70 ლარი უნდა გადაგვეხადა.

ხელისუფალნო, ორი შეკითხვა მაქვს: პირველი - რატომ გაძვირდა "საფლავის გათხრა-ჩასვენება-მიწის მიყრა" 2,5-ჯერ და მეორე - ასეთ სამსახურებში უფრო გულისხმიერი ხალხი რომ დანიშნოთ და ხელფასი მოუმატოთ? ჰა?

ახლა კი, ზემოთ რომ ვთქვი, - გადაცემაზე შევედი-მეთქი პირდაპირ: თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს გენერალური დირექტორი და ამვე დროს სამედიცინო დაზღვევის ექსპერტი მყავდა სტუმრად. კაცი სამსახურში ვერ დადის! რცხვენია თანამშრომლების და იმიტომ! ხელფასს ვერ იხდის, რადგან ყველა სადაზღვევო კომპანიას მისი კლინიკის ვალი აქვს!

დამთავრდა ჩვენი უფასო მკურნალობა თანამემამულენო, - ძალიან ცოტა დარჩა ისეთი საავადმყოფო, რომელიც რომელიმე სადაზღვევოს ენდობა და იმის იმედით, რომ ის ფულს გადაუხდის, გულიანად მოგხედავთ.

P.S. ყველაზე "სასაცილო" კი ის არის, რომ ამის გამოსასწორებლად ისევ ძველ მეთოდს მიმართავენ (რისთვისაც ნაცებს ლანძღავდნენ): სადაზღვევო კომპანიები კლინიკებს ყიდულობენ (მაგალითად, "ალდაგმა" ახლახან 4 პედიატრიული კლინიკა იყიდა). ეს კი ნიშნავს, რომ სადაზღვევოს კუთვნილი კლინიკა, მართლა თუ არ კვდები, მხოლოდ იაფ, ამბულატორიულ მკურნალობას დაგინიშნავს - ეს ფული ხომ თავისი გადასახდელია და ბევრის გადახდას, ცოტას გადახდა რომ სჯობს, ხვდება.

ასე რომ, ალბათ, მალე საავადმყოფოდან ყველაზე მოკლე გზა იქით იქნება, რაც ზევით დავწერე. სამწუხაროდ.

ბატონებო! ხელისუფლებავ, სადაზღვევოებო და სხვა "საქმიანო ძიებო"! კარგი რამ მოვიფიქრე: კი გსაყვედურობთ, ცუდად და ცოტას მუშაობთ-მეთქი, მაგრამ მაინც, სულ რომ არ დაიღალოთ: ჩვენ თვითონ ხომ არ გავთხაროთ და ჩავწვეთ?!