"ეს არა ფოტოები, როგორც ყველა თვლის, არამედ ვიდეოდან ამოჭრილი კადრებია" - რა ეჭვები გაუჩინა "ჟვანიას კადრებმა" ექსპერტს (ექსკლუზივი)
19 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სახელწოდებით - "სააკაშვილი მკვლელი". ფოტომასალაზე ასახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრები. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, მურთაზ ზოდელავას სეიფში ინახებოდა. თუმცა უცნობია პირი, ვინც ეს კადრები გაასაჯაროვა. ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ვიდეო და აუდიოჩანაწერების ექსპერტს, ფონოსკოპისტ მარიკა ტოკლიკიშვილს, რომელიც ლევან ჩაჩუას არ ეთანხმება.
- მასალა, რომელიც 19 მარტს გვიან ღამით გავრცელდა, სავარაუდოდ, ნახევარსაათიანი ან უფრო ხანგრძლივი დროის ვიდეოდან ამოღებული კადრებია. ვიდეოდან ამოჭრილია მხოლოდ მნიშნელოვანი კადრები. მოკლედ, ფოტოების ფალსიფიკაციაზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება იმას, ეს მონტაჟის შედეგად მიღებული კადრებია თუ არა, საბოლოო პასუხი ამ კითხვას ჰაბისტოკოსებმა უნდა გასცენ. საქართველოში სულ ერთი–ორი ჰაბისტოკოსი გვყავს. დავუბრუნდეთ კადრებს – ვიდეო, სავარაუდოდ, გადაღებულია ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების აღმოჩენიდან მოკლე ხანში, შემთხვევის ადგილზე.
ეს კადრები ბევრ ეჭვს ბადებს. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, უსუფოვი სამზარეულოსკენ მიდიოდა და იმ დროს დაიღუპა. მაშინ რატომ აქვს მას შარვალი თეთრი, ზურგზე არის დაწოლილი და რატომ აქვს წინა მხარეს შარვალი დასვრილი? გავრცელებული მასალის მიხედვით, ჟვანია იატაკზეა დასვენებული. არადა, აქამდე ვიცოდით, რომ მისი ცხედარი დივანზე იპოვეს. ახლო კადრით არის გადაღებული ჟვანიას ტუჩი ჯერ გარედან, მერე შიგნიდან, ასევე ნაჩხვლეტი უსუფოვის სხეულზე და პერანგზე - ეტყობა, თავის დროზეც ამ დეტალებმა გარკვეული ეჭვები აღძრა. ამ დაზიანებების ხასიათზე უფრო ზუსტი პასუხის გაცემა სამედიცინო ექსპერტებს შეუძლიათ.
თამარ ბოჭორიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)