დეფი: დემოკრატიულად მივექანები საბჭოთა კავშირისკენ - კვირის პალიტრა

დეფი: დემოკრატიულად მივექანები საბჭოთა კავშირისკენ

პოეტ დეფი გოგიბედაშვილის ფეისბუქ გვერდიდან:

ქვეყანაში დემოკრატიაა და დემოკრატიულად მივექანები საბჭოთა კავშირისკენ. რუსეთისკენ.

დიდი ხანი თავს ვიკავებდი ამ ლექსის გამოქვეყნებისგან რომელიც შარშან აგვისტოში დავწერე,

როცა რატომღაც ვიგრძენი ასეთი კოშმარი. 3 ოქტომბერი 2012.

სულ ერთი წამით

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი

თუ ასეთი ამაზრზენი იქნებოდა

შენი ნამდვილი სახე

საქართველო.

ასე თუ მეყვარებოდი შენი სახის წინ

მდგომი. ვერ წარმოვიდგენდი...

მე თავს დავაღწევ და შენც

თან წაგიყოლებ... ოჰ, შევიშალე..

ჰო, შევიშალე... რას წარმოვიდგენდი...

ჩემო... ჩემო...

რატომ ვერ ვსწავლობ ჭკუას...

მე რომ მჭირდები შენ ეს არ გესმის.

ყველა შენ სიხარულს ტკივილი მოაქვს,

გულში ქვა გიდევს დანის სალესი.

შენ ხომ საკუთარ თავსაც ვერ იტან,

არა თუ დავით გურამიშვილს,

ღმერთის მშობელი გიცქერს ზეციდან

შენ ავადობას სხვა ვინ დაგიშლის,

შენ ხომ ვერ იტან ვერც ერთგულებას,

არა თუ შოთა რუსთაველს,

დანაწევრებულ სხეულთან ერთად

წინასწარმეტყველის თავიც მიართვეს

მთელი დიდებით შენ სასაკლაოს,

ხორცს უჯიჯგნი და სისხლს სვამ სამოთხის,

ო რა ავად ხარ, მსურს დავამთავრო,

სიგიჟე შენი და არ გამომდის

და ვერ გავიგე რა მაიძულებს

ვიყო პოეტი და შენზე ვიდგე

და დავყურებდე შენ თაიგულებს

და განიკურნო, ვოცნებობ იქნებ

და დრო გავიდეს, იმდენი, იმდენი,

რაღაცას მიხვდე სულ ერთი წამით,

მთელი ცხოვრება იმ წამს მივდევდი

დაე იმ წამმა გიშველოს ამინ.

დეფი 13 აგვისტო 2011