"ფსიქოტიპის მიხედვით, სააკაშვილი მაღვიძარას ჰგავს, ირთვება და აღარ ჩერდება” - კვირის პალიტრა

"ფსიქოტიპის მიხედვით, სააკაშვილი მაღვიძარას ჰგავს, ირთვება და აღარ ჩერდება”

"ჯერ მოგვცენ ის "მაპი" და მერე დაიბარონ სააკაშვილი დაკითხვაზე,  სამართლიანობის აღდგენის კამპანიაც მერე დაიწყონ"

“ანტირუსულად განწყობილ ძალებს სააკაშვილის დაკარგვა ხელს არ აძლევთ. ეს იცის მან და ცდილობს გამოიყენოს”

“სააკაშვილს ახლა მოლდოვაშიც გამოუჩნდება საქმე”

საზოგადოების ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ინტერვიუ მის უკანასკნელ გაბრძოლებად აღიქვა, ნაწილმა კი -  პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობად.

ნოდარ სარჯველაძე (ფსიქოლოგი): - ეს არ იყო პოლიტიკურად განწირული ადამიანის გამოსვლა. მისი ფსიქოტოპის მიხედვით, სააკაშვილი მაღვიძარას ჰგავს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, ირთვება და თუ ვინმემ ან რაღაც ძალამ არ გააჩერა, მისი პასიურობა წარმოუდგენელია. ახლაც კი, როდესაც მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის ასეთი რთული მომენტია, სააკაშვილის აქტიურობა ბევრად ძლიერია, ვიდრე ხელისუფლება ერთად აღებული... უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ არ შეიძლება, ამბობდე, რუსეთის ქმედებები ჩვენთვის მიუღებელიაო და თან ღვინო და რაღაცები შეგქონდეს. ნახევრად პროტესტი არ არსებობს... სააკაშვილი პირდაპირ "აწვება" პუტინს და  ანტირუსულად განწყობილ ძალებს, მისი დაკარგვა ხელს არ აძლევთ. ეს იცის მან და ცდილობს გამოიყენოს.

- რამდენად გამოუვა ამ რეალობაში მას თვითრეაბილიტაცია, მით უფრო ისეთი განცხადებებით, როგორც არის მისი "უქონელი ნათესავები", ბებიამისთვის წილის წართმევა, მისი და ჟვანიას მეუღლის საუბარი თანხასთან დაკავშირებით...

- ნებისმიერი ინტერვიუთი, ძალიან ჭკვიანურადაც რომ იყოს დალაგებული, ახლა ის ოპონენტების გაღიაზიანებას მაინც გამოიწვევს, მაგრამ სააკაშვილს ეს სულაც არ ანაღვლებს. იგი თავისას გააგრძელებს და შეეცდება, ყველა რესურსი გამოიყენოს. მას აქვს საგარეო ურთიერთობები ისეთ ძალებთან, რომლებიც მას, როგორც თავის თავს უწოდებს – “მოქმედ თავისუფალ მოქალაქეს”  არ უკუაგდებენ. ამას ისიც ემატება, რომ უსაქმოდ არ არის, უკრაინაში აქტიურად მიდი-მოდის, ახლა მოლდოვაშიც გამოუჩნდება საქმე და უფუნქციოდ არ დარჩება. როცა ისეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, როგორიც საქართველოა, ასეთ გლობალურ პოლიტიკაში ერთვება, ეს ნიშნავს, რომ მას გარკვეული ძალები ანგარიშს უწევენ... მას აქვს ერთი თვისება - შეუძლია, ყველაფერს გამოწვევის თვალით უყუროს და არასდროს ფიქრობს იმაზე, თუ რა დააშავა და რა უნდა მოინანიოს...

- გირგვლიანის მკვლელობა იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება შეიარყია. წლების შემდეგ, იმ ხელისუფლების ლიდერისგან ასეთი განცხადების გაკეთება, - "გირგვლიანის მკვლელები ცხოველები იყვნენ", რბილად რომ ვთქვათ რამდენად გამართლებულია?

- გაუმართლებელია, მაგრამ მკვლელობა მას არ ჩაუდენია, მისი დანაშაული დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაა და ეს არ უნდა შერჩეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურამ იჩქარა, როდესაც იმ ათი საქმის ერთდროულად გამოძიების საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც "მაპზე" რეალურად მიდის ლაპარაკი, ასეთი რადიკალური ნაბიჯები გაუმართლებლად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ დასავლეთიდან გამუდმებით მოდის მესიჯები მთავრობის ხისტი პოლიტიკის შესახებ... უდაოა, რომ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად უნდა დაისაჯოს და ყველა საქმე უნდა გამოიძიონ, მაგრამ ჯერ მოგვცენ ის "მაპი" და მერე დაიბარონ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე და საერთოდ, სამართლიანობის აღდგენის კამპანია მერე დაიწყონ.

- ნიდერლანდებში ვიზიტისისას პრემიერ-მინისტრმა, ირკალი ღარიბაშვილმა  განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი და მისი პროკურატურაში დაბარება აქ არავის აინტერესებსო...

- არ არის ასე, ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება... სააკაშვილმაც ხოსე მანუელ ბაროზოზე თქვა: "პირდაპირ ასე მითხრა. როგორც კი მთავრობა დაგაპატიმრებთ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს პუტინის კონტროლირებადი მთავრობა არ არისო".

- სააკაშვილის სიტყვები საზოგადოების ნაწილმა დაუჯერებლად მიიჩნია...

-  შესაძლოა, მართლაც იტყუება. უთხრა თუ არა ეს სიტყვები მას ბაროზომ, მას უნდა ვკითხოთ. თუმცა, ცნობილია, რომ მათი შეხვედრა ნამდვილად შედგა... ვიმეორებ, დასავლეთიდან მოდის გამაფრთხილებელი მესიჯები.

ლალი პაპასკირი(სპეციალურად საიტისთვის)