ზაზა პაპუაშვილი: "არანორმალურ სააკაშვილსა და ღარიბაშვილს შორის პარალელის გავლება დაუშვებელია"
გუშინ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი "ჰაკიმ-ფაშად", ბიძინა ივანიშვილი კი იხთიოლოგად მოიხსენია, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის აღშფოთება მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით "ქართული ოცნების" ერთ-ერთ წევრ ზაზა პაპუაშვილს და ამ ინციდენტზე კომენტარი ვთხოვეთ:
- "ნაციონალური მოძრაობის" ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისინი გამიზნულად მიდიან პროვოკაციაზე და როდესაც პასუხს მიიღებენ, მერე ჩვენ გამოვდივართ ცუდები, ხოლო ისინი აპელირებენ – ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდათ ჩვენს მშვიდ გამოსვლაზეო. მათი ქცევა პროვოკაცია და უზრდელობაა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვთ, თუ მათ თვალებში ჩახედავთ, საშინელება იკითხება. ზოგი აღარც ფიქრობს იმაზე, გაილანძღება თუ არა, რადგან მათთვის ლანძღვას მნიშვნელობა არ აქვს. ესენი ყველაფრის მკადრებელი ხალხია.
- თუ აცნობიერებთ, რომ ეს პროვოკაციაა, რატომ ყვებით ამ პროვოკაციას, ხომ არ აჯობებს დუმილით შეხვდეთ მათ გამოსვლას?
- ხშირად ამასაც ვახერხებთ, მაგრამ ყოველთვის ამის გაკეთება რთულია. რთულია თან მუშაობა და თან იმაზე ფიქრი, რომ პროვოკაციას არ აჰყვე. ბევრი ჩვენგანი ამას ახერხებს, თუმცა ზოგჯერ ეს არ გამოგვდის. რა ვქნათ, ადამიანები ვართ და უზრდელობაზე რეაქცია გვაქვს.
- "ქართული ოცნების" წევრები ექს-პრეზიდენტს ძალიან ხშირად მოიხსენიებდნენ და ახლაც მოიხსენიებენ საკმაოდ დამამცირებელი ეპითეტებით. თუ ღარიბაშვილის მიმართ არ შეიძლება მეტსახელებით ლაპარაკი, სააკაშვილის მიმართ დასაშვებია?
- აბსოლუტურად არარეალური პარალელია, თქვენ რა, არანორმალურ სააკაშვილსა და ღარიბაშვილს შორის სხვაობას ვერ ხედავთ? სააკაშვილს ჩვენ არაფერს არ ვაბრალებთ და არ ვუგონებთ, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით. შეხედეთ მას, მის არაადეკვატურ ქცევებს და გამომეტყველებას, მის ფორთხვას გორში, ჰალსტუხის ღეჭვას და კიდევ ბევრი სხვას, ეს ხომ ბრალდება არაა, ეს არის ფაქტი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ძალიან კი უნდათ "აბაროტის" აღება დაიწყონ, მაგრამ მათი მცდელობა უმწეოა და მდაბიო.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)