ცოტნე გამსახურდია: "მე მესმის თქვენი, ბატონო ბიძინა!.."
”მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა” -ასე ახასიათებს ყოფილ ფავორიტს საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, რომელიც პრეზიდენტი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. ”ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ” – განაცხადა "მოქალაქის" დამფუძნებელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა საკითხშში გაუცრუა იმედი მას ქვეყნის პირველმა პირმა, რომლის მიმართაც, სულ ცოტა ხნის წინ, ქათინაურებს არ იშურებდა...
ივანიშვილის შეფასებას ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა:
- არა მგონია, მარგველაშვილი ივანიშვილს უპრინციპო და უხერხემლო ჰგონებოდა და ახლა ხასიათის გამოვლინებას შეეშფოთებინა. უბრალოდ, პიროვნების იდეალიზებას ყოველთვის მსგავსი შედეგი მოჰყვება და სულაც არ არის გასაკვირი, რომ გაიდეალებულ მარგველაშვილში ბიძინამ ის თვისებები ვერ იპოვა, რასაც ელოდა...
-და რას ელოდა ივანიშვილი?..
-არ ვიცი, რას ელოდა ნომერ პირველი მოქალაქე გიორგი მარგველაშვილისგან. არადა, მახსოვს მისი სიტყვები - გიორგი აბსოლუტურად სხვა დონეა... სრულიად სხვა სიმაღლეა... სხვანაირი პრეზიდენტი იქნება... - ეს დითირამბები თავიდანვე გადაჭარბებულად მიმაჩნდა, რადგან მარგველაშვილს არც მანამდე და არც მერე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რომ ასეთი სიტყვებით შეემკოთ. რა ვიცი, მეც ამ საქართველოში ვცხოვრობდი აქამდე და არ გამომრჩებოდა. ახლა კი, სულაც არ მიკვირს, რომ ბიძინა მისით იმედგაცრუებულია. ასე რომ, მე მესმის თქვენი, ბატონო ბიძინა!..
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)