"რაღა დროს იმის თქმაა, რომ მეგრელის სამშობლო სამეგრელოა და - არა საქართველო?!"
"გაერთიანებულები ვართ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ ნაკუწებად ვიქცევით"
"პირველად მესმის, თითქოს ქართველი მეგრელს ჩაგრავს, ეს სასაცილოა".
"კვირის პალიტრის" საიტზე რამდენიმე დღის წინ განათლების ცენტრ "კოლხიდას" წარმომადგენელ იური ღვინჯილიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც რესპონდენტი ქართველების მიერ მეგრელების ჩაგვრაზე, მეგრული ენის გამოუყენებლობაზე და სამეგრელოს საქართველოსგან გამოყოფაზე საუბრობდა. იმავე თემებზე "კვირის პალიტრასთან" მსახიობმა, გურამ ფირცხალავამ ისაუბრა.
- "საქართველო ჩემი სამშობლო არაა. ჩემი სამშობლო არის სამეგრელო". - ღვინჯილიას ამ ფრაზაზე თქვენ რას ფიქრობთ?
- გავიცინებ, რა. რაღა დროს იმის თქმაა, რომ სამეგრელოა სამშობლო და არა საქართველო. პირიქით, გაერთიანებულები ვართ და ამას უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ ნაკუწებად ვიქცევით. ეს კაცი აშკარად რუსეთის"შემოგდებული" აგენტია, თორემ ასეთი აზრი არ უნდა დაებადოს. ქობალიას რაზმიდან ვიღაცები რომ ამბობენ, გაუმარჯოს სამეგრელოს და არა საქართველოსო, ეს სისულელეა. ღვინჯილია სულ ტყუილად ცდილობს, რომ რაღაც ამბები ააგოროს. მსგავსი მცდელობები ადრეც იყო, მაგრამ ხალხმა გასცა სათანადო პასუხი. ამასაც გასცემენ.
- ბევრს მიაჩნია, რომ ღვინჯილია ვიღაცის დაკვეთას ასრულებს და ეს მისი ინიციატივით სულაც არ ხდება. თქვენი ლაპარაკიდან ჩანს, რომ ამ აზრს ეთანხმებით...
- კი, მეც ხომ ვთქვი, რომ ეს ალბათ, ჩვენი უფროსი ძმის "შემოგდებული" ამბავია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ მოხდეს და ვიღაცეებს ტვინი გადაუბრუნონ.
- ღვინჯილია თვლის, რომ "არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები". არსებობს თუ არა ამის თქმის საფუძველი?
- მთლად გაუფრენია იმ საწყალს. როგორ შეიძლება, ქართველებმა დაჩაგრონ მეგრელები? ასეთი რამ პირველად მესმის. რას ამბობს, რაში გამოიხატებაო, რაში?! სასაცილოა ეს!
- საერთოდ, არსებობს თუ არა ქართულისგან განცალკევებით მეგრული კულტურა?
- ყველა კუთხეს თავისი კულტურა აქვს, განსხვავებული ტრადიციები. სწორედ ამაშია ჩვენი სილამაზე. პრინციპში, მეგრულ ენაში ისეთი მდიდარი სიტყვებია, აუცილებლად უნდა შემოვიდეს ქართულ ლიტერატურაში. ხშირად ერთი მეგრული სიტყვა მრავალ მნიშვნელობას ატარებს. აი, ასეთი სიტყვები უნდა ამოკრიფონ მეგრული ენიდან და ეს ძალიან კარგი იქნება.
- რამდენად სახიფათოა, თქვენი აზრით, ისეთი შეხედულებები, რაც იური ღვინჯილიას აქვს და მსგავსი პიროვნებები სეპარატიზმის გაღვივების თვალსაზრისით?
- გეტყვით, რომ ამაზე ლაპარაკი ღიმილს იწვევს. რა აწუხებს ამ კაცს, ჰკითხეთ, კაცო, რით არის დაჩაგრული, და როგორ არ გადადის მეგრული ენა მშობლებიდან შვილებზე? აბა, მე საიდან ვიცი მეგრული? და საზღვრები უნდა მოისპოს საერთოდ, ჩვენ ერთიანები ვართ და ერთად უნდა ვიყოთ!
ასევე იხილეთ: "ერთადერთი გამოსავალი სამეგრელოს დამოუკიდებლობაა" - რატომ აღვივებს სეპარატიზმს იური ღვინჯილია
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)