"ვშიშობ, ყირიმი დაკარგულია"
"ობამა ვერაფრით მიხვდა, რას წარმოადგენს პუტინი"
ჯონ მაკკეინი: "სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა, როცა კონფლიქტი დაიწყო"
ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკული Fox News-ი ესაუბრა გავლენიან რესპუბლიკელ სენატორს, ჯონ მაკ-კეინს. ვიეტნამის ომის ვეტერანი მაკკეინი ყირიმის დაბრუნების რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს და პარალელებს საქართველოსთანაც ავლებს - აცხადებს, რომ 2008 წელს სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა და დაიწყო კონფლიქტი რუსეთთან.
- პრეზიდენტი ობამა რამდენად უმკლავდება ამ პოლიტიკურ კრიზისს?
- უპასუხისმგებლოდ ეკიდება, პუტინის მოქმედებებისა და მოტივაციის აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს. ობამას ვერ გაუგია, რომ ვლადიმირ პუტინი კა-გე-ბეს ყოფილი პოლკოვნიკი და აპარატის მუშაკია, რომელსაც რუსული იმპერიის აღორძინება სურს, თორემ არ იტყოდა, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება არ არსებობს, XIX საუკუნეში ხომ არ ვცხოვრობთო. არადა, სწორედ პუტინი აცხადებდა, - XX საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლააო. და მაინც, იდეა, რომ მასთან მეგობრობა შეიძლება, რატომღაც არსებობას აგრძელებს.
- რა ნიშანს დაუწერდით ობამას: ოთხიანს, სამიანს თუ ორიანს?
- ვფიქრობ, ერთიანსა და ორიანს შორის. პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობაში ობამამ გამოავლინა სრული უუნარობა რეალური სურათის აღქმისა და ვერაფრით მიხვდა, რას წარმოადგენს პუტინი. სხვათა შორის, პუტინის მოქმედებასა და ჩანაფიქრს ჯეროვნად ვერც ჯორჯ ბუში სწვდებოდა.
- ეს, ვფიქრობ, 2008 წელს საქართველოს პრობლემების დროსაც გამოვლინდა.... როგორც ჩანს, პუტინისთვის ან ყველაფერი სულერთია, ან არავის უსმენს, ან ორივე ერთად. თქვენ რას იტყვით?
- პუტინი ფიქრობს, რომ პასუხს არ აგებინებენ. იგი დარწმუნებულია, და ახლა მისი ეს რწმენა მტკიცებულებებითაც გამაგრდა, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოეპრიანება. მე ეს დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე. მეტიც, პირდაპირ ვთქვი, რომ აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ყირიმს, რადგან პუტინი უარს არ იტყვის სევასტოპოლზე, სადაც რუსული ფლოტის უმნიშვნელოვანესი ბაზაა, საიდანაც რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი აქვს.
- როგორ ფიქრობთ, ყირიმი დაკარგულია?
- ვშიშობ, რომ კი..
- და რა იქნება შემდეგი?
- აუცილებელია, მათ ეს ყველაფერი ვაზღვევინოთ. ამასთანავე, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი აღმოსავლეთ უკრაინას, რადგან
ასეთი წარმატების შემდეგ პუტინმა შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინის დანაწევრება სცადოს.
ჩვენ უსათუოდ ხელახლა უნდა ავამუშაოთ პროექტები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაქმნელად ჩეხეთსა და პოლონეთში, ეს ის პროექტებია, რომლებიც ობამამ პუტინის მოსათაფლად შეაჩერა. ამას გარდა, საჭიროა ჩავატაროთ ერთიანი (სამხედრო) სწავლებები ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც კოლოსალურ ზეწოლას განიცდიან პუტინისაგან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიყვანოთ ნატოში საქართველო და მოლდავეთი - ორივე ეს ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს რუსეთს. ასევე, სანქციები უნდა დავაკისროთ პუტინის ახლო წრეების წევრ ოლიგარქებს. და რა თქმა უნდა, ამიერიდან მაინც უნდა აღვიქვათ პუტინი იმად, რაც არის სინამდვილეში.
- ფიქრობთ, რომ ასეთი ხერხებით პუტინის ყირიმიდან გაგდება მოხერხდება?
- არა.
- ესე იგი, ყირიმი ყველა შემთხვევაში დაკარგულია?
- სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. გულით მინდა გითხრათ, ვხედავ ამ კრიზისის გადაწყვეტის სამხედრო გზას-მეთქი, მაგრამ ეს ტყუილი იქნება. ახლა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პროვოკაციების შესაწყვეტად ზომები მივიღოთ. სულით და გულით თანავუგრძნობ ყირიმელებს. სხვათა შორის, ის, რაც პუტინმა გააკეთა, ძველი ხრიკია: იპყრობ ქვეყანას, ატარებ რეფერენდუმს - 90% იმის მომხრეა, რაც შენ გინდა.
- კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. მიგაჩნიათ, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის და მისი დაბრუნების შანსი არ არსებობს?
- არა, მე არ მიმაჩნია, რომ ყირიმი რუსეთისაა. მეტიც, მწამს, რომ უხეშად დაირღვა ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა 1994 წელს და რომლის ძალითაც ყირიმი უკრაინის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა.
ვიმედოვნებ, რომ ყირიმი უკრაინისთვის საბოლოოდ დაკარგული არ არის. ისევე როგორც იმედი მაქვს, რომ არ დაკარგულა არც საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიები. მაგრამ ამასთანავე უნდა ვიყოთ რეალისტები და შევეგუოთ, რომ ყირიმი, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში, დაკარგულია, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემდა, ყირიმი რუსეთისთვის გამოგვეგლიჯა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გვქონდეს რეაქცია - რადიკალურად უნდა გადავხედოთ პუტინთან ჩვენს ურთიერთობას.
- უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ გოჯი მიწის დათმობასაც არ აპირებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სისხლი დაიღვრება?
- ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააწყონ მათ სამხედრო თვალსაზრისით. საქართველოში სააკაშვილმა უკვე დაუშვა შეცდომა, როცა კონფლიქტი დაიწყო. ახლა იგი ერთობ მძიმე მდგომარეობაშია. მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.
Fox News, შეერთებული შტატები
მოამზადა ვაჟა თავბერიძემ