Fox News: ”პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას”
”ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას.” - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ როჯერსმა Fox News-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან განთავსებული ათობით ათასი რუსი სამხედროს გარდა, რუსეთი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
"მათ გადააქვთ თავიანთი ტექნიკის ყველაზე საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში. ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რეალურად საქართველოს არმია არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია", - განაცხადა მაიკ როჯერსმა.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთისგან გასაკვირი არ იქნება ირანთან მჭიდრო ურთიერთობებისდა სავაჭრო მარშრუტის ძიება.
"ორივე ქვეყანა, მართალია სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ შეზღუდულია საერთაშორისო სანქციებით, რომელიც მალე შეავიწროებს რუსეთს ყირიმში შეჭრის გამო", - ნათქვამია The Financial Times-ის სტატიაში.
Fox News-თან საუბრისას მაიკ როჯერსმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინის საზღვრებთან მდგომ რუსეთის ჯარებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ უკრაინაში შეიჭრნენ, თუ ამას გადაწყვეტენ.
"უკრაინის საზღვრებთან ჩვენ ათობით ათას სამხედროს ვხედავთ და საუბარია არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაზე, არამედ მათ დანიშნულებასა და კონფიგურაციაზე. რამდენი სამხედრო ერთეულია განთავსებული საზღვარზე და რისი შესაძლებლობა აქვთ მათ. აღმოსავლეთ საზღვარზე მათ დღეისთვის ყველაფერი გააჩნიათ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ციტირებს ამერიკული გამოცემა მაიკ როჯერსის სიტყვებს.