”მინდოდა, დანარჩენი შვილებიც დამხოცოდნენ” - ზუგდიდში ქალმა ქმარ-შვილის მკვლელი მოკლა... (ექსკლუზივი)
”თითი რომ მოვიჭერი, გამომძიებელმა მითხრა: ქალო, თითები არ უნდა მოიჭრა, აწი გჭირდებაო...”
”ჩემი შვილის მკვლელობის ადგილზე ოთხი ტყვია მოვძებნე. დაჟანგული იყო. გავწმინდე და შევინახე...”
”გულში მომირტყამს, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო, ხელი დამიჭირა და რევოლვერი აქეთ შემომიბრუნა...”
”კვირის პალიტრის” არქივიდან, 2004 წელი
გალელმა ლილი ბიგვავამ ქმარ-შვილის დახოცვიდან წელიწადისა და რვა თვის გასვლის შემდეგ, ზუგდიდში, რევოლვერის ერთი გასროლით მოკლა ქმარ-შვილის მკვლელი.
ეს ამბავი ომს არ უკავშირდება - ლილი ბიგვავას ოჯახი დაპირისპირებულ ქართულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეეწირა. მერე გაირკვა, მკვლელებს მანქანა შეშლიათ და უდანაშაულო ადამიანები სხვების ნაცვლად დახოცეს, თუმც კი, ჩასაფრებულთაგან ერთ-ერთი წინა დღეს სტუმრად იყო მათ ოჯახში და, სხვა თანასოფლელები თუ არა, ის მაინც მიხვდა, რა ხდებოდა და გაჩერდა; მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია - დანარჩენები მანქანიდან გადმოსულ კაცს, რომელიც გამწარებული ყვიროდა - რას მიშვებით, ბავშვი არ მომიკლათო, იმდენხანს ესროდნენ, სანამ არ წაიქცა. ბიჭს სნაიპერის ტყვია მოხვდა, ხოლო მათგან მესამე - სიძე, დაიჭრა...
- ქალბატონო ლილი, ვიცი, გაგიჭირდებათ, მაგრამ იქნებ შეძლოთ და მომიყვეთ, როგორ მოხდა ეს ამბავი.
- არეულობა რომ დაიწყო, ჩვენი ამბის გასაგებად ზუგდიდიდან სიძე ჩამოვიდა. წასვლისას ჩემმა მეუღლემ - გავაცილებო, მანქანა გამოიყვანა. გული აწუხებდა და ბიჭი დასვა საჭესთან. არ ვიცი რა დამემართა, მათი გაშვება არ მინდოდა. სიძეს ვუთხარი, თუ მოსვლა შენი ფეხით შეძელი, ახლაც შენი ფეხით წადი-მეთქი. ჩემს ქმარს შეკამათება არ უყვარდა, მითხრა, აჭარბებ, რა განერვიულებსო... არ ვიცი, ავდგები და სარკეს ჩაგიმტვრევთ, მაშინ ვეღარ წახვალთ-მეთქი. შვილმა მითხრა: დედიკო, ხელს გაიჭრი და გეტკინებაო... არ ვიცი, ეს რა იყო. თუ ამას წინათგრძნობა ერქვა, მაშინ მართლა ჩამემტვრია ის სარკე, რა მოხდებოდა?! ათ წუთში ჩემი მეუღლე მოიტანეს. ფეხზე მოვკიდე ხელი - შვილი რა უყავი-მეთქი. ისე დაგლეჯილი იყო, ფეხი ხელში შემრჩა. მერე ჩემი ბიჭიც მოასვენეს...
მინდოდა, დანარჩენი შვილებიც დამხოცოდნენ. ვფიქრობდი, ესენიც რომ მოკვდებოდნენ, მარტო დავრჩები და რაღაცას, სამაგიეროს გავაკეთებ-მეთქი. რომ ეძინათ, მინდოდა, აღარ გაეღვიძათ.
- კონკრეტულად თუ იცოდით, რის გაკეთებას აპირებდით?
- იმ წუთში არა. დრო რომ გავიდა, ოთახში შევედი. მეზობელი შემომყვა. ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე. რომ არ მომშორდა, ვუთხარი, ჩადი, ჩემს ბიჭთან მისი დანა დევს და ამომიტანე, რაღაცაზე მჭირდება-მეთქი. არადა, ის დანა მე მქონდა უკვე. იმდენხანს ეძებეს, ის დრო მე მეყო. მაგიდაზე თითი დავდე და გადავიჭერი. როცა ამოვიდნენ ძვალი გადაჭრილი იყო. მხოლოდ კანზე ეკიდა. ნათესავები ექიმები მყავს, თქვეს, მივაკერებთო. შემეშინდა, რომ მართლა არ მიეკერებინათ და ჩემი ხელით კანიც გამოვიგლიჯე.
- ტკივილს ვერ გრძნობდით?
- არა. ახლაც ისე ვარ, მთელი დღე წიწაკაში რომ მქონდეს ხელები, არ ამეწვება.
- გახსოვთ რას გელაპარაკებოდნენ?
- მახსოვს ის, რომ არავის მოსმენა არ მინდოდა... მხოლოდ თითი რომ მოვიჭერი, გამომძიებელი მოვიდა და მითხრა: ქალო, თითები არ უნდა მოიჭრა, აწი გჭირდებაო... მაშინ გამოვფხიზლდი.
- და შურისძიებაც გადაწყვიტეთ.
- არაფერი არ გადამიწყვეტია. ყოველდღე სასაფლაოზე ვიყავი. თან შემომითვალეს, ჩვენი სახელების ხსენებას თავი დაანებოს, თორემ დანარჩენ შვილებსაც დავუხოცავთო. მაშინ ჩემი მამამთილის რევოლვერი მოვძებნე, ზუგდიდში წავიღე და გადავაკეთებინე - ძველი იყო და შიგ ჩვეულებრივი ტყვიები არ ეტეოდა.
- ტყვიები სადღა იშოვეთ?
- ჩემი შვილის მკვლელობის ადგილზე ეყარა. იქ ნახმარი შპრიცებიც იყო. ოთხი ტყვია მოვძებნე. დაჟანგული იყო. გავწმინდე და შევინახე.
- ასე რომ იქცეოდით, გადარჩენილი შვილები არ გეცოდებოდათ?
- არანაირი გრძნობა აღარ მქონდა. ისე, ჩემმა ერთ-ერთმა გოგონამ ვერ გადაიტანა ეს უბედურება. ორი წელიწადი ფსიქიკურად იყო დაავადებული. მეც წამალს ვსვამდი, რაიმე საშინელება რომ არ ჩამედინა... არ ვიცი, მეზობლებმა როგორ გადაიტანეს ჩემი გამუდმებული წივილ-კივილი... ამდენ ხანს სიმღერასაც ვერ მოისმენს კაცი. არავის არაფერი უგრძნობინებია.
... იმას უეცრად შევეფეთე. ცოლთან ერთად იყო და ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა ეჭირა. მერე არაფერი მახსოვს. შემდეგ ვინც შეესწრო, იმათ მითხრეს, კი არ მიდიოდი, მიფრინავდიო...
- სულ არაფერს ფიქრობდით?
- ხელი როცა დამიჭირა, მაშინ ვიფიქრე, ტყუილად მისვრია, არაფერი მოუვიდა-მეთქი - არასდროს მეგონა, რომ მას პატარა ტყვია მოკლავდა... თურმე გულში მომირტყამს, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო, ხელი დამიჭირა და რევოლვერი აქეთ შემომიბრუნა...
ქალბატონო, ეს თქვენ ხართო? - ვიღაცის ხმა მომესმა და ვიცანი - ზუგდიდის პროკურატურაში მხვდებოდა ის კაცი. იმან გააშვებინა ჩემი ხელი... ვუთხარი, მილიციაში ჩემი ფეხით წამოვალ-მეთქი, მაგრამ ვეღარ შევძელი. კაცებმა ხელები გადააჯვარედინეს, დამსვეს და ისე წამიყვანეს. ზაფხული იყო, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ თოვდა, ამ თოვლში ჩემი შვილის სურათები ეკიდა და დაბლა მარილი ეყარა, რომ არ დავცემულიყავი...
- ციხეში გაგიჭირდებოდათ..
- ციხეში? რა ციხე, ყველაფერი სულ ერთი იყო. იმას კი ვგრძნობდი, იქ მყოფები პატივისცემით მექცეოდნენ. დროდადრო ქალების ხმაც მესმოდა, კარებს ამტვრევდნენ - გამოუშვითო... თერთმეტ დღეში გამომიშვეს...
- ამ შურისძიებამ რაიმე შვება მოგცათ?
- იმ წუთში თითქოს გამარჯვებულად ვიგრძენი თავი. მერე - არაფერი...
- დანარჩენი მკვლელები სად არიან?
- აქეთ-იქით წავიდნენ.
- რომ შეგხვდნენ, იმათაც მოკლავთ?
- ალბათ, უკვე აღარავის მოკვლა აღარ შემიძლია, მაგრამ თუ შემხვდებიან, თავს მაინც შევაკლავ.
- არასოდეს გიფიქრიათ, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინათ?
- მაგაზე ფიქრი არ მინდა. ჩემი ქმარ-შვილი უდანაშაულო იყო. იცით, როგორი შვილი მყავდა? ოჯახში ჰოლანდიელი გვესტუმრა და მითხრა - ქალბატონო, თქვენი შვილი მაჩუქეთ, მე ჩემიც მყავს, მაგრამ მაგას ვარსკვლავად ვაქცევ. თან თქვენც წამოჰყევით. სამი წელიწადი შეგინახავთ, მერე თვითონ ირჩენთ თავსო...
... იმ საშინელ დღეებში მხოლოდ იმას ვითხოვდი, მოვიდეს ჩემი შვილის მკვლელი, თუ მე შემიძლია მისი დანახვა, მანაც გაიჭირვოს და მეჩვენოს-მეთქი. რომ მოსულიყო და ეთქვა, აგერ ვარ და რაც გინდა, ის მიყავიო, ამას არ ვიზამდი... თუ იარაღს აიღებ, მაშინ კაცი უნდა იყო და შენს საქციელზე აგო პასუხი. თუ უმწეო დედის გეშინია, მაშინ რა კაცი ხარ... მტერთან ბრძოლა სხვაა... ჩემი შვილიც მეუბნებოდა, სამშობლო უნდა დავიცვაო. ეს რომ მოესწრო და იქ მტერს მოეკლა, არ ვიტირებდი.
- მაპატიეთ, რომ გული გატკინეთ, მინდოდა მენახა, როგორი იყავით...
- როგორი?.. ჩვეულებრივი... გაჭირვებული დღესაც მეცოდება და მებრალება. სხვისი, დედით ობოლი ვთხოვე მამამისს, გავზრდი-მეთქი... ერთხელ პატარა ბიჭს წავაწყდი, მაღაზიაში ბოთლები ჩააბარა - კანფეტი უნდოდა, ფული არ ეყო, ავდექი და ჩემი პურის ფულით ვუყიდე.
იმ საშინელ დღეებშიც და ახლაც, იმას ვტიროდი და ვტირი, ვლოცულობ - ჩემს შემდეგ არც ერთი დედა აღარ გაამწაროს ღმერთმა. მე უკანასკნელი ვიყო.
ეთერ ერაძე
”კვირის პალიტრის” არქივიდან, 2004 წელი