”ილია მეორის წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდნენ.... პატრიარქს ეკლესიაში გამოწვას უპირებდნენ?” – უცნობი ფაქტები პატრიარქის ცხოვრებიდან (ექსკლუზივი)
საუკუნეების განმავლობაში, ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ რთული გზა გამოიარა და პერიოდულად, დიდი წნეხის ქვეშაც ექცეოდა. ქვაშვეთის ტაძრის მოძღვარი - დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ამ გზაზე, კათოლიკოს-პატრიარქსა და იმ წლებზე გვესაუბრება, რომელიც მასთან ერთად გამოიარა:
- თავიდან მის გვერდით სულ რამდენიმე კაცი ვიდექით, თანდათან კი ახალგაზრდობა შემოემატა. 1986 წლიდან მასწავლებლებმაც ინტენსიურად დაიწყეს ეკლესიაში სიარული და ბევრი მათგანი მღვდელი გახდა. პატრიარქი ყველას ხელს უწყობდა, გაჭირვებულებს სულ ეხმარებოდა. ასე გაიარა დრომ და პატრიარქის წყალობით, დედა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო - ჩვენი საპატრიარქოსთვის უნდა გადმოეცათ, მაგრამ აქედან, წინა მთავრობიდან ვიღაცამ დარეკა და უარი გვითხრეს. მოძღვარმა, რომელიც იქ მსახურობს, მართალია, წირვა-ლოცვა არ ჩაგვატარებინა, მაგრამ პატრიარქმა მას ოქროს სამაჯური დაუტოვა საჩუქრად. ასეთი სიკეთეებით, თავისი გონითა და სიყვარულით დაჯილდოებული კაცი, ყოველთვის ასაჩუქრებდა ადამიანებს, თუნდაც მტერი ყოფილიყო, და მასაც ეკლესიის მხარეს მოაქცევდა. მახსოვს, მის უწმინდესობას ბაპტისტების მოქცევაც უნდოდა. დადიოდნენ კიდეც სიონში, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და ისევ განზე გადგნენ.
სასწაულებრივად გადარჩენილი მირონი
- პირველად მირონი 1980-იან წლებში მოიხარშა. როცა პატრიარქი მცხეთიდან მოდიოდა, ავტომობილი ამოტრიალდა, ქვეშ ოთხი ადამიანი და მირონით სავსე ჭურჭელი მოჰყვა, რომელიც თავღია იყო და ერთი გრამიც კი არ დაღვრილა. იქ კიდევ ორი ეპისკოპოსი იყო - შიო ავალიშვილი და ამბროს ქათამაძე, რომელსაც ეს ჭურჭელი ეჭირა. სასწაულებრივად გადარჩნენ... პატრიარქის ცხოვრების გზაზე არაერთი სასწაული მომხდარა.
აფხაზეთი
- ვლადისლავ არძინბასთან მოსალაპარაკებლად რომ ჩავედით, გვეუბნებოდა, მდინარე ფსოუზე არ გახვიდეთო. სამი დღე ელოდებოდა პატრიარქი, რომ ამის უფლება მოეცა, ის კი პასუხს არ გვეუბნებოდა. ვიჯექით და ვიცდიდით. ბოლოს, მისი უწმინდესობა გამოვიდა და თქვა, - გადაწყვეტილია, ფსოუზე მივდივარო. საშიშიაო, აფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. გაგრაში მუშაობდა ავთო იოსელიანი, ჩემი სულიერი შვილის ძმა, რომელმაც მითხრა, - იქ ხალხი ეკლესიასთან იკრიბება, ალყას არტყამენ და შიგნით დაწვას გიპირებენო. წავედი, მის უწმინდესობას ეს ამბავი ჩუმად ვუთხარი და გამოვბრუნდით. იქვე აფხაზი მილიციელი იდგა, რომელმაც ეტყობა, ჩვენი საუბარი გაიგონა და ხალხს შეატყობინა, - პატრიარქი ეკლესიაში შესვლას აღარ აპირებსო. ისინიც ადგნენ და პირდაპირ გზაზე დაგვხვდნენ. ზოგს დანა ეჭირა ხელში, ზოგს ჩანგალი, ზოგს ჯოხი და პაპუასებივით ყვიროდნენ და მოგვდევდნენ. პატრიარქი გაიტაცეს, ჩვენ კი უკან მივდევდით მანქანით. ამბროსი ქათამაძე გადმოვიდა და გზა ჩვენც გადაგვიკეტა, მაგრამ მაინც დავეწიეთ. სასტუმროში პატრიარქმა გვითხრა, - წადით და ის ხალხი დააშოშმინეთ, რომ იარაღი არ აიღონო. მამა დავითი წავიდა და დააწყნარა მაშინ, მაგრამ იმის შემდეგ, ბევრი ცუდი რამ მოხდა და ეს ყველას გვახსოვს.
სამოქალაქო ომი
- "ბუნკერში" გამსახურდიასთან პატრიარქის წერილები ჩამქონდა ხოლმე. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა ერთმანეთისთვის არ ესროლათ და ძმათამკვლელი ომი არ მომხდარიყო. ერთ ხელში ჯვარი მეჭირა, მეორეში - წერილი და ტყვიების წვიმაში დავდიოდი. მაშინ სხვადასხვა პარტია იყო, ზოგი - რუსეთთან შეკრული, ზოგიც - სხვასთან... პატრიარქთან რომ მოდიოდნენ, ეუბნებოდნენ, - ახლა პრეზიდენტიც თქვენ ხართ, პატრიარქიც და თქვენს თავზე უნდა აიღოთ სიტუაციის დალაგება; გამსახურდია არაფერია, მისი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ან ქვეყნიდან გავაძევოთო. პირდაპირ ასე ეუბნებოდნენ. პატრიარქის შეცდომაში შეყვანა უნდოდათ, ის კი სიმშვიდისკენ, შერიგებისკენ მოუწოდებდა და ჭკუას არიგებდა, ეუბნებოდა, რომ ასე ფიქრი არ შეიძლებოდა. მაგრამ მისი ნათქვამი არ გაიგონეს. 18 დღე და ღამე საპატრიარქოში ვისხედით, რომ იქაურობა არ დაეწვათ, მთელი ღამე ტყვიების ზუზუნი ისმოდა ხოლმე. ომის შემდეგ ბევრი "ზვიადისტი" გადავარჩინეთ, პატრიარქის თხოვნით, რადგან დევნიდნენ. "ბუნკერიდან" ზოგი სიონთან გამოვიდა და პასპორტები ჩამოვართვი, რათა არ გაეგოთ, ვინ ვინ იყო და არ დაეხოცათ...
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში
თამთა დადეშელი