იმ დღეს პირველად დამიძახეს მამა...
რეპორტაჟი ჩვილ ბავშვთა სახლიდან
ერთი საათით 9 ბავშვის მამა გავხდი, ყველა მათგანი ჩემში მშობელს ეძებდა...
ძნელია იმ ემოციების ფურცელზე გადმოტანა, რაც მათი ნახვის შემდეგ გეუფლება... ვეღარ ვუძლებ და ექიმს ოთახიდან გაყვანას ვთხოვ...
20 მარტი, ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლის მიმდებარე ტერიტორია. ვიცი, ამ დაწესებულებაში შესვლა ემოციურად მძიმე იქნება, შიგნით ხომ ყველაზე გულწრფელი, კეთილი და მშობლების სითბოს მოკლებული პატარა ადამიანები მელოდებიან. აქ ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი. ის პატარები, რომლებთანაც მაშინ მთელი დღე გავატარე, ალბათ, აღარ დამხვდებიან, არც ის სამი წლის თამუნა, წამოსვლისას რომ გამომეტირა... ფიქრებში გართული დერეფანში შევდივარ, სადაც რამდენიმე ქალბატონი მეგებება. დირექტორთან შეხვედრამდე, ჩვილების აღმზრდელს ვესაუბრები. ნინო ხანდოლიშვილი უკვე ერთი წელია ყოველდღე 8 პატარაზე ზრუნავს, მანამდე ხუთი წელი, სხვა ბავშვთა სახლში მუშაობდა.
- ჩემს ჯგუფში 0-დან ერთ წლამდე ასაკის რვა ჩვილია. ყოველი დღე ძალიან დამღლელია ემოციურად, თუმცა დილით რომ ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ პატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები არიან, უკვე მცნობენ და მელოდებიან. ჩემს ხმას რომ გაიგონებენ, ტირილს იწყებენ. უნდათ, რომ ხელში ავიყვანო და მოვეფერო.
- ჯგუფში ჯანმრთელი ბავშვები არიან?
- სამწუხაროდ, ყველა ჰიდროცეფალიითა და დაუნის სინდრომით არის დაავადებული. უმრავლესობას ვიზუალურად გამოხატული დეფექტი აქვს. მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
- მშობლები აკითხავენ?
- ძირითადად, სამ თვეში ერთხელ... მათი შეხვედრა მძიმე საყურებელია... მე უფრო ვეხუტები ბავშვებს, ვიდრე 3-4 თვეში ერთხელ მათი ბიოლოგიური მშობლები... ყოფილა შემთხვევა, როდესაც დედას ხელშიც არ აუყვანია ბავშვი... ზოგს ბებია აკითხავს. 4 ბავშვს არავინ აკითხავს, არადა, მშობლები მათაც ჰყავთ. ალბათ, არ უნდათ ისეთი შვილი, რომელიც ცხოვრების რიტმს დაურღვევს... ამ ბავშვებს განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და ენერგია სჭირდებათ, ბევრი მშობელი ამისთვის მზად არ არის...
იყო შემთხვევა, როდესაც ქალმა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო, რომ ბავშვი დეფექტით დაიბადებოდა. დედამთილთან შეთანხმებულა, რომ მშობიარობის შემდეგ იტყოდნენ, ბავშვი დაიღუპაო და სამშობიაროში დატოვებდნენ... ეს პატარა, ჩვილ ბავშვთა სახლში მოხვდა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, დედას სოციალური მუშაკი ურეკავს, თქვენი შვილი ცოცხალია, ბავშვთა სახლში იზრდებაო. გაგიკვირდებათ და მოაკითხა, დღემდე აქვს ურთიერთობა...
ერთ-ერთ ჩვილს, რომელიც ჰიდროცეფალიის დიაგნოზით დაიბადა, პაპამ გოგონას სახელი დაარქვა, არადა, ბიჭია. დაბადების მოწმობაში დღემდე საპირისპირო სქესის სახელი უწერია. რატომ, არავინ იცის...
საუბარში ახალგაზრდა ქალბატონი ჩაგვერთო. ეკა ჩაჩანიძეც აღმზრდელია. მისი ბენეფიციარები 3-დან 6 წლამდე ბავშვები არიან. ეკა საუბარს ერთი სევდიანი ამბის გახსენებით იწყებს...
- შარშან და-ძმა, 5 წლის გოგონა და 3 წლის ბიჭუნა მოიყვანა პატრულმა, ქუჩაში მათხოვრობდნენ. გოგონას ტორტის ნაჭერი უყიდია. გამყიდველს უკითხავს, ვისთან მიგაქვსო? ჩემს ძმას უნდა წავუღოო და მარკეტიდან გასულა. გამყიდველი უკან გაჰყოლია... გოგონა ერთ-ერთი ავტომობილის ქვეშ შემძვრალა. როდესაც გამყიდველს მანქანის ქვეშ შეუხედავს, 3 წლის მძინარე ბიჭუნა დახვედრია. გამოიძახეს პატრული და ჩვენთან მოიყვანეს... პატარები საოცრად ნიჭიერები, ხალასები და საყვარლები იყვნენ. გოგონა მიყვებოდა, ქუჩაში კარგი ბიძიები ქაღალდის ფულებს გვაძლევდნენ და დედიკოსთან მიგვქონდაო... ხუთი წლისა ისე ზრუნავდა ძმაზე, გვაოცებდა - საჭმელი იყო თუ კანფეტი, როცა ვაძლევდით, მაშინვე იმას კითხულობდა, ჩემს ძამიკოსაც თუ მიეცითო? სულ ლამაზკაბიან თოჯინებს ხატავდა. ერთი სადღესასწაულო თეთრი კაბა ჰქონდა, რომელსაც ხშირად ვაცმევდით. უამრავი ლექსი თუ სიმღერა იცოდა. ყველა ლექსისა და ზღაპრის შემდეგ, აუცილებლად ამატებდა ფრაზას, ჩემი დედიკო გაიგებსო. იმ პერიოდში, როდესაც პატარები ბავშვთა სახლში მოიყვანეს, მათი დედა ვერ ნახულობდა პატარებს. მოწადინებული ვიყავით, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგონას, რომელსაც დედიკო ძალიან უყვარდა, როგორმე ენახა... ორი თვის წინ დედამ ბავშვები დაიბრუნა, ცოტა ხანში კი მათ ბინაში ხანძარი გაჩენილა. ქალს ბიჭის გამოყვანა მოუსწრია, გოგონას ვეღარ უშველა... საოცრად განვიცდით იმ პატარა ანგელოზის ასე ტრაგიკულად დაღუპვას... მისი ნახატები და კაბა, რომელიც ძალიან უყვარდა, დღემდე კედელზე კიდია. ყველა ბავშვმა იცის, რომ ეს ფრიალა კაბა, ერთ პატარა გოგონას ეკუთვნოდა, რომელიც ზეცაში გაფრინდა... ამ ისტორიას, აღმზრდელი ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს...
- ძნელია სხვისი შვილების დედობა?
- უფრო ძნელია, ვიდრე საკუთარი შვილებისა. ამ ბავშვებისთვის სულ უფრო მეტი გინდა. გინდა ის დანაკლისი შეუვსო, რაც აკლიათ.
აღმზრდელებთან საუბრის შემდეგ, მორიგე პედიატრს ბავშვების სანახავად მივყავარ. პირველად ყველაზე მძიმე და გამოხატული დეფექტების მქონე ბავშვთა ოთახში შევდივართ. ძნელია იმ ემოციების ფურცელზე გადმოტანა, რაც მათი ნახვის შემდეგ გეუფლება... ვეღარ ვუძლებ და ექიმს ოთახიდან გაყვანას ვთხოვ... მეორე ოთახში ნაკლები დეფექტის მქონე პატარები არიან.
ნაზი გოგორიშვილი, პედიატრი: - აი, ეს პატარა საერთოდ უკონტაქტოა. ეს ბიჭუნა კი ძალიან აქტიური, მისი დიაგნოზი ცერებრალური დამბლა და ეპილეპსიაა. ამ ბავშვს მხედველობა საერთოდ არ აქვს, სივრცეში იყურება. ეს კი ხედავს და ყველაფერი ესმის, მაგრამ ვერ მეტყველებს... ჩვენი აღსაზრდელებიდან 5-6 ბავშვია ჯანმრთელი...
ამის შემდეგ დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს, მეორე კორპუსში, 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფში მივყავარ. ოთახში შესვლისთანავე 5 წლის ბიჭუნა აღმზრდელს ეხუტება. მერე მაკვირდება და ყვირის - მამა...! იმ დღეს, პირველად დამიძახეს მამა... ყველა მათგანი ჩემგან ჩახუტებასა და ხელში აყვანას ითხოვს. 5 წლის პატარა კისერზე ორივე ხელით მეხვევა და თავს მხარზე მადებს... შემდეგ მეორე ამყავს, მესამე... ვცდილობ, სითბო ყველას გავუნაწილო... მათთან თამაშში გართულს, ტელეფონის ზარი მაფხიზლებს - სამსახურიდან მირეკავენ. ვემშვიდობები პატარებს და ადმინისტრაციულ შენობაში გადავდივარ...
ვიზიტს დირექტორთან შეხვედრით ვამთავრებ. დავით პავლიაშვილისგან ვიგებ, რომ დაწესებულებაში, რომელიც 1963 წელს გაიხსნა, ამჟამად 54 ბენეფიციარია.
დავით პავლიაშვილი, ჩვილ ბავშვთა სახლის ფილიალის უფროსი:
- ბატონო დავით, 2011 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, თქვენს დაწესებულებაში 145 ბენეფიციარი ირიცხებოდა, ახლა - 54. კლებულობს ასეთი ბავშვების რაოდენობა?
- ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს დიდი ინსტიტუციებიდან ბავშვების საოჯახო გარემოში გადაყვანას, ეფექტური გამოდგა. იხურება ბავშვთა სახლები და იქმნება საოჯახო ტიპის სახლები, სადაც მათი გადანაწილება ხდება. ისინი მინდობითი აღზრდის პროგრამის ფარგლებში, დროებით ოჯახებში შვილდებიან. არიან ოჯახები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, ეს ბავშვები აღზარდონ ვიდრე მათი ბედი გაირკვევა, - ან გასაშვილებლის სტატუსი მიენიჭებათ, ან მშობლიურ კერას დაუბრუნდებიან. ოჯახურ გარემოში ძირითადად, ჯანმრთელი ბავშვები ხვდებიან, ჩვენთან კი ისინი რჩებიან, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ ბავშვს გამოჯანმრთელების პერსპექტივა ნაკლებად აქვს და პერიოდულად საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას... 11 ბავშვი ახლაც სტაციონარში მკურნალობს. ჩვენს დაწესებულებაში 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობაა. კვებით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით ყველა პატარა უზრუნველყოფილია. ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება...
- ამ ბავშვთა სახლში, პატარები ექვს წლამდე არიან, შემდეგ სად ხვდებიან?
- შემდეგ ვანაწილებთ კოჯრისა და სენაკის ბავშვთა სახლებში... ძალიან რთული კონტინგენტია. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, დიდხანს ვერ ცოცხლობს.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რამდენი ბავშვი გარდაიცვალა?
- გარდაცვალების შემთხვევები ძირითადად, სტაციონარშია. სხვადასხვა გართულების გამო გადაგვყავს და სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მიზეზების გამო იღუპებიან.
...იმ დღეს, ერთი საათით 9 ბავშვის მამა გავხდი, ყველა მათგანი ჩემში მშობელს ეძებდა.
თორნიკე ყაჯრიშვილი