ირაკლი ღარიბაშვილი: "თუ სააკაშვილს გონიერება შენარჩუნებული აქვს, უნდა ჩამოვიდეს" (ექსკლუზივი)
"კვირის პალიტრა" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა. გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომლის სრული ვერსიაც გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის, 24 მარტის ნომერში გამოქვეყნდება:
- ვერსიების თანახმად, იმ ღამეს პრემიერ-მინისტრს თავში რაღაც ჩაარტყეს (თითქოს საფერფლე)...
- უამრავი ვერსია ვრცელდებოდა. ბრალდებები კონკრეტულად მაშინდელ პრეზიდენტზე იყო.
- და თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს ვერსია?
- მე მირჩევნია, დაველოდოთ გამოძიებას.
- გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, თქვენ როგორც მოქალაქეს, საზოგადოების წევრს როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მოსალოდნელი იყო მსგავის რამ ჩაედინა მიხეილ სააკაშვილს?
- წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მასალა (არსებობს ორიგინალი ვიდეომასალები), სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჟვანიას კეფის არეში მიყენებული აქვს დაზიანება.
- ორიგინალი ვიდეომასალა თუ გაქვთ ნანახი?
- არა, არ მოვისურვე ნახვა. თუმცა მივიღე დასტური, რომ გავრცელებული მასალა ავთენტურია. დავუბრუნდები თქვენს კითხვას - ყოველთვის იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას თავში ჩაარტყეს საფერფლე ან სხვა მძიმე ბლაგვი საგანი და მან გონება დაკარგა.…თუმცა, მოდი, დაველოდოთ გამოძიების შედეგს. იგეგმება ცხედრების ექსჰუმაცია,– მოლაპარაკება მიმდინარეობს ძალიან ცნობილ საექსპერტო ბიუროებთან. ვიცი, როგორია პროკურატურის სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პასუხი გაეცემა ბევრ კითხვას. ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა მისთვის უხერხულ კითხვას გასცეს პასუხი ან თუნდაც გაფანტოს ეს ეჭვები.
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ჩამოვა დაკითხვაზე?
- თუ გონიერება შენარჩუნებული აქვს, უნდა ჩამოვიდეს. ვალდებულია ჩამოვიდეს, რადგან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და პროკურატურას მასთან არაერთ მძიმე საქმეზე აქვს კითხვები. თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მისი ძებნა გამოცხადდება.
***
- ჟვანიას საქმეზე "ნაციონალებს" მოწმედ მოჰყავთ FBI-ს დასკვნა, რომელშიც მათი მტკიცებით, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამავე დროს, წლების მანძილზე იყო მითქმა-მოთქმა, რომ დასკვნის მედიაში გავრცელებული შინაარსი არასწორი და არასრულყოფილია და არსებობს დასკვნის სრული ვერსია, რომელიც გასაიდუმლოებულია. თქვენ თუ იცნობთ ამ დასკვნის სრულ ვერსიას და გახდება თუ არა ის საჯარო?
- "ნაციონალები" კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არც ერთ ქვეყანას და არც ერთ უწყებას არ სცემენ პატივს, მით უმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ უწყებას, როგორიცაა FBI. "ნაციონალები" სპეკულირებენ FBI-ს სახელით. ამ უწყების თანამშრომლები საქართველოში ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტი ჩაატარეს. მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ პროფესიონალებისგან მსმენია, რომ FBI-ს ექსპერიმენტი ზუსტ რეალობას ვერ ასახავდა. კერძოდ, ამ უწყების თანამშრომლებს რა მოცემულობაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა ეს დასკვნაც. მაგალითად, მე რომ თქვენ მოგცეთ გაყალბებული მასალები, რა თქმა უნდა, მცდარი გზით წახვალთ.
- თუმცა როგორც ვიცი, დასკვნაშიც არ არის ერთმნიშვნელოვნად ჩაწერილი, რომ ჟვანია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
- რა თქმა უნდა. ამ დასკვნით სპეკულირება ამორალური საქციელია და "ნაციონალები" უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ავტორიტეტული უწყების პრესტიჟს.
- შეიძლება ისე მოხდეს, რომ FBI-მ თავად მოსთხოვოს პასუხი "ნაციონალებს" მისი პრესტიჟის შელახვისთვის?
- რატომაც არ შეიძლება და ეს სამართლიანი იქნებოდა. სხვათა შორის, აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში, დაგვეხმარებიან ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში. ასეთი შეთავაზება არ იქნებოდა, ამერიკის მხარეს რომ ჰქონდეს პოზიცია – ჩვენ საქმე სრულად გამოვიძიეთ და კითხვები აღარ გვაქვსო. წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.