"ვფიქრობ, წიკლაური სადღაც სუფრასთან იყო, იქ მყოფებთან მოუვიდა კონფლიქტი და სცემეს" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, წიკლაური სადღაც სუფრასთან იყო, იქ მყოფებთან მოუვიდა კონფლიქტი და სცემეს"

"არ მგონია, რომ ხელისუფლებას დაექირავებინა ხალხი ღამის სამ საათზე წიკლაურის საცემად"

გუშინ, საპარლამენტო უმცირესობის წევრ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს საკუთარ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და სასტიკად სცემეს. ამ თემაზე კომენტარი "ქართული ოცნების" დეპუტატს ვალერი გელაშვილს ვთხოვეთ, რომელიც თავის დროზე ანალოგიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა:

- ცემის ფაქტს ცალსახად უარყოფითად შევაფასებდი. ვისაც არ უნდა სცემონ, მე ამის მოწინააღმდეგე ვარ. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, მე ვფიქრობ, ის, რომ ღამის სამ საათზე წიკლაურს დახვდნენ და ცემეს, ცოტა საეჭვოა, ჩემი აზრით, ის სადღაც იყო სუფრაზე, იქ მოუვიდა ვიღაცასთან კამათი, შემდეგ ისინი დახვდნენ და სცემეს, ხოლო მან ეს ფაქტი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. თუ მას მართლა სამი მანქანით დახვდა ამდენი ხალხი, როგორ ვერ შეასრულეს ის, რაც ვითომდა მათ დაუკვეთეს? ეს ხომ წარმოუდგენელია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გამწარებული ხალხის მხრიდან ანგარიშსწორებას ქონდა ადგილი, რადან ნამდვილად არ მგონია, რომ ხელისუფლებას დაექირავებინა ხალხი ღამის სამ საათზე წიკლაურის საცემად, რადგან ეს ბუნებრივად აღძრავდა ეჭვს, ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდა წყალს. დარწმუნებული ვარ, წიკლაურის ცემის ფაქტს გამოიძიებენ, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოძიებამ "ნაციონალებისთვის" "არასასურველი" ფაქტი დაადასტურა, აუცილებლად პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ალაპარაკდებიან და ყველაფერს ხელისფლებას გადააბრალებენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, როდესაც თქვენ ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგიმეტეს, მაშინ თუ შეშფოთდა ვინმე "ნაციონალური მოძრაობიდან?

- არა "ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ დაინტერესებულა ჩემი ბედით. მეტიც, ერთხელ ლიტვაში დელეგაციის შემადგენლობაში ერთად ვიყავით მე და გიორგი ვაშაძე და როცა იქ მასპინძლებს ამ თემაზე დავუწყე ლაპარაკი, ვაშაძემ განაცხადა: პრეზიდენტს მიაყენა შეურაცხყოფა და აბა, რას ელოდაო?!

- ანუ თქვენი ცემის ფაქტი გაამართლა?

- გარდა იმისა, რომ გაამართლა, აღიარა კიდეც, რომ ეს მათი დაკვეთა იყო. საინტერესოა, საკუთარი სახლიდან რომ გამომასახლა პრეზიდენტმა ის შეურაცხყოფა არ იყო?! ამაზე მეტი რა შეურაცხყოფა მივაყენე სააკაშვილს, რომ სასიკვდილოდ გამიმეტა?!

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ?

- ეს მათგან არცაა გასაკვირი, აბა სხვას რას იტყვიან?! რაც "ნაციონალებმა" საქართველოს გაუკეთეს, ოჯახი არ დატოვეს, ვინც არ ააწიოკეს და არ შეავიწროვეს და ამის მერე რატომ უკვირთ, თუ ხალხს მათ მიმართ აგრესია აქვთ? საერთოდაც ჩვენი ბრალია, რომ დღეს "ნაციონალები" ხმას იღებენ, თავიდანვე უნდა მოგვეთხოვა პასუხი ყველაფერზე და დაგვეჭირა კიდეც. ეს არის პროკურატურის უმოქმედობის ბრალი. როცა წელიწადნახევრის მერე იწყებ დაჭერებს, ბუნებრივია, ცუდად გამოიყურება, რადგან ეგენი პირველივე დღეს იყვნენ დასაჭერები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)