17 წლის გოგონა მეზობელმა გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დაწვა - შემზარავი მკვლელობის დეტალები (+18)
"ნახეს წერილი, სადაც ეწერა, რომ მანანა გათხოვდა და ცოლად მეგობარ ბიჭს გაჰყვა" - წერილი მკვლელმა დაწერა
"სააბაზანოში შეათრია და ჯერ გააუპატიურა, შემდეგ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და რომ ვერ გათიშა, დანით ყელი გამოჭრა. ცხედარი პატარა ურემზე დადო, საკუთარი სახლის უკან მცირე ზომის ორმო ამოთხარა, გვამი ჯერ დაწვა, შემდეგ კი დამარხა."
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლეობა 17 წლის მანანა ნადიბაიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ი. წ.-ს ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს. სოფლელებმა მარნეულის პოლიციის წინ აქცია გამართეს, ხალხი პოლიციის მიერ დაკავებული წიკლაურის სოფლისათვის გადაცემას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ მან სიცოცხლით უნდა ზღოს ჩადენილი დანაშაულის გამო.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ წუხელ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულმა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჩადენილი დანაშაული აღიარა.
მეზობლების თქმით, გოგონა მეზობელმა სააბაზანოში შეათრია და ჯერ გააუპატიურა, შემდეგ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და რომ ვერ გათიშა, დანით ყელი გამოჭრა. ცხედარი პატარა ურემზე დადო, საკუთარი სახლის უკან მცირე ზომის ორმო ამოთხარა, გვამი ჯერ დაწვა, შემდეგ კი დამარხა.
მანანა ნადიბაიძის მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელი ნადიბაიძეების სახლის წინ ცხოვრობდა, ცოლ-შვილს მიტოვებული ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა და მათთან გამოიზამთრა, მეზობლები აჭმევდნენ და ასმევდნენ, ის პრაქტიკულად ოჯახის წევრივით იყო და ენდობოდნენ.
როგორც მეზობლებმა გვიამბეს, გუშინ მანანას მშობლები მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად წავიდნენ, გოგონა სახლში დატოვეს, მას სარეცხი უნდა გაეფინა, საჭმელი გაეკეთებინა და შემდეგ მასწავლებელთან წასულიყო სამეცადინოდ. სახლში დაბრუნებულ მშობლებს გოგონა რომ არ დახვდათ, ძებნა დაიწყეს, ნახეს წერილი, სადაც ეწერა, რომ ის გათხოვდა და ცოლად მეგობარ ბიჭს გაჰყვა. წერილი მასწავლებელს აჩვენეს და პედაგოგმა თქვა, რომ ხელწერა მანანასი არ იყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ წერილი მკვლელმა დაწერა.
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მანანას მშობლებმა პოლიციას მიაკითხეს დახმარებისათვის. სახლის გვერდზე არსებულ აბაზანაში, სადაც სარეცხის მაქანა იდგა სამართალდამცავებმა დათვალიერების შემდეგ სისხლის კვალი აღმოაჩინეს. კინოლოგების გამოძახების შემდეგ კი მოკლული გოგონას ცხედარს მკვლელის სახლის უკან მიაგნეს.
ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გუშინ საღამოს, ი.წ.-ს სახეზე სისხლის კვალი და ნაკაწრები შეამჩნია, კითხვაზე რა დაემართა, მან უპასუხა, რომ ხე დაეცა და სახე დაეკაწრა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).
მარიკა ვარდოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)