"ახლა ხომ ყველამ გაიგო, რომ ჩემი შვილი და ზურაბ ჟვანია მოკლეს"
"მსოფლიოში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო სააკაშვილი... როგორ არ რცხვენია, უკრაინაში რომ გამოდის და ლაპარაკობს. ეს ადამიანი მთელ ერს გვჭრის თავს და გვარცხვენს"
დღეს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ცხედარია, რომელსაც დაზიანების კვალი აღენიშნება. ამავე კადრებში ჩანს გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედარიც. ჩვენ დავუკავშირდით რაულ უსუპოვის მამას, იაშარა უსუპოვს და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:
იაშარა უსუპოვი:
- ჩვენ კადრების რაღაც ნაწილი ნანახი გვქონდა, თუმცა ამ კადრებშიც იყო გარკვეული სიახლე.
- როგორ ფიქრობთ, ეს კადრები გააქარწყლებს ეჭვებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი მოკლეს?
- ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა იმედია, ყველა მიხვდა, რომ ჩემი შვილი და ზურაბ ჟვანია მოკლეს. ახლა ხომ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იმ დღეს მოხდა მკვლელობა. რაული და ზურაბ ჟვანია მოკლეს ცალ-ცალკე და მერე დაასვენეს ერთად.
- ვიდეოს გავრცელდა სათაურით – სააკაშვილი ბატონი ჟვანიას მკვლელია. ეთანხმებით ამას?
- . არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პრეზიდენტი იყო თუ რიგითი მოქალაქე, არც იმას აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ საკუთარი ხელით მოკლა თუ არა ჟვანია ან ჩემი შვილი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მსოფლიოში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ამის გარდა უამრავი მკვლელობა აქვს ჩადენილი, შეიძლება პირადად არ კლავდა, მაგრამ მისი რეჟიმი უსწორდებოდა ხალხს. მაინტერესებს, როგორ არ რცხვენია, უკრაინაში რომ გამოდის და ლაპარაკობს. ეს ადამიანი მთელ ერს გვჭრის თავს და გვარცხვენს, მაგას ურჩვენია თავის დანაშაულები გაიხსენოს, რა აქვს ჩადენილი.
- როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლებამ ეს კადრები რატომ არ გაანადგურა?
- რატომ არ გაანადგურა ის ვიდეო, მერაბიშვილი რომ ორ გვამს ითხოვს? იმიტომ რომ ეგენი თვითონ ერთმანეთს უღებდნენ ვიდეოებს და ინახავდნენ, კომპრომატები ჰქონდათ და იმით აშინებდნენ ერთმანეთს, იმიტომაც ვერ ბედავდნენ, რომ ერთმანეთზე ოდნავი აუგი მაინც ეთქვათ.
ასევე იხილეთ: სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტომასალა გავრცელდა
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)