გიო მგელაძე: "საქართველოსთვის მარგველაშვილისნაირი პრეზიდენტი ფუფუნებაა" - კვირის პალიტრა

გიო მგელაძე: "საქართველოსთვის მარგველაშვილისნაირი პრეზიდენტი ფუფუნებაა"

"მე არ ვარ იმედგაცრუებული... გიორგი ისევ ისეთია პრეზიდენტობის შემდეგ, ვერანაირ ცვლილებას ვერ ვატყობ."

"ივანიშვილს მასზე იმხელა გავლენა არასოდეს ჰქონია, რომ რადიკალური ცვლილება მოეხდინა."

გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს გიო მგელაძეს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ახლო მეგობარია და ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ბატონი ბიძინა და გიორგი მეგობრები არიან, ასეთი რამ მეგობრებს შორისაც ხდება. ისინი თვითონ გაარკვევენ პირად ურთიერთობებს და ეს ჩემი განსახილველი თემა არ არის. სხვათაშორის, პირადად მე საერთოდ არ ვარ იმედგაცრუებული, რადგან ჩვენი მეგობრობა ისევ ისე გრძელდება, როგორც გიორგის პრეზიდენტობამდე იყო. ისევ ისეთია პრეზიდენტობის შემდეგ, ვერანაირ ცვლილებას ვერ ვატყობ.

- გიორგი მარგველაშვილზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა თუ იგრძნობა?

- ისინი არიან ძალიან ახლო მეგობრები და თუ ერთმანეთზე გარკვეული გავლენა ექნებათ, ეს ბუნებრივიცაა. ივანიშვილს მასზე იმხელა გავლენა არასოდეს, ჰქონია, რომ რადიკალური ცვლილება მოეხდინა. უბრალოდ, ამ ორმა ერთნაირად მოაზროვნე ადამიანმა ერთმანეთი იპოვა და დამეგობრდნენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ ანგარიშს უწევს გიორგი ბიძინა ივანიშვილის აზრს და ხშირად ითვალისწინებს. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც უფროსის აზრი არ ექვემდებარება გადასინჯვას და აპრიორი სიმართლეა. ეს ასე რომ იყოს, თვითონ ივანიშვილს არ მოეწონება. ის რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ვითომ გიორგი ელოდება ბიძინას მითითებას და ისე მოქმედებს, სრული სიცრუეა.

- ანუ ივანიშვილის განცხადება შეიძლება აღვიქვათ როგორც მეგობრებს შორის უბრალო კონფლიქტი?

- კი, ნამდვილად ასეა და ეს ისევ ამ მეგობრებს შორის უნდა მოგვარდეს. ივანიშვილის ამ განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რომ აჟიოტაჟი ამტყდარიყო.

- გიორგი მარგველაშვილმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ივანიშვილის ამ განცხადებით გულნატკენია...

- ბუნებრივია, იქნება. მტკივნეულად აღიქვამს, როგორც მეგობრისგან და როგორც თანაგუნდელისგან, მათ ერთი იდეა აერთიანებთ, ერთი ხედვა აქვთ, მათ შორის რადიკალური განსხვავებები წარმოუდგენელია.

- სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, გიორგი მარგველაშვილს, ჰქონდა ტელე-ბლოგი, სადაც მან ივანიშვილის ნახატების კოლექციაზე განაცხადა, რომ ზოგი ნახატი იმდენად არ მოსწონს, რომ აჩუქონ, მაშინაც კი უარს იტყვის...

- ამ თემაზე გიორგისთან ნამდვილად არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ გიორგი ბიძინას პიროვნებით აღფრთოვანებულია და ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს მის აზრს. რაც შეეხება ნახატებს, მე ვიცი, რომ მას აქვს არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელშიც შედის თანამედროვე მხატვრების შედევრები, რომელიც შეიძლება, ბევრს არ მოსწონს, მერე რა?

- ივანიშვილმა ასევე იმედგაცრუება ვერ დამალა იმ ფაქტით, რომ ახალი პრეზიდენტის სახე გახდა ვანო მაჭავარიანი, რომელსაც იგი არც თუ ისე კარგად ახასიათებს. თქვენ რას იტყოდით, რატომ უღირს მარგველაშვილს მაჭავარიანთან ურთიერთობა ივანიშვილის კრიტიკად?

- ვანო და გიორგი იყვნენ კლასელები და თავიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სამწუხაროდ, მე მეტი არაფერი ვიცი მათ ურთიერთობაზე, არც არასოდეს მიკითხავს გიორგისათვის.

- თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ განვლილ 5 თვეს?

- გიორგი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც დაამსხვრია მითი, რომ პრეზიდენტად კერპი უნდა გვყავდეს. მე თუ მკითხავთ, საქართველოსთვის გიორგისნაირი პრეზიდენტი ფუფუნებაა, მაგრამ საქართველო ამის ღირსია. ჩვენ გვყავს ფილოსოფოსი პრეზიდენტი, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულებაა: ადამიანი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)