ყველამ თავის ჰალსტუხს მიხედოს - კვირის პალიტრა

ყველამ თავის ჰალსტუხს მიხედოს

მოკლედ, ასეა: არ ვართ ჩვენ ნორმალური ქვეყანა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! არგუმენტი გნებავთ? კი, ბატონო: ბიძინა ივანიშვილი, ახალშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ტელევიზიით გამოვიდა და მისთვის ჩვეული გულწრფელობით თქვა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩევნების შემდეგ ძალიან შეიცვალა, თურმე უსიტყვოდ აღარ ეთანხმება ყველაფერში და ეს მისთვის არის უსიამოვნო მოულოდნელობა!

არანორმალური ამ საქმეში არაფერი იქნებოდა, რომ არა ის რეაქცია, რომელიც საზოგადოებაში, პრესაში, ზოგადად - ქვეყანაში ამ ამბავს მოჰყვა: ვაიმეეე, მარგველაშვილის საქმე ცუდად არის! უიმეეე, ბიძინა მარგველაშვილს შემოსწყრა, მორჩა, გადააყენებს ალბათ!

ყველაზე მეტად უარესი და ბრიყვული კი ის არის, რომ ამ ყველაფერს რეალური საფუძველი აქვს: მეორე დღესვე პარლამენტმა დაიწყო კანონის განხილვა, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის უკითხავად მოქალაქეობის მინიჭების უფლებაც კი არ აქვს.

არადა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პრეზიდენტი ყველაზე უუფლებო, ფორმალური ფიგურაა, ეს ფუნქცია მაინც აქვს შენარჩუნებული...

დაიხუნძლა ეს დღეები ამბებით, "გაიძეძგა" ძირითადად, ცუდებით (აბა, ისე როგორ შეიძლება, საქართველოა): შესავალში ნახსენები ივანიშვილ-მარგველაშვილ-მთავრობის "დაუსწრებელი დაპირისპირება"; ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების "კარგად დავიწყებული ძველი ამბის" კვლავ გაახლება და ამასთან დაკავშირებული ბინძური ჭორ-მართალი (ჰმ, მაინც როგორ უყვარს ზოგიერთს ნეხვში ხელის ფათური, ხელის ფათური კი არა - ყურებამდე ჯდომა), ვიღაცების ხელების ფშვნეტა და ვიღაცების ისტერიკაში გადასული ბოდვა; მავანთა მიერ უკვე ვერ- თუ არდაფარული აგიტაცია-პროპაგანდა "ევრაზიული კავშირისა", ამასთან დაკავშირებული "რტყმევა და გინება" კინოს სახლთან; დასავლეთის მორიგი უნიათო და ქვეშაფსიური ვითომ პროტესტები რუსების უმსგავსო ქმედებებზე უკრაინაში, სამაგიეროდ, ჩვენთვის ჭკუის სწავლება, როგორ თუ სააკაშვილი პროკურატურამ დაიბარაო?..

ერთი სიტყვით, ძალიან "საინტერესო" დღეები იყო და ჩვენც ამ "საინტერესო" ამბებზე ორიოდე სიტყვა ვთქვათ.

ისე, რა ბედნიერი ქვეყანა ვიქნებოდით, გასული კვირის "საინტერესო" ამბებიდან მთავარი "რეალ"-"ბარსელონას" დაპირისპირებაში მესის ჰეთ-თრიკი რომ ყოფილიყო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, "დინამო"-"ტორპედოს" მშვიდობით ჩამთავრებულ მატჩზე რომ გვემსჯელა... ეეეჰ...

ჰო, დავუბრუნდეთ რეალობას: არ ვიცი, პროვოკატორული ეჭვიანობის ბრალია თუ მართლა ასეა; კი, ბატონო, შემისწორეთ, თუ მეშლება, მაგრამ ჟვანიას სიკვდილის გარემოებების საბოლოოდ გარკვევისა მე პირადად არ მჯერა. რატომ? იმიტომ, რომ არჩევნები კი მოახლოვდა, მაგრამ მერე ხომ კიდევ მოვა სხვა არჩევნები? ჰოდა, იმ საარჩევნოდ კიდევ ხომ დასჭირდებათ მავანთ საზოგადოების "აგდება"?! ამიტომ, დღეს გვაჩვენებენ სურათებს, სადაც იუსუფოვს შარვალი აქვს ჭუჭყიანი და ის და ჟვანია იატაკზე წვანან; შემდეგი არჩევნებისთვის გვაჩვენებენ, რომ სავარძელში სხედან (თუ ეს უკვე იყო?.. ამერია უკვე); "იმის გაისად" - სააკაშვილს რომ საფერფლე უჭირავს ხელში და წინ ჟვანია უდგას და ა.შ.

ამასობაში კი, ვინმე დიმიტროვი, "პირდაპირ და ნორმალურად ნათქვამს" რომ ვერ ვიგებთ, ასეთი მაგალითით გვიხსნის ევროკავშირის პოზიციას: "როდესაც მივდივარ ქუჩაში და ვინმე მეტყვის, რომ ჰალსტუხი მაქვს არასწორად შეკრული, ვნახავ, მართლა არასწორად თუ არის და შევეცდები, გამოვასწორო".

ეს სიბრძნე ამ დიმიტროვმა პროკურატურის მიერ სააკაშვილის მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით დააფრქვია.

მომისმინე, "ტავარიშ" დიმიტროვ: მეტიჩარა, არამკითხე მოამბე და ინტრიგანი თუ არ არის, ვისი რა საქმეა, ჰალსტუხი როგორ მიკეთია?

P.S. ადრეც ვიკითხე და ახლა ერთი კარგად უნდა მოვიძიო: არა ოფიციალური, საიტზე დადებული ინფორმაცია, არამედ ისეთი, "სამზარეულოში მოსმენილები" (არ არის ბულგარეთი შორს): მე როგორც ვიცი, ჩვენი საბჭოთა კავშირის სიკეთისა არ იყოს, დიმიტროვის ჯეელობაში არც ბულგარეთში ინიშნებოდა კაცი თანამდებობაზე კომუნისტ-ფუნქციონერი, "კაგებეშნიკი" ან ორივე ერთად თუ არ იყო და ეს კაცი კი, როგორც ვიცი, დისიდენტობისთვის ციხეში არ მჯდარა, პირიქით - ძალიანაც კარგად იყო.

საბჭოთადროინდელი ანდაზაც მახსოვს ("ორიგინალის ენაზე" გეტყვით): "კურიცა ნე პტიცა, ბოლგარია - ნე ზაგრანიცა"!

ჭკუის დამრიგებელი მაინც გამოგვიგზავნონ წესიერი...