ვალერი გელაშვილი: ეჭვი მაქვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ფსიქიურადაა დაავადებული - კვირის პალიტრა

ვალერი გელაშვილი: ეჭვი მაქვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ფსიქიურადაა დაავადებული

"დედაჩემზე ბევრს ნუ ლაპარაკობს ჟორჟოლიანი, თორემ ამის გამო ღმერთი დასჯის"

"ნანუკას გადაეცით, ჩემზე ტყუილების ჩმახვას თავი დაანებოს"

ტვ. "იმედის" გადაცემაში "რეაქცია", დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ მის ცემაში უშუალოდ მონაწილეობდა "კუდის" იმჟამინდელი უფროსი ერეკლე კოდუა. მას შემდეგ რაც დეპუტატმა ეს განცხადება გააკეთა, ერეკლე კოდუას ცოლმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვალერი გელაშვილის შესახებ ბრალდებების მთელი ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ჩვენ დავუკავშირდით ვალერი გელაშვილს და ამაზე კომენტარი ვთხოვეთ:

ვალერი გელაშვილი:

- ჩემს გამო მაგის ქმარს ბრალდებას უყენებენ და ბუნებრივია, რომ ვერ იქნება ადეკვატური. ასეთი განცხადებების გამო, ეჭვი მაქვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ფსიქიურადაა დაავადებული. არ მინდა ნანუკას ლაპარაკზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო, რადგან ეს ჩემი მხრიდან მისი დიდი დაფასება იქნება.

- ნანუკა ჟორჟოლიანი ადვოკატ კოზუბოვსკიზე წერს, რომლიც თქვენი ადვოკატი იყო, თუმცა ის თავად არაერთ საქმეშია ბრალდებული...

- ადვოკატს რომ ავიყვან იმის წარსულის ქექვა უნდა დავიწყო?

- ის საკმაოდ მძიმე საქმეშია ბრალდებული...

- როცა ის ჩემი ადვოკატი იყო, მანამდე არავითარი ბრალდება არ ჰქონია, როდესაც მას სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა, მაშინ უკვე სხვა ადვოკატი მყავდა, თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ დარეკოთ ვილნიუსში და ეს ყველაფერი გაარკვიოთ. კოზუბოვსკისთან საერთოდ აღარ მაქვს კონტაქტი. ის ჩემი ადვოკატი აღარაა 2001 წლიდან, ხოლო ბრალდება წაუყენეს 2004 წელს.

- ჟორჟოლიანი აგრეთვე წერს, რომ თქვენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისას სასტიკად სცემეთ ჟურნალისტ გიორგი ქართველიშვილს. ამაზე რას იტყვით?

- ეს არის ყველაზე სასაცილო იმ უაზრო მონაჩმახებიდან, რასაც ეგ ქალი მე მაბრალებს. პირველ ოქტომბერს, მეათე საარჩევნო უბანზე, შემოცვივდნენ "კუდის" ნიღბიანი თანამშრომლები და მაგ ფაქტზე წერს ზუსტად, თითქოს იქ ვცემე ქართველიშვილი. მინდა გითხრათ, რომ მთელმა ხაშურმა იცის, ვინაა გიორგი ქართველიშვილი. ეგ იყო "ვანიჩკას" ჟურნალისტი, რომელიც სპეცსამსახურებთან ერთად მოძრაობდა.

- თქვენი მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯი იყო სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის გასაჯაროება, სანამ გამოძიება დასრულდებოდა?

-ეს არაა სავარაუდო, ესაა 100%-იანი ბრალდება. მე ნანუკას შევუთვალე კიდეც, რომ მოეთმინა რამდენიმე დღე და მერე გაეცა პასუხი და მერე ეწერა ის, რასაც ახლა წერს ეგ ქალბატონი. მე რაშიც დარწმუნებული ვარ, მხოლოდ იმას ვამტკიცებ. ის, რომ კოდუა მონაწილეობდა ჩემს ცემაში, ეს მე გავიგე ცემიდან 2 თვის მერე. ის ვაჟბატონი იდგა და აკონტროლებდა სიტუაციას. კოდუა პირადად დაინახეს ჩემმა მეგობრებმა.

- თუ ასე დეტალურად იცოდით, რატომ აქამდე არ განაცხადეთ ამის შესახებ?

- ვისთვის მეთქვა? სააკაშვილისთვის თუ მერაბიშვილისთვის? როცა გამოძიება დაიწყო, გავახმაურე კიდეც, მერე ამოიღეს კოდუას ნაბოდიალები, თუ ვის ელაპარაკა და რას ლაპარაკობდა და სწორედ აქედან გაიხსნა ეს საქმე. ჩემი ჩვენებით გაიხსნა ეს საქმე.

- ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აქვს ინფორმაცია დედათქვენის მომვლელის შესახებ...

- არ ვიცი, რას გულისხმობს, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ დედაჩემის თემას ნუ შეეხებით. ინვალიდი ქალია და თავის გასაჭირიც ეყოფა. ამ თემაზე ბევრს ნუ ლაპარაკობს ჟორჟოლიანი, თორემ ამის გამო ღმერთი დასჯის.

- საუბრობენ, რომ თქვენს კუთვნილებაში არსებულ სასაწყობო მეურნეობაში, რომელიც მდებარეობს ხაშურის რ-ნის სოფ. გომში, გახსნილი იყო სასროსკიპო...

- ეს სასაწყობე მე მაქვს სააკაშვილის დროიდან და თუ იქ მართლაც იყო რამე, ვინ მაპატიებდა ამას?! სააკაშვილი უმიზეზოდ მიმწარებდა სიცოცხლეს და ეს მიზეზი რომ ჰქონოდა, არ დამიჭერდნენ? ამ სისულეელებზე კომენტარების კეთება უკვე აღარც მინდა, ნანუკას გადაეცით, ჩემზე ტყუილების ჩმახვას თავი დაანებოს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)