"ლექსოს წლებია ვიცნობ, მაგრამ ძმაკაცები არ ვართ და არც ვყოფილვართ" - კვირის პალიტრა

"ლექსოს წლებია ვიცნობ, მაგრამ ძმაკაცები არ ვართ და არც ვყოფილვართ"

"იქნებ რაიმე პირადული ვუთხარი, მერე რა?!"

"ვფიქრობ, ნაწყენი არ უნდა იყოს ჩემზე"

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ფოტო სადაც "ქართული ოცნების" ყრილობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის და ყოფილ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის შეხვედრაა დაფიქსირებული. ჩვენ დავუკავშირდით მელორ ვაჩნაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- იმ მომენტში მხოლოდ მოვიკითხე და მივულოცე მინისტრობა, რადგან მანამდე არ მყავდა ნანახი, რომ მიმელოცა. მე ის მიკვირს, სხვის საუბარი რატომ გაინტერესებთ, გნებავთ, ჟურნალისტებს და გნებავთ, საზოგადოებას. იქნებ რაიმე პირადული ვუთხარი, მერე რა, რაა აქ გასარკვევი?! ამ ადამიანს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მივესალმე. მე არ ვარ საჯარო პირი, არ ვარ ვალდებული, ვთქვა, ვის რა ველაპარაკე.

- ამბობენ, რომ თქვენ და ალექსანდრე ჭიკაიძე ადრე ახლო მეგობრები იყავით... ახლაც ასეა?

- ძმაკაცები ნამდვილად არ ვართ და არც ვყოფილვართ, უბრალოდ ლექსო ჭიკაიძეს წლებია ვიცნობ.

- წინა ხელისუფლების დროს რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- როდესაც ლექსომ პოლიციაში მუშაობა დაიწყო, მე უკვე პატიმარი ვიყავი.

-მინისტრთან მისვლა უპრობლემოდ მოახერხეთ?

- რა წინააღმდეგობა უნდა შემხვედროდა?

- ნებისმიერ მოქალაქეს ქონდა მასთან ასე ახლო მისვლის უფლება?

- ვერ გეტყვით, ნებისმიერ მოქალქეს შეეძლო თუ არა, მაგრამ ალბათ დაცვის წევრებიც მცნობენ სახეზე, რადგან მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი ვარ. გასვლისას გვერდი-გვერდ აღმოვჩნდით და გამიხარდა მისი დანახვა და მოვიკითხე.

-თვითონ თუ გაუხარდა თქვენი დანახვა?

- ვერ გეტყვით, ვფიქრობ, ნაწყენი არ უნდა იყოს ჩემზე და რატომ არ უნდა გახარებოდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)