ობამა მამიდის დასაფლავებაზე წასვლის ნაცვლად გოლფით ერთობოდა - კვირის პალიტრა

ობამა მამიდის დასაფლავებაზე წასვლის ნაცვლად გოლფით ერთობოდა

პრეზიდენტი ობამა მამიდის, ზეიტუნი ონიანგოს, დასაფლავებას არ დაესწრო და გოლფის სათამაშოდ წავიდა.

როგორც “The New York Times” გვატყობინებს, ამერიკის პრეზიდენტის მამიდა ბოსტონის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. თავშესაფარში მისი ოთახის კედელს ჯერაც ამშვენებს ახალგაზრდა ობამასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი.

ოჯახის წევრები ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა მისი ცხედარი კენიაში გადააგზავნონ. მათი თქმით, ობამა დაეხმარა მათ დასაფლავების ცერემონიისათვის საჭირო სახსრების მოძიებაში და თანაგრძნობის წერილიც გამოუგზავნა ოჯახის წევრებს. მაგრამ დაკრძალვას თვითონ არ დასწრებია, რადგან გოლფს თამაშობდა.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, პრეზიდენტი უკვე წლებია ემიჯნება საკუთარი ოჯახის რიგ წევრებს.

”პრეზიდენტი ობამა წლებია, თავს შორს იჭერს ოჯახის წევრებისაგან, ხშირად არც კი სცნობს ე.წ. ობამათა კლანის წევრებს. აღსანიშნავია, რომ ობამას ნათესავები მაინცდამაინც უმწიკვლო რეპუტაციით არ გამოირჩევიან. სხვადასხვა დროს ისინი იყვნენ დეპორტირებულნი, დაკავებულნი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარებისათვის, რამდენიმე მათგანმა იოლი ფულის შოვნის მიზნით მემუარებიც დაწერა, სადაც ობამა არც თუ ისე კარგ პიროვნებად არის მოხსენიებული” - წერს “The New York Times”