ახვრებო, პირველ მაისს გილოცავთ! - კვირის პალიტრა

ახვრებო, პირველ მაისს გილოცავთ!

არ იფიქროთ, რომ ბილწსიტყვაობას ვაპირებ, უბრალოდ, თბილისურ ჟარგონში სულ სხვა შინაარსით დამკვიდრებული ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა ასეთია: "ახვარი" თურმე, მშობლების კმაყოფაზე მყოფ ზრდასრულ, უსაქმურ ადამიანს ნიშნავდა.

მთლად მშობლებისაზეაო, -ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა "გავაფართოვოთ" ამ სიტყვის მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში, ზოგადად, სხვის ხარჯზე მცხოვრებ ადამიანებს ვუწოდოთ ახვრები. მით უმეტეს, რომ ასეთები იმ (ანუ "თანამედროვე-ჟარგონული") გაგებითაც ახვრები არიან.

აოეეეე!!! წარმოგიდგენიათ, რამდენი ახვარი ცხოვრობს ამ ქვეყანაში?! გაივსო აქაურობა ახვრებით! თანაც, ვითომ ჩვენებური ახვრები არ გვეყოფოდა -"პაჩკა-პაჩკა" ჩამოდიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

აზრი არ აქვს ჩემს დადანაშაულებას ურაპატრიოტიზმსა და პოპულიზმში -"ყველამ" იცის, რომ ასე არ არის, მაგრამ "საყდრისების", "ხუდონჰესებისა" და სხვა მსგავსი პრობლემების სიმრავლე მაიძულებს ამის თქმას.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პირველი მაისის შესახებ, რომელიც ყოველთვის ჩემი ბავშვობა-ჯეელობის დროინდელ კომუნისტურ დღესასწაულად მიმაჩნდა, ოდესმე დადებით ანუ მხარდამჭერ კონტექსტში რაიმეს დავწერდი, მით უმეტეს, რომ არც ახლა გამოვირჩევი მემარცხენე შეხედულებებით, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. თანაც, ჩვენი ჟურნალის ეს ნომერიც სწორედ პირველ მაისს -მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოდის და ესეც ცუდი დამთხვევაა: სწორედ ახლა მოხდა სამწუხარო ფაქტი რუსთავში, სადაც ყოფილ მეტალურგიულ ქარხნაში არსებულ ინდურ (ანუ პატრონ-მმართველ-ინვესტორები რომ ინდოელები არიან) საწარმოში ჩვენებური მუშა დაშავდა: მარცხენა ხელი და ფეხი მოიტეხა, 50%-იანი დამწვრობა მიიღო, სხვა უფრო მცირე დაზიანებებიც და ახლა ერთი წელი ვეღარ იმუშავებს.

მკურნალობის ხარჯების არასრულ ანაზღაურებას რომ თავი დავანებოთ, ფიზიკური ზიანის მატერიალურ კომპენსაციაზე რომ სიცილით დავიხოცოთ (როგორც ის ახვარი ინდოელი იცინის, თურმე), ეს უბედური კაცი შაბათ-კვირას რომ დამატებით მუშაობდა, რათა გაესტუმრებინა ბანკის ვალი, რომელიც დედის წამლებისთვის აიღო, ახლა ხომ დარჩება უბინაოდ და ის დედაც უწამლობითა და უპურობით უარეს დღეში ჩაუვარდება?!

შენ გეკითხები, ახვარო ინვესტორო: ჰა, "გკიდია", არა?!

სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ახლა ვინც ამას წაიკითხავს, განსაკუთრებით ჩასაფრებულები და ასეთი ახვარ-ინვესტორებისთვის ერთ ლარად ქონების გადამცემთა პოლიტიკური მომხრეები "ლეგიტიმურ" კითხვას დასვამენ: არავინ არის დაზღვეული საწარმოო ტრავმისგან. ის უცხოელი ჩამოვიდა, საწარმო აგვიმუშავა, საქართველოს მოქალაქეებს ამუშავებს და კიდევ ლანძღავო?!

ვლანძღავ კი არა, დედას რომ არ ვაგინებ, არ გიკვირთ (ისე, აქ დაწერა არ შეიძლება, თორემ ვაგინებ, შეგიძლიათ გადასცეთ. მის ჩამომყვანსაც ვაგინებ, სხვათა შორის)?! მეც ვიცი, რომ მეტალურგობა ძნელი საქმეა; ისიც ვიცი, რომ ყოველი მუშის პირადი პრობლემა სულაც არ უნდა ადარდებდეს ფულის გასაკეთებლად ჩამოსულ გადამთიელს; იმაზეც თანახმა ვარ, რომ პენსიონერს თავისი პენსია და დაზღვევა უნდა ჰყოფნიდეს ჯანდაცვის ხარჯების ასანაზღაურებლად და ამისთვის მის შვილს ბინის დაგირავება არ უნდა სჭირდებოდეს... მაგრამ მაინც ახვარია! ახვარია, რადგან თუ შევთანხმდით, რომ ეს სიტყვა სხვის ხარჯზე მცხოვრებს ნიშნავს, "კლასიკური ახვრობა" სწორედ ის არის, რომ მეტალურგიულ ქარხანაში მუშას თვეში 190 დოლარს უხდი! რომ შენი სიძუნწის გამო (სიძუნწეც ახვრობის შედეგია ამ შემთხვევაში) მოძველებული ღუმელი ფეთქდება და ეს მუშა სასიკვდილოდ არის განწირული! რომ ამ საკითხზე ჟურნალისტი რომ გიკავშირდება, "იკიდებ" და პასუხს არ სცემ! რომ პირველი კლასის საავადმყოფოში არ მიგყავს სამკურნალოდ და საწოლთან არ უზიხარ, -იქნებ რაიმე დასჭირდესო!

პირველ მაისს გილოცავ, შე ახვარო, შენა!

შენ და შენი ჩამომთრეველები იმ წესიერი მუშა კაცის ხარჯზე ცხოვრობთ. ასეთ კაცს კი ეწოდება... აღარ მინდა გავიმეორო, იხ. სათაური.

P.S. კაზრეთში რომ ოქროს მოიპოვებს გაურკვეველი, სადღაც ოკეანეთში დარეგისტრირებული კომპანია, ახლა საყდრისის უძველესი საბადოს ჩაყლაპვაც რომ უნდა, მაგათზე წავიკითხე: თურმე, ბოლო ორი წელია, ბიუჯეტში არაფერი შეუტანიათ, -წაგებაზე ვიყავითო. მაქაურ მუშებსაც, თურმე, 200 დოლარი აქვთ ხელფასი და თანაც, ამ ფულიდან ყიდულობენ სპეცტანსაცმელს, რომელიც აუცილებელია, რათა ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ მიიღონ...

ამ საწარმოს ხელმძღვანელებსაც ვულოცავ პირველ მაისს (იხ. სათაური)!

საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში მოჯეჯილე ყველა ახვარს, შინაურსა და გარეულს, ვულოცავ!

P.P.S. "ფეისბუკზე" ვიღაც ოხუნჯმა დაპოსტა, -შევარდნაძე გარდაიცვალაო და ატყდა ერთი ამბავი "მიშისტებში"... ტყუილი ყოფილა და მიჩუმდნენ. შევარდნაძის მყვარებელს რა ვუთხარი ჩემდა თავად, მაგრამ ამაზრზენია ეს ყველაფერი.