გიორგი ლეონიძე კა-გე-ბემ მოიშორა?!
2014 წელს გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წელი სრულდება. მწერლის გარდაცვალების მიზეზზე არასოდეს გაჩენილა ეჭვი, თუმცა მისი შვილიშვილი, ისტორიის დოქტორი გიორგი გვინჩიძე დუმილს არღვევს და პაპის სიკვდილის სკანდალურ ვერსიაზე საუბრობს:
- ცოტა შორიდან დავიწყებ: 1953 წლის მარტში საქართველოს ესტუმრა ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი (საფრანგეთის შრომის მინისტრი) ივ ფარჟი მეუღლითურთ. ფარჟი კაპიტალისტური ქვეყნიდან კი იყო, მაგრამ დიდ პატივს სცემდა სტალინს. გორში სტუმრებს გოგლა ლეონიძე ახლდა - ის იყო ყველგან მათი მასპინძელი. ლხინის შემდეგ, რომელსაც პაპა თამადობდა, ფრანგი სტუმრები "ზიმით" დედაქალაქისკენ გამოემართნენ - 9 საათზე საოპერო თეატრში სპექტაკლისთვის უნდა ჩამოესწროთ. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გოგლა "პობედით" ოდნავ მოგვიანებით წამოვიდა. თბილისის ახლოს ფარჟის მანქანა ავტოკატასტროფაში მოყვა და სტუმარი დაიღუპა...
- ვის რად სჭირდებოდა ფარჟის სიკვდილი და მით უფრო გიორგი ლეონიძისა?
- როგორც გითხარით, ფარჟი დიდ პატივს სცემდა სტალინს, ამ დროს კი იწყება ანტისტალინური მოძრაობა, რომელმაც 1956 წელს პიკს მიაღწია. ცდილობდნენ, საზოგადოებაში გავლენიანი და თან სტალინის მოთაყვანე ადამიანები მოეშორებინათ. ამიტომ განიზრახეს, ფარჟთან ერთად პაპაც მოეშორებინათ, რადგან სტალინი მისთვის უპირველესად ქართველი იყო. სხვათა შორის, ამავე პერიოდში თავი მოიკლა რუსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კონსტანტინ ფადეევმა, რომელიც რეალურად მოკლეს, რადგან ისიც სტალინის მომხრე იყო.
- ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია თუ სხვა რამეც გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
- 9 აპრილი ახალი მომხდარია... პატარძეულში ტარდება "გოგლაობა". ამ დროს ჩემთან მოვიდა ორი კაცი. ერთი გორის უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსად გამეცნო და მითხრა: - მოსკოვის დავალებით - ფარჟი უნდა მომკვდარიყო. მასთან ერთად მანქანაში გოგლაც უნდა ჩამჯდარიყო და ერთად უნდა მოყოლილიყვნენ ავარიაში, მაგრამ მე ავიღე ჩემს თავზე და გოგლა "პობედით" გავუშვიო...”სამწუხაროდ, მერე ამ კაცს ვეღარ დავუკავშირდი, რომ დეტალები გამომეკითხა, თუმცა ვფიქრობ, ცოტა წაიტრაბახა, - საკუთარ თავზე ავიღე გოგლას გადარჩენაო - ის მოსკოვს ვერ შეეწინააღმდეგებოდა. პაპას კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს უშიშროების შეფთან, ალექსი ინაურთან (ლექსიც კი აქვს დაწერილი - "მაიორ ინაურს") და ალბათ, მისი მეშვეობით გადარჩა გიორგი ლეონიძე. ეს იყო პაპას მოშორების პირველი მცდელობა.
- სხვა მცდელობაც ჰქონდათ?
- 1964 წელს სსრკ-ის სათავეში ბრეჟნევი მოვიდა. ამ დროს ხელისუფლებაში რამდენიმე დაჯგუფებაა, რომლებიც საბჭოთა კავშირის განვითარების სხვადასხვა გზაზე მსჯელობენ. ერთ-ერთი ჯგუფის გეგმით, საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო. ეს სურდა თავად რუსეთს, მაგრამ არ უნდა გამოჩენილიყო რუსეთის ინტერესი. ამ გეგმით მთავარი როლი ადგილობრივ ეროვნულ ძალებს უნდა შეესრულებინათ (სწორედ ეს მოდელი განხორციელდა გორბაჩოვის დროს და მხოლოდ საქართველოში გამართული მიტინგებით არ დაშლილა საბჭოთა კავშირი). ბუნებრივია, ეროვნულ ძალებს სჭირდებოდათ ლიდერი. მაშინ საქართველოში ასეთი კანდიდატები იყვნენ: გიორგი ლეონიძე და კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინე არ იყო სახალხო კაცი, ის განდეგილად ცხოვრობდა და ცოტა პირქუშიც გახლდათ, გოგლა კი მუდამ ხალხში ტრიალებდა და ეს ჯგუფიც სწორედ პაპას დაუკავშირდა - ახალ ხელისუფლებას განზრახული აქვს დიდი ცვლილებები, საამისოდ კი აუცილებლად უნდა გააქტიურდეს ხალხი, ეს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გაკეთდეს, ხალხამდე ეს ამბავი თქვენ უნდა მიიტანოთო.
პაპა მუდამ სამშობლოზე ფიქრობდა და როცა ასეთ კაცს ეუბნებიან, ხალხის საკეთილდღეოდ რაღაცის გაკეთება შეგიძლიაო, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა. პაპამ ჩათვალა, რომ ეს მისი მისია იყო. ბუნებრივია, ამ ჯგუფის ლეონიძესთან კავშირი არ გამოეპარებოდა საბჭოთა უშიშროებას. ამ პერიოდში (1966 წლის სექტემბერში) ახლოვდებოდა რუსთაველის 800 წლის იუბილე, სადაც გოგლა სიტყვით უნდა გამოსულიყო. იუბილეს მსოფლიოს ათობით ქვეყნის წარმომადგენელი უნდა დასწებოდა. პაპას სამეგობროში რამდენჯერმე უთქვამს, რუსთაველის იუბილეს შემდეგ რუსთაველის ძეგლიდან ლენინის მოედნამდე სუფრა უნდა გავშალოო. ასეთ ფრაზებს უშიშროება გულდასმით აკვირდებოდა.
საგულისხმოა ისიც, რომ 1965 წელს გოგლა ლეონიძემ გამოაქვეყნა ლექსი "მოწოდება", სადაც პირდაპირ წერია, - თუ წინ რამე ჩაგვეხერგა, ის აუცილებლად უნდა გავარღვიოთ, ჩვენი ასპარეზი გავაფართოოთ და ქართული ფრთებით გავიჭრათ მსოფლიო ასპარეზზეო. ახლა წარმოიდგინეთ, უშიშროებამ უკვე იცის პაპას კავშირი იმ ჯგუფთან, ამასთან, ეს ლექსიც ქვეყნდება... ამას დაუმატეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. დაახლოებით ამ პერიოდში გოგლამ დაიწყო ფიროსმანზე მასალების შეგროვება. ამ მიზნით დადიოდა მთელ საქართველოში, სადაც ყველას ხვდებოდა. პაპა ფიროსმანზე მართლაც აგროვებდა მასალებს, მაგრამ უშიშროებას ეგონა, რომ გიორგი ლეონიძე ამ საქმით ნიღბავდა საკუთარ მისიას და თითქოს ფიროსმანზე ინფორმაციის შეგროვებისას ხალხს აგულიანებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამიტომ პაპას უთვალთვალებდნენ. როგორც ჩანს, ეს ამბავი ინაურს გასცდა, თორემ, ვფიქრობ, ის გოგლას მაინც არ გაწირავდა.
- ცნობილია, რომ გოგლა ლეონიძემ ფიროსმანზე შეგროვილი მასალები დაკარგა. აქ უშიშროების ხელი ხომ არ ერია?
- სწორედ ასე იყო. ერთხელ გოგლა რუსთაველის მეტროს გვერდით, სანაყინეში შედის მეგობრებთან ერთად და იქ შემთხვევით რჩება ფიროსმანზე მოძიებული სრული ინფორმაცია... როდესაც გაიხსენა და უკან დაბრუნდა, სანაყინის დირექტორმა უთხრა, - ქალბატონი მოვიდა, გოგლა ლეონიძის თანამშრომელი ვარო და გავატანეთო... ასე უკვალოდ გაქრა მასალა. არც ის არის გამორიცხული, რომ სანაყინის დირექტორი შეკრული ყოფილიყო უშიშროებასთან.
ჩანაწერების დაკარგვის გამო გოგლა ძალიან ნერვიულობდა, ზოგან წერენ კიდეც, რომ ამ მიზეზით განუვითარდა ავადმყოფობა, მაგრამ ეს არ არის მართალი.
ამის შემდეგ ახლოვდება რუსთაველის იუბილე. არსებობს საფრთხე, რომ ლეონიძე რამეს იტყვის, თუ მოიშორებენ, ზედმეტ თავის ტკივილსაც აიცილებენ. დახვრეტა და გადასახლება ამ პერიოდში უკვე აღარ იყო, ვერც ავარიას მოუწყობდნენ, რადგან ბევრი მოწმე იქნებოდა. გადაწყვიტეს, მისთვის მომაკვდინებელი სენი შეეყარათ და სწორედ ასე მოიქცნენ - პაპა დაასნეულეს (ალბათ, საკვებით მოწამლეს) და ღვიძლის ავთვისებიანი დაავადებით 40 დღეში გარდაიცვალა. ეს მოხდა 9 აგვისტოს, სექტემბერში კი რუსთაველის იუბილე გაიმართა...
- პაპა ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდა?
- პაპამ სიკვდილის წინ თავის ორ მეგობარს უთხრა, რომ მისი ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. პაპას გარდაცვალების შემდეგ მოწამვლის ვერსიაზე ბევრი ალაპარაკდა, მაგრამ არავის უნდოდა აუტკივარი თავის ატკივება და გაჩუმდნენ.
დღეს პირველად თქვენთან ვყვები ამ ამბავს.
ლადო გოგოლაძე