მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
რისთვის იცლის პრემიერი?
ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელსაც საყდრისის თემა სპეკულაცია ჰგონია, ხოლო მიშასთვის პასუხის გაცემა - ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღდგომის შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრს დაავალა, სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა, დარწმუნებით გამოაცხადა, რომ იქ ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა და ამ თემით სპეკულირება უნდა დასრულდეს. არადა, 4000 წლის წინანდელი ოქროს მაღაროს არსებობას ქართველი მეცნიერების ნაწილი უარყოფს, მეორე ნაწილი კი - ადასტურებს. ამ ფაქტს ადასტურებენ გერმანელი მეცნიერებიც, თუმცა ღარიბაშვილისთვის სარწმუნო მხოლოდ იმ ქართველი მეცნიერების აზრია, ვინც ოქროს მაღაროს არსებობას უარყოფს. რას ითხოვენ საყდრისში შეკრებილი აქციის მონაწილეები? ჩამოვიდნენ ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტები და შეისწავლონ ეს საკითხი. თუ ქართველ და გერმანელ მეცნიერებს არ ენდობით, სხვები მოვიწვიოთო. იქნებ ეს მართლა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია?
ზოგ ქვეყანას არ აქვს ასეთი რაღაცები და იგონებს, რომ ტურისტები მიიზიდოს, ჩვენ გვაქვს და არც გვაინტერესებს მისი გამოკვლევა.
პრემიერს ამაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა ჰგონია და მთავრობის სხდომაზე ამას დიდ დროს უთმობს...
არადა, როგორ უნდა გასცე პასუხი ადამიანს, რომელიც ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე სკაიპით ერთვება და ბიბლიოთეკაზე საუბრის მაგივრად ისევ პოლიტიკურ ოპონენტებს ლანძღავს. ""მაშინდელი ""ასავალ-დასავალი"" იყო გაზეთები ""მგზავრი"'' და "''კვალი"", რომელიც დღე და ღამე ლანძღავდა ილია ჭავჭავაძეს, აბრალებდა ათასგვარ სისაძაგლეს. საბოლოო ჯამში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მოამზადა სწორედ ამ გაზეთმა. მე ვნახე, რომ დღეს უკვე ""ასავალ-დასავალი"" მოუწოდებს ხელისუფლებას ჩემი "გაგორებისკენ"!" - აი, ხომ ხედავთ, ბატონი მიხეილი უკვე ილიად გვევლინება, ჩვენი პრემიერი კი მას გულმოდგინედ პასუხობს.
სამწუხაროდ, პრემიერი სხვა ჭორებისთვისაც იცლის და მთავრობის სხდომაზე პირობას დებს, რომ გადატრიალება არ იქნება. წუთით მეგონა, ბატონი პრემიერი შევარდნაძესავით იმასაც იტყოდა, ვისაც გადატრიალება გინდათ, ლოგინში გადატრიალდითო.
პ.ს. აღდგომამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებამ, როგორც იქნა, ახალი მთავარი პროკურორი იხილა. გიორგი ბადაშვილი კამერების წინ გამოჩნდა. ეტყობა, ცეცხლის გადმოსვლას ელოდებოდა...
ხადურის მენიუ
წინა კვირას ორმა ადამიანმა გაგვამხიარულა: სააკაშვილმა თავისი სკაიპჩართვით და ფინანსთა მინისტრმა თავისი მენიუს გამოქვეყნებით. აბა, რა ექნა? რამდენჯერაც სტუმრებთან ერთად რესტორანში წავიდა, იმდენი ცხვირში ძმრად წამოადინეს, კაპიკ-კაპიკ დაუთვალეს, რომელი სუფრა რა დაჯდა. ეს რატომ ჭამე, ის რატომ ჭამე, ეს ძვირია, ის - კიდევ უფრო ძვირიო. არ გაძღა შენი მუცელი, ნოდარიო. ჭამე ნოდარიო! ჰოდა, ხადურიც ადგა და წინასწარ გამოაქვეყნა მორიგი დელეგაციის გასამასპინძლებელი მენიუ - შეგიძლიათ მითხრათ, რა მოვაკლო და რა დავამატოო. მოკლედ, რადგან ჭამას არ მარგებთ, მაინც შევჭამ, ოღონდ აწი თქვენს შერჩეულ მენიუს მხოლოდო...
დელეგაციებს არ უმასპინძლოო, ვერავინ ეუბნება, ამიტომ ისევ მენიუს განხილვა დაიწყო. 120-კაციან სუფრაზე ერთი კაცის საჭმელი, ფაქტობრივად, 130 ლარი დაჯდა. გაგიჟდა ხალხი! ვინც სუფრების ამბავში გამოცდილია, იმან - ერთ კაცზე ერთ ქათამს ვინ ანგარიშობს, ან ერთ ლიტრ ღვინოს, ხომ არ გადარეულხართო! მოკლედ, ხადურს ისევ შემოსწყრნენ. საზოგადოების ნაწილმა მიმართვაც კი გამოაქვეყნა და მოითხოვა, როცა ქვეყანაში ხალხს ასე უჭირს, უცხოელ სტუმრებს ქართულად თავზე კი არ დავაყაროთ საჭმელი, არამედ ევროპულად ვავახშმოთ ან ვასადილოთო. ოფიციალური დელეგაციის გამასპინძლება საჭიროა, სხვა ქვეყნებშიც უმასპინძლდებიან, მაგრამ - ასე არაო. ისე, ამ მიმართვას მეც ვეთანხმები.
ხადურის უწყება აცხადებს, ასე ქართულ კულტურასაც ვაცნობთო. კი, დაზნექილი სუფრა და იმ სუფრიდან ნახევარზე მეტი საჭმლის გადაყრა ნამდვილად არის ქართული, ოღონდ არა - ტრადიცია, არამედ ჩვევა, თანაც - ცუდი!!! შეიძლება კერძო პირი ასე მოიქცეს საკუთარ ქორწილში ან ბანკეტზე, მაგრამ სახელმწიფომ ეს არ უნდა გააკეთოს. კი ბატონო,
ვაჭამოთ ქართული კერძები, მაგრამ ვაჭამოთ, თავზე კი არ დავაყაროთ!
და ვინ ითხოვს, რო, პატიებას?
წინა კვირას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ ირაკლი ალასანიას ინტერვიუს, სადაც ის ამბობდა: "ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახვოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. ამიტომ მოთმინება და ""ნაციონალური მოძრაობისთვის"" რაღაცების პატიება მოგვიწევს. ეს შემიძლია მე ვთქვა, რადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებს, რომლებმაც მამა დამიხვრიტეს."
სიმართლე გითხრათ, პატიების წინააღმდეგი არც მე ვარ, მაგრამ თავდაცვის მინისტრთან ერთი შეკითხვა მაინც მაქვს:
- ვაპატიოთ, მაგრამ ბატონო ირაკლი, გინახავთ "ნაციონალური მოძრაობა"' სადმე პატიებას ითხოვდეს?
პირიქით, სულ იმას გაიძახიან, რაღაც შეცდომები კი გვქონდა, მაგრამ ქვეყანა წინ წავწიეთ, ხოლო თუ ვინმემ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, გამოიძიეთო. მოკლედ, ეს ხალხი პატიებას არ ითხოვს, ჰოდა, თუ მათ პატიება არ სჭირდებათ, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ უნდა აპატიოთ? ადამიანმა პატიება რომ ითხოვოს, მას დანაშაული უნდა ჰქონდეს გააზრებული, დანაშაულს უნდა აღიარებდეს. "ნაციონალები" კი პირიქით - გეუბნებიან, თუ ბიჭები ხართ, გამოიძიეთო! ჰოდა, თუ ასე, დანაშაულის აღიარების გარეშე აპატიებთ, მომავალ არჩევნებზე გამოვლენ და ხალხს ეტყვიან, ხომ ხედავთ, ვერაფერი დაგვიმტკიცეს, ყველაფერი ტყუილი ყოფილაო. ისე, თუ გამოძიების ერთი ადგილი არ გაქვთ და ამიტომ პატიობთ, პირდაპირ გვითხარით!
მოკლედ, მთავარი კითხვა ის კი არ არის: "ვაპატიოთ თუ არა "ნაცებს?" არამედ: "და ვინ ითხოვს, რო, პატიებას?"