"ნიკას უყვარს საქართველო და ამიტომაც გამოვრიცხავ, ამ წერილისთვის ხელი მოეწერა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ნიკას უყვარს საქართველო და ამიტომაც გამოვრიცხავ, ამ წერილისთვის ხელი მოეწერა" (ექსკლუზივი)

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში, სადაც რუსეთში მოღვაწე ხელოვანები პუტინს ყირიმში განვითარებული მოვლენებისას მხარდაჭერას უცხადებენ, ორი ქართველის, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის და ბალეტის მოცეკვავე ცისკარიძის გვარებიც ფიგურირებს. ზურაბ წერეთელი წერილს ეხმაურება და მასზე საკუთარ ხელმოწერას უარყოფს. ნიკოლოზ ცისკარიძეს, ბოლო ორი დღეა, მეგობრებიც ვერ უკავშირდებიან.

ცისკარიძის პოზიციის შესახებ მისი მეგობარი, კინორეჟისორი, საბალეტო კინოს რეჟისორი ნინო ლაპიაშვილი გვესაუბრა

- რომ დაერეკა ან მოეწერა 1-2 სიტყვა, რა იქნებოდა, ცოცხალია, მკვდარია, ისიც არ ვიცი. ნიკა ჩემი ახლო მეგობარია, ვიცი მისი პოზიცია და გეტყვით, მე რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე. ამ წერილის გავრცელებამდე კონტაქტი გვქონდა, 2-3 დღით ადრე და არაფერი არ უთქვამს. ვერ გამიგია, როგორ ამოყო ამ გაუგებრობაში თავი. სანამ თვითონ არ მეტყვის, მე მოვაწერე ხელიო, ვერ დავიჯერებ, რომ წაიკითხა ეს წერილი და ისე მოაწერა ხელი. კაცი, რომელიც შეეწირა მისი კარიერა დიდ თეატრში იმას, რომ იქაურ მთავრობას ებრძოდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ლამის თოფი ესროლა მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას ერთად ამ დიდი თეატრის ავანტიურის გამო, იმის გამო, რომ ეს იყო ფულის ფლანგვა, ვინც უჩივლა კიდეც მათ, აი, ეს ადამიანი იყო ნიკა ცისკარიძე. ამის გამო უმკაცრესად დაისაჯა, გააგდეს თეატრიდან, შეეწირა მისი კარიერა ამ ისტორიას, მაგრამ მაინც არ დანებდა. როგორ დავიჯერო? თქვენ რომ იყოთ ჩემ ადგილზე, ირწმუნებდით ამას? წაიკითხა, გაეცნო და მოაწერა ხელი. ეთქვა, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, მე ვარ თქვენი მოტრფიალე, მიყვარხართ, პატივს გცემთ. ვერ დავიჯერებ ამას.

- კომენტარებში წერენ, რომ ამ წერილზე ხელის მოწერით ცისკარიძე და წერეთელი პუტინს აფხაზეთის და ოსეთის წართმევაშიც ეთანხმებიანო.

- ეს გამორიცხულია. ნიკა რუსულად ილაპარაკებს თუ აქცენტით ილაპარაკებს ქართულად. კაცი ქართველია. ის არის ქართველი, რომელიც ძალიან უჭირს, მაგრამ მაინც ამ ქართველობას ამაყად ატარებს რუსეთში. ყველა კონცერტზე, საღამოზე და შეკრებებზე, არ მალავს, რომ ქართველია, ყვება თავის ქართულ ისტორიებს და ყოველთვის აცხადებენ: ნიკალაი ცისკარიძე, გოროდ თბილისი. ქართულად მღერის, ქართულად ლაპარაკობს, ქართველებთან მეგობრობს. უყვარს საქართველო და ამიტომაც გამოვრიცხავ, ამ წერილისთვის ხელი მოეწერა. რუსეთში რომ უნდოდეს, გვარს ივანოვად გადაიკეთებდა. ცისკარიძის გვარით არის კაცი. დედა ჩამოასვენა, აქ დამარხა. ამ ქვეყნის ავი და კარგი როგორ არ აინტერესებს. ნერვიულობს, ღელავს და უყვარს. ისეთი ბედნიერი იყო ეს ბოლო პერიოდი, რაკი საქართველოში ჩამოვიდა.

- შესაძლოა წერილზე ხელმოწერა აიძულეს და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეეს, რომ ეს გააკეთა?

- არ გამოვრიცხავ. შეიძლება ისეთი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა... მაგრამ ამას მომიყვებოდა. მეტყოდა, ან მკლავდნენ, ან კედელთან მიმაყენეს, ან დამემუქრნენ. მაგრამ გულახდილად გითხრათ, არ მჯერა, რომ მან, როგორც დიდმა პატრიოტმა პუტინისა და კრემლისა, თვითონ მოიკლა თავი, არიქა, ხელი მომაწერინეთო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ალბათ დაურეკავდნენ და ეტყოდნენ, ადგენენ წერილს მშვიდობისათვის, ზა მირ, ზა დრუჟბუ. ეტყოდა, რომ თანახმაა, მაგრამ ხელს ფიზიკურად არ მოაწერდა, დარწმუნებული ვარ. მის მიმართ შეიძლება არსებობდეს შავი პიარი, ინტრიგები, იმიტომ რომ პოპულარული კაცია. მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს, ამასაც მაფრთხილებს ხოლმე, არასოდეს მიაქციო ყურადღებაო, ჩემ თავთან ხომ მართალი ვარ და ღმერთთან მართალი ვარო. და მორწმუნე კაცი. უზომოდ მორწმუნე კაცი.

- ზურაბ წერეთელის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს ტყუილია და მისი ხელმოწერა არ არის.

- მჯერა, რომ ნიკასთანაც რაღაც ეგეთი მოხდებოდა. იმიტომ რომ ნიკა ჩინოვნიკი ტიპი არ არის, რომელიც მივიდოდა, გამოცხადდებოდა, წაიკითხავდა, მოაწერდა ხელს, მერე ამას გაარჩევდა. შეიძლება ვიღაცამ უთხრა, რომ ხელს ვაწერთ, არ ვიცი, შეიძლება ბაშმეტმა, ზა მირ, ზა დრუჟბუ, არ ვიცი...

- შეიძლება დაურეკეს და უთხრეს, ჩვენ ამას შენი თანხმობის გარეშე ვაწერთ ხელს და უნდა იყო თანახმა.

- ამას არ გამოვრიცხავ. არ კეთდება ასე? ჩვენ ახლა კარგ საქმეს ვაკეთებთ, მშვიდობისათვის, რომ ომი არ მოხდეს ყირიმში, ვაწერთ ხელს. შეიძლება დაურეკა, ვთქვათ, ბაშმეტმა და უთხრა, წერილს ვამზადებთ, რომ არ იყოს ომი და უთხრა, კი მოაწერე ჩემ მაგივრად. მე წარმომიდგენია, ახლა ის რა მდგომარეობაშია, რატომ არ პასუხობს ზარებს. ალბათ ყველა მხრიდან არის შეტევები მასზე. თვითონ არის ალბათ საშინელ შოკში და მერე ნამდვილად უპასუხებს კითხვებს.

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)