"ღვთის სახელით ადამიანების დაშინება მიუღებელია" - მამა პეტრე ფსევდომართლმადიდებლობის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ღვთის სახელით ადამიანების დაშინება მიუღებელია" - მამა პეტრე ფსევდომართლმადიდებლობის წინააღმდეგ

"სწორედ ესაა ფსევდო-მართლმადიდებლობა"

"სხვების გამოსწორება მხურვალე ლოცვით ხდება და არა აგრესიით"

ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო შექმნილ ვნებათაღელვას სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე (კვარაცხელია) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს: სად არის ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდომართლმადიდებლობას შორის? იტყვი? –ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი? – გული სკდება და თავად არ იცი, ღმერთს თუ მამონას ემსახურები... შიში გამიჩნდა. არა ღვთის, არამედ ადამიანების, ვინც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავს... ასეთია მართლმადიდებლობის სწორი გაგება... ძველი აღთქმის ადამიანებს დავემსგავსეთ, სამწუხაროდ- ,,კბილი კბილისა წილ"... ამ ყველაფერზე რას იტყოდა იესო...". ჩვენ დავუკავშირდით მამა პეტრეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- სარწმუნოებისათვის უკიდურესობის ორივე ფორმა მიუღებელია. უკიდურესობაში მე ვგულისხმობ ფანატიზმს (და ამ ფანატიზმის მკაცრად დაცვას) და ლიბერალიზმს. ფანატიზმი და სარწმუნოებრივი ფუნდამენტალიზმი ადამიანებს აბრკოლებს, ასევე ლიბერალიზმიც აკარგვინებს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას. სწორედ ესაა ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდო-მართლმადიდებლობას შორის. შეუძლებელია სარწმუნოებაში იყო ნელ-თბილი. სარწმუნოებაში ან ცივი უნდა იყო ან ცხელი, მაგრამ საჭიროა სწორად გავიაზროთ არსი მართალი სარწმუნოებისა, მართლმადიდებლობისა, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად მივაწოდოთ ადამიანებს.  ღმერთის სახელით ადამიანების დაშინება მიუღებელია. მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვეუბნება: "მოვედით ჩვენდა ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ". სწორედ ასეთი მაშვრალი და ტვირთმძიმენი რომ მიდიოდნენ უფალთან, ამიტომაცაა მართლმადიდებლობა უნივერსალური რელიგია, გვახსოვდეს, რომ პირველი სასუფეველში ავაზაკი შევიდა.

- თქვენ წერთ: "გამიჩნდა შიში არა ღმერთის არამედ ადამიანების მიმართ..."

- თუ სარწმუნოებას არასწორად გავიგებთ და არასწორად გამოვიყენებთ ეს ძალიან საშიში იქნება. სარწმუნოების მიმართ დავიწყებთ ბრძოლას თუ სარწმუნოების სახელით, ჩემთვის ერთი და იგივეა. უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი მოწყალეა. ის არაა მრისხანე, უფალი მოსიყვარულე მამაა და ეს მამა, თუ ჩვენ შევინანებთ, ყველა ცოდვას გვაპატიებს. როგორც წმინდა მამა იოანე ოქროპირი ბრძანებს: ჩვენ უნდა გვძაგდეს ცოდვა და არა ცოდვილი, უნდა ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს. უფლის გვერდით თუ იყო პეტრე მოციქული, ასევე იყო იუდაც, რომელმაც ის გასცა. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ადამიანებს, რომ ეკლესიაში მივიდნენ და შეინანონ ცოდვები, მუქარით და დაშინებით კი არა მგონია, ვინმეს გავუჩინოთ სურვილი ეკლესიის წიაღში მოსვლისა.

- რამდენად აქტუალურია დღეს "მკურნალო, განიკურნე თავი შენი"?

- დღევანდელობიდან გამომდინარე, ყველა ჩვენთაგანი ცდილობს, რომ სხვა ამხილოს. ეს ყველაფერი თითქოს მოდურ ტენდენციად იქცა. პირველ რიგში ჩვენი თავი გამოვასწოროთ და მხოლოდ ამის მერე დავიწყოთ სხვათა გამოსწორება. სხვების გამოსწორება მხურვალე ლოცვით ხდება და არა აგრესიით, შეძახილებით და ცინიკური დამოკიდებულებით. შესაძლოა, ვიღაც სიმართლეს ამბობდეს, მაგრამ მთქმელს უნდა ჰქონდეს მორალური უფლება თქმისა, სხვისი მხილებისა, ხოლო თუ მთქმელი უფრო უარესია, ასეთ დროს მახსენდება მაცხოვრის სიტყვები, როდესაც მრუში დედაკაცი უნდა ჩაექოლათ და მან ხალხს მიმართა - " ვინც ამ მრუშზე უკეთესია, პირველი ქვა მან ესროლოსო". მერე მაცხოვარმა დაიჩოქა და ქვიშაზე თითით დაწერა იმ ადამიანების ცოდვები, ვინც ჩასაქოლად გამოეკიდა მრუშ დედაკაცს. სწორედ ქვიშაზე დაწერილი სიტყვებით ამხილა მაცხოვარმა ის ადამიანები, ვინც ე.წ. კანონს და ზნეობას იცავდა. იცავდა არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში, სწორედ ესაა ფსევდო-მართლმადიდებლობა, როცა სხვაში ვცდილობთ მანკიერების აღმოფხვრას და საკუთარ თავში ამას არც ვეძებთ. ყველამ რომ საკუთარ თავს მიხედოს და განიკურნოს, ზოგადად, სიტუაცია განიკურნება.

- მამაო, როგორ ფიქრობთ რამდენად სწორია ის ვნებათაღელვა, რაც ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა გამოიწვია?

- რამდენი სასულიერო პირიც არსებობს, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი აზრი ჩამოყალიბდა და ეს სამწუხარო ფაქტია. ჩემთვის უმთავრესია წმინდა სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილება და ის რასაც ისინი ურჩევენ ხელისუფლების მესვეურებს, სწორედ ეს იქნება ჩემთვის მისაღები და არ იმ კონკრეტული ადამიანების კომენტარები და გამოხტომები, რამაც შეიძლება საზოგადოება უფრო მეტად დააბრკოლოს და დაქსაქსოს. ამიტომ დავუჯეროთ, მოვუსმინოთ და მივყვეთ ავტორიტეტის სიტყვას, ვინც ყველასთვის თანაბრად საყვარელია და ასეთი ჩვენი უწმინდესია, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)