კახა კალაძე: "ამ შოუში ჩარევას აღარ ვაპირებ"
მძღოლები თავის დაწვით იმუქრებიან
თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და განაცხადეს: "აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება".
მძღოლების ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის, განმარტებით, აქციაში მონაწილეთა მოთხოვნაა, მგზავრების გადამყვან ყველა კომპანიას ორი წლით გაუგრძელდეს საქმიანობის ვადა. მისი თქმით, ტენდერი უსამართლოდ ჩატარდა და მისი შედეგები უნდა გაუქმდეს.
- ფირმა "ინტერტრანსი", რომელსაც გაამარჯვებინეს, კახა კალაძის მეგობარი ფეხბურთელების დაფუძნებულია, საბანკო გარანტიები კი კალაძის "პროგრეს ბანკმა" გასცა. ყვითელი ავტობუსებიც კალაძემ შემოიტანა შარანგიების მეშვეობით, - განაცხადა რევაზ რიჟამაძემ, რომელიც ამბობს, რომ მძღოლებს ლიცენზიებს ართმევენ, რის გარეშეც ისინი ვეღარ იმუშავებენ.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა, თუმცა პოლიციელები დროულად ჩაერივნენ და მას ამის საშუალება არ მისცეს. ეს თავის დაწვის მეორე მცდელობაა - წინა დღეებში საპროტესტო აქციაზე თვითმკვლელობა აქციის მონაწილე შმაგი მიქელაძემაც სცადა.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრალდებას უარყოფს და ვარაუდობს, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა საპროტესტო გამოსვლები მართული პროცესია.
- გაუგებარია მათი ბრალდებები. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორჯერ შევხვდი. პირველად, როდესაც რუსთავში ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეზე ჩავედი, მთხოვეს, ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან შემეხვედრებინა ისინი, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულებულა. მეორედ ენერგეტიკის სამინისტროში შევხვდით ერთმანეთს. ეს არის მართული პროცესი, ამიტომ ამ შოუში ჩარევას აღარ ვაპირებ, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ.
რუსთავის მერის, დავით ჯიქიას თქმით კი, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსთავი-თბილისის მარშრუტის ე.წ. ხაზების მეპატრონეების წამოწყებულმა სოციალური ხასიათის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკური ელფერი მიიღო, ქალაქის მერია პრობლემის გადაჭრის გზად ნდობის ჯგუფის შექმნას მიიჩნევს, აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას სთავაზობს. ამ წინადადებას მძღოლები ჯერ დათანხმდნენ, მოგვიანებით კი ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ დიალოგზე უარი განაცხადა. დავით ჯიქიას ვარაუდით, ადვოკატის უარის მიზეზი მისი პოლიტიკური მოტივაციაა. მერის თქმით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თვითმმართველობას ჰქონდა განსაზღვრული. კერძოდ, კომპანია "ინტერტრანსი" დაასაქმებს ყველა მძღოლს, ვინც აქამდე მუშაობდა ამ მარშრუტზე და შეინარჩუნებს ტრანსპორტით სარგებლობისთვის აქამდე განსაზღვრულ ფასს. "ინტერტრანსის" ხელმძღვანელობა თანახმაა, მოლაპარაკებაში მიიღოს მონაწილეობა და გაითვალისწინოს იმ მძღოლების ინტერესებიც, რომლებიც ამ მარშრუტზე საკუთარი მიკროავტობუსებით მუშაობდნენ.