"თუ ვინმეს ეტყვი, ძროხასავით გამოგჭრი ყელსო" -ნასამართლევმა მწყემსმა სულიერად დაავადებული მამაკაცი გააუპატიურა
”ამას კი უყვირია, წინააღმდეგობაც გაუწევია, მაგრამ ის პირუტყვი 10 წელი იჯდა ციხეში. ციხეში სულ ასეთი ამბები ხდება და ეტყობა, მაგ საქმეს მიჩვეული იყო. დალურჯებულია ის საწყალი, ავადმყოფი კაცი. ბოლოს ცემა თურმე, წიხლები ურტყა და იქვე მიაგდო.”
კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელია. აქ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელიც თავს მემწვანილეობითა და მეცხოველეობით ირჩნს. სოფელში სიმშვიდე მეფობდა, თუმცა მხოლოდ ბოლო დღეებამდე - ფაქტმა, რომელიც ამ დღეებში მოხდა, აქაურების სიმშვიდე დაარღვია: სოფლის ერთ-ერთ ფერმაში 41 წლის მწყემსმა მეორე, 36 წლის ფსიქიკურად დაავადებული მწყემსი ჯერ გააუპატიურა, მერე კი სასტიკად სცემა და დაემუქრა, - რაც მოხდა, თუ ვინმეს ეტყვი, შენც ძროხასავით გამოგჭრი ყელს და მასაცო. ამ ამაზრზენ ფაქტზე აქაურებიდან ლაპარაკს ყველა გაურბის, - ქალები თვალსაც კი გარიდებენ, როცა ამაზე ლაპარაკს უწყებ. თუმცაღა დიდი თხოვნის შემდეგ გვითხრეს, თუ დამნაშავის სახელს არ გაახმაურებთ, ყველაფერს მოგიყვებით, მის შვილებს მამის გამო შერცხვებათო. თუმცა, ამის მიუხედავად, თვლიან რომ მოძალადის ოჯახს მათ სოფელში მომავალი არ აქვს. ამ ოჯახის ყველა წევრი შინ არის გამოკეტილი და საუბარზე კატეგორიულ უარს აცხადებს...
ლ. მ; კაბალის მკვიდრი:
- იმ კაცმა შეგვარცხვინა. ასეთი ამბავი ჩვენს სოფელში ჯერ არ მომხდარა. კაცმა სულიერად ავადმყოფი კაცი გააუპატიურა. თავი უნდა მოაჭრა მაგას. სხვა არაფერი არ უნდა!
- რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი?
- ჩვენ, აზერბაიჯანელები ფერმებში ვმუშაობთ.იქ ძროხები და ცხვრები გვყავს; ყველს ვყიდით, ხორცს ვყიდით და ასე ვცხოვრობთ. ზოგი ოჯახებით ცხოვრობს ფერმებში, ბავშვებიც იქ ცხოვრობენ. ცუდად ცხოვრობენ, არც წყალია, არც სინათლე, მაგრამ რა ვქნათ, ჭამა ხომ გვინდა. ზოგი კიდევ, ვინც მდიდარია, მწყემსებს ქირაობს და ამუშავებს. ეს მწყემსები სულ ფერმებში რჩებიან, ზამთარ-ზაფხულ. ეს უნამუსო კაციც დაქირავებული ჰყავდა ფერმის პატრონს. ის საცოდავი, მეორეც, ვისაც ეს უბედურება მოუწყო, მწყემსი იყო, თავისი ოჯახის ცხვრები ჰყავდა საძოვარზე და რახან სხვა ბინა არ ჰქონდა, ისიც ამ ფერმაში ცხოვრობდა. ამ ორთან ერთად იქ მესამე მწყემსიც იყო, 20 წლის ბიჭი.
- ეს მესამე მწყემსი იმ დროს სად იყო, როცა ეს ძალადობა ხდებოდა.
- როცა ის გარეთ გავიდა, მაშინ დაესხა თავს ამ უბედურს. ამას კი უყვირია, წინააღმდეგობაც გაუწევია, მაგრამ ის პირუტყვი 10 წელი იჯდა ციხეში. ციხეში სულ ასეთი ამბები ხდება და ეტყობა, მაგ საქმეს მიჩვეული იყო. დალურჯებულია ის საწყალი, ავადმყოფი კაცი. ბოლოს ცემა თურმე, წიხლები ურტყა და იქვე მიაგდო.
- ეს ყველაფერი საიდან გახმაურდა, თავად მსხვერპლმა თქვა?
- იმ მწყემსმა თქვა, რომელიც მაგათთან ცხოვრობდა. უკან რომ შემობრუნდა, თავზე წაადგა ამათ...
- მერე, ვერაფერი იღონა?!
- რა უნდა ექნა. ასე ამბობს, მოიხედა, დამინახა და მუშტი მიჩვენა, - თუ ვინმეს ეტყვით, შენც ყელს გამოგჭრიო და ამასაცო. მერე ეს კაცი წიხლით გვერდზე მიუგდია და ძროხებთან წასულა. ბოლოს ალბათ მაინც ამ მოწმემ გაამხილა ეს ყველაფერი.
- თავად დაზარალებული რას ამბობს?
- ეგ ისეთი ავადმყოფია, რომ არ ლაპარაკობს. მთელი დღე შეიძლება მარტო სამი სიტყვა თქვას, მეტი არა. ალბათ ბოლომდე ვერც ხვდება, რა გაუკეთეს.
- აბა, პოლიციას როგორ უამბო ეს ამბავი?
- ხელებით აჩვენებდა ასე და ასე მიქნაო. ძალიან დაშავებულია, მთელ ტანზე დალურჯებები აქვს და სტკივა. ეგ მხეცი ჩვენს სოფელში ვეღარ იცხოვრებს.
- მისი ცოლ-შვილი?
- გარეთ არ გამოდიან. არც იმათთან შედის არავინ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)