"9 აპრილს ჩემმა სიტყვამ შემოატრიალა სიტუაცია, პასუხისმგებლობაც მე მეკისრება და არა ზვიადს" - კვირის პალიტრა

"9 აპრილს ჩემმა სიტყვამ შემოატრიალა სიტუაცია, პასუხისმგებლობაც მე მეკისრება და არა ზვიადს"

"მიკროფონი პატრიარქსაც რომ სჭეროდა, არ დავუჯერებდით, რადგან ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მხედართმთავრები სამღვდელოების რჩევას ითვალისწინებდნენ"

"სისხლდანთხეული მოვლენა ყოველთვის უფრო ღირებულია"

"ეს დღე ჩემთვის ერთდროულად მტკივნეული, ტრაგიკული და საამაყოა. მტკივნეული და ტრაგიკული იმიტომ, რომ ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების სისხლი დაიღვარა, საამაყო კი ისაა, რომ ეს სისხლი თავისუფლებისათვის დაიღვარა, ამ მოვლენამ ქართველი ერი მონობიდან თავისუფლებისკენ შემოატრიალა" - ასე იხსენებს 9 აპრილს 25 წლის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი...

- წლების შემდეგ, ეს მოვლენა სხვადასხვანაირად შეფასდა, - ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა, ირაკლი წერეთელმა და ზვიად გამსახურდიამ არ დაუჯერეს პატიარქს, რომელიც ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა - ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯესო...

- ზვიად გამსახურდია რა შუაში იყო?.. ის მიტინგის დაშლა-არმოშლას მარტო ვერ გადაწყვეტდა. თუ მაინცდამაინც ვინმეს უნდა, ამ პასუხისმგებლობის დაკისრება, მე დამაკისრონ, რადგან ჩემმა სიტყვამ შემოატრიალა სიტუაცია. ეს ყველაფერი გიორგი ხაინდრავასა და "კაგებეს" მიერ გადაღებულ უკვდავ კადრებში ჩანს... გარდა ამისა, მიკროფონი ხელიდან პატრიარქს კი არა, ირაკლი ქადაგიშვილს გამოვგლიჯეთ, მაგრამ თუნდაც პატრიარქს სჭეროდა მიკროფონი, არ დავუჯერებდით, რადგან ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მხედართმთავრები სამღვდელოების რჩევას ითვალისწინებდნენ

- ანუ არ ნანობთ, რომ არ დაუჯერეთ?

- ვნანობ, რომ ადამიანები აღესრულნენ და მათი სიკვდილი მტკივა, მაგრამ თავად პატრიარქიც დადებითად აფასებს 9 აპრილს... ჩვენ უიარაღოები ვიყავით და შიშველი ხელებით ვიბრძოდით იმ უფლებებისთვის, რომელსაც საერთაშორისო სამართალი კი არა, თავად საბჭოთა კავშირის დამპალი კონსტიტუციითაც კი მართალი ვიყავით. ვიცოდით, რომ სამართალი ჩვენს მხარეს იყო და რატომ დავიშლებოდით?..

- თამარ ჩხეიძის თქმით, საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა, ოღონდნდ რამდენიმე თვის შემდეგ...

- არ ვეთანხმები, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები რომ არ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა. ბრძოლა მხოლოდ საქართველოში კი არა, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთშიც იყო და ამან დაშალა ეს მახინჯი სისტემა... ჩვენი ამოცანა, საბჭოთა კავშირის დაშლა კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, მე ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. დანარჩენი რესპუბლიკები თუ მის შემადგენლობაში დარჩებოდნენ, ეგ ჩემი საქმე არ იყო. ყაზახეთი და ყირგიზეთი საბჭოთა კავშირში იქნება თუ ნატოში, სადაც უბნდათ იქ იყვნენ, ამაზე მე ვერ ვიდარდებ...

- ითქვა, რამდენიმე ლიდერი ამბობდა, კარგია, რომ სისხლი დაიღვარაო, მათ შორის თქვენი გვარიც იყო ნახსენები...

- არა, ამას ვინც იტყვის, მსხვერპლი კარგიაო, იმას არც გული აქვს და არც სისხლი, მაგრამ მსხვერპლმა უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია, რადგან სისხლდანთხეული მოვლენა, ყოველთვის უფრო ღირებულია. ამ მსხვერპლმა შეგვკრა და ერთ მუშტად გაგვაერთიანა, რადგან იმ ადამიანების სულები ზეცაში წავიდნენ და იქიდან გვაძლიერებდნენ... ქრისტეს ჯვარცმა ხომ დიდი ბოროტება იყო, მაგრამ ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანული სარწმუნება ვერ შედგებოდა. ზვიად გამსახურდიას სულს ვენაცვალე, მის საფლავის ქვაზე არაჩვეულებრივი სიტყვები წერია, რომელიც ქართველმა ერმა "მამაო ჩვენოსავით" უნდა იცოდეს. - "ქართველთა გზა არის ეკლიანი გზა. გზა ჯვარცმისა, გოლგოთისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა." ასეა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)