"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო..." - რას ჰყვება გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის დედა - კვირის პალიტრა

"ექიმი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლისო..." - რას ჰყვება გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის დედა

"ცოტა ხანში სირბილს დაიწყებს, სასიკვდილო არაფერი სჭირსო "

"ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ... დათუნა პათოლოგიით დაიბადა"

"ბავშვს ტვინის შეშუპება მიაღებინეს... რის შემდეგაც თანდათან მხედველობა დაკარგა "

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის, დავით ვეფხვაძის დედა, სალომე ლომიძე, მომხდარზე პასუხისმგებლობას იაშვილის კლინიკის პროფესორს პაატა გვეტაძეს აკისრებს. ოჯახის ახლობლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება არ ჰქონდა, ბავშვის დედა, არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს აღელველვებულ ახლობლებს წამოსცდათ...

- ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგია ჰქონდა, ჟურნალისტებსაც ვუთხარი, მაგრამ რატომღაც მაინც ის ვერსია გავრცელდა, რომელიც ჩემი ოჯახის აღელვებულმა ახლობლებმა მისცეს... ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ... დათუნა პათოლოგიით დაიბადა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქონდა, კუჭის სარქველი არ იხურებოდა და კუჭში მოხვედრილი საკვები უკან, საყლაპავისკენ ბრუნდებოდა. ეს პრობლემა ჩვილებში ხშირია, მაგრამ ჩვენს შვილს კუჭის სარქველი საერთოდ არ ეხურებოდა და საკვების უკან ამოსვლა, ფილტვების ანთებას იწვევდა, რის გამოც ხშირად გვიწევდა საავადმყოფოში ყოფნა...

- სალომე, ვიცი, რომ ბავშვს ოპერაციას გაუკეთეს...

- დიახ, თუმცა, ვიდრე გაუკეთებდნენ, მითხრეს, შეიძლება, ბავშვმა ოპერაცია ვერ გადაიტანოსო და რამე რომ მომხდარიყო, ამას ვერავის დავაბრალებდი, რადგან გამაფრთხილეს. ყველანაირი ოპერაცია, ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული, შეურაცხადები არ ვართ, რომ ეს ვერ გავიგოთ... ოპერაცია დათუნამ უმტკივნეულოდ გადაიტანა. გართულება არც ოპერაციის შემდგომ დღეებში ყოფილა. ერთი თვის შემდეგ კი, ისევ სტაციონარში, მერე კი, რეანიმაციაში მოვხვდით...

- იგივე პრობლემით?..

- დიახ. სხვა პრობლემა ბავშვს არ ჰქონია. მაშინ დაგვამშვიდეს, რომ ასეთი გამოვლინება ოპერაციის შემდგომ პერიოდს ახასიათებდა. ორი თვის განმავლობაში, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, ყველა დეტალს მკურნალ ექიმს, ბატონ პაატას ვუთანხმებდი. ბავშვს ბოყინი ჰქონდა, უჟანგბადობა ემართებოდა და ლურჯდებოდა. ის კი მეუბნებოდა, არაფერია, დროსთან ერთად გაივლის, ბავშვებს თავისით უგვარდებათო... ამიტომაც მაქვს მასთან ყველაზე დიდი პრეტენზია. იმ დროისთვის ბაშვი ჩვეულებრივად იყო, სხვა პრობლემა არ აწუხებდა. ქალბატონი ნანა ტატიშვილის დასკვნა მაქვს, რომელშიც წერია, რომ ბავშვს არანაირი ნევროლოგიური პრობლემა არ ჰქონია, ამას იმიტომ გეუბნებით, ბავშვს ტვინის შეშუპება მიაღებინეს...

- რას ნიშნავს, "მიაღებინეს?"..

- რეანიამიციაში ყოფნის დროს, ბოლოს, დროულად არ შეაფასეს ვითარება, რომ ბავშვი ჟანგბადის აპარატზე უნდა ყოფილიყო მიერთებული... დათუნამ უჟანგბადობის გამო, ტვინის შეშუპება მიიღო. რის შემდეგაც, თანდათან მხედველობა დაკარგა, მშობლებთან კონტაქტში არ შემოდიოდა. მისი მდგომარეობა თანდათან უარესობისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე თითქოს ისევ გამომჯობინდა.

- ითქვა, რომ ისრაელში გინდოდათ ბავშვის წაყვანა, ვინ გირჩიათ?..

- დიახ, ოპერაციის შემდეგ, რადგან ბავშვს პრობლემები ისევ ჰქონდა, ფილტვების ანთება დაემართა, რადგან საკვები კუჭიდან ფილტვებში ხვდებოდა. ახლა კი ამბობენ, ფილტვების პრობლემა ჰქონდაო, რაც სიცრუა. სუსტი ფილტვების პატრონი ასპირაციულ პნევმონიას 12-ჯერ ვერ გადაიტანდა. ამიხსნას ვინმემ და გავჩუმდები...

რამდენიმემ თქვა, ბავშვს განუკურნებელი სენი სჭირდაო, დამიმტკიცონ ეს, ამიხსნას, რატომ იყო განუკურნებელი და გულს მაინც არ გავიხეთქავ ნერვიულობით, თორემ ის ვიცი, ერთადერთი დედა არა ვარ, ვისაც შვილი მოუკვდა... უბრალოდ, განმიმარტონ, რეანიმაციაში მყოფ ბავშვს ფილტვებში წყალი როგორ ჩაუდგა?.. რაც შეეხება, ისრაელში წაყვანას - როდესაც ეს გადაწვყეტილება მივიღეთ, ბატონ პაატას ვთხოვე, დამიწერეთ, რომ ეს დაავადება საქართველოში არ იკურნება, ისრაელში გვინდა, წავიყვანოთ-მეთქი. ასე მითხრა, ვინც ბავშვის დიაგნოზი არ იცის, იმან დაგიწეროს დიაგნოზი, ბავშვს რა უჭირს, მე ვიკითხოო...

- ეს რატომ გითხრათ?..

- თავად განუკურნებელი სენი სჭირს... მაშინ ასე მითხრა, ცოტა ხანში სირბილს დაიწყებს, სასიკვდილო არაფერი სჭირსო და ჩემი შვილი წინ გაიძღოლა... ამიტომ მაქვს მის მიმართ ასეთი პრეტენზია. ფორმა 100 არ მომცეს, რომ ბავშვი კლინიკადან გაეყვანათ და ისრაელში წაგვეყვანა.

- სალომე, ნოდარ ლომიძე მამათქვენია?.. როგორც ირკვევა, პაატა გვეტაძე სცემა...

- დიახ, მამაჩემმა თქვა, - სამუდამო პატიმრობაში გამიშვან, ოღონდ საქართველოში ბავშვები იყვნენ დაცულნიო... მამა იაშვილის კლინიკიდან პაატა გვეტაძესთან ჩხუბის შემდეგ, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა შვილიშვილის ცხედარს წუთით არ მოშორებია... მას არც შსს-დან დაკავშირებია ვინმე. მამა გამქცევი არ არის... ეს ერთი შვილი მყავდა. დათუნა ჩვენი პირველი შვილი იყო.

თავად ექიმი, პაატა გვეტაძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ წავიდა მის წინააღმდეგ ოჯახი. ექიმი ვარაუდობს, რომ ვიღაცამ ოჯახი დაარწმუნა, რომ ხუთი თვის ასაკში ოპერაცია ცუდად გაკეთდა, რაც აბსურდია.

- ჩვენ ხუთი თვის ასაკში გავუკეთეთ ეს ოპერაცია და კუჭიდან შიგთავისის საყლაპავში გადასვლის პროცესი შეწყდა. ბავშვი პრაქტიკულად გამოკეთდა, მაგრამ პერიოდულად სპაზმები, თვენახევარში, ორ თვეში ერთხელ მაინც ემართებოდა, მოჰყავდათ და ერთი-ორჯერ დაგვჭირდა აპარატულ სუნთქვაზე მიერთება. ბოლოს, ორი თვის წინ, ისეთი მძიმე სპაზმი იყო, რომ ინტუბაციაც გაჭირდა, მაგრამ გაკეთდა ეს ინტუბაცია, შეაერთეს აპარატზე და ამ აპარატულ სუნთქვაზე იყო ბოლო ორი თვე. რადგან დიდხანს იყო აპარატზე, დასჭირდა ტრაქეოსტომის დაყენება. ეს პერიოდი ბავშვი სამქულიან კომაში იყო, ანუ ტვინგათიშული", - განაცხადა ექიმმა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)