"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო"
ექვს მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის იხსენებს. შეეწიოს საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს ქრისტეს მხნე მეომარი.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, გაგაცნობთ რამდენიმეს:
მკრეხელობის საზღაური
პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას სარკინოზები შეესივნენ. იქ მყოფნი დაატყვევეს. ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი მოწამის წმინდა ნაწილები იყო დასვენებული, იწყეს ლოთობა, თამაში და ხუმრობა, ისრებს ესროდნენ იქ დაბრძანებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ: არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი, დღემდე ამხელს მოწინააღმდეგეებს და მუსრავს მათო. უსჯულოებმა უნდოდ გაიცინეს. ერთმა წმინდანის ხატს სტყორცნა ისარი, რომელიც უეცრად უკუიქცა და მტყორცნელს გული განუგმირა. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. სარკინოზებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. გადარჩენილნი ყველას მოუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
ქურმუხის წმინდა გიორგი
საქმის დაწყებამდე ყოველი მართლმადიდებელი ჰერი ლოცულობს: "უფალო ღმერთო და ქურმუხის ტაძარო, თქვენ დამიფარეთ".
ქურმუხის XII-XIII სს-ის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ჰერების გადმოცემით, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, დედა ღვთისმშობელი აღებს ტაძრის ქვეშ გამოქვაბულის კარს, გამოდის და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება ოქროს მამალი და ყივილს მორთავს. მას ახლომახლო სოფლების მამლებიც აძლევენ ბანს. ერთხელ, მარიამ დედას თმის ვარცხნისას მიჰპარვია ერთი თათარი და დაჭერა მოუნდომებია, მაგრამ ხელი გაშეშებია, ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შებრუნებულა გამოქვაბულში და კარიც დახშულა. თათარი შეწევნას შევედრებია ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის. მართლაც განკურნებულა და ქრისტიანობა მიუღია.
ერთ ურწმუნო მექარავნეს ქურმუხთან გამოუვლია, მაგრამ პატივი არ უცია წმინდანისთვის. წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემებიც გაუქვავებია. დღეს ქურმუხის ფერდობზე დაყრილ ლოდებზე მორწმუნეები სანთლებს ანთებენ.
ქურმუხამდე მისასვლელად გრძელი, ტყიანი აღმართი უნდა აიარო. გიორგობას აქაურები ამ გზას ფეხშიშველი მიუყვებიან. სწამთ, ასე უფრო შეიწირავს წმინდა გიორგი მათ ლოცვას. დღესასწაულს კი ერთმანეთს ასე ულოცავენ - "შეგეწიოს!" პასუხიც არ აყოვნებს - "დაგიმადლოს!"
როგორ გახსნა ტაძარი წმინდა გიორგიმ
ეს გასაოცარი ამბავი ხრუშჩოვის დროს სამარყანდში მოხდა არქიმანდრიტ სერაფიმეს (სატუროვი) მსახურებისას. ეს მღვდელი პერმიდან იყო, რეპრესირებული, ათი წელი იჯდა ციხეში, მოხუცი იყო, სნეული, თავისი სითბოთი ბევრი მიიზიდა ტაძარში. სუკელებმა ნახეს, რომ ახალგაზრდობამ ტაძარში იწყო სიარული და მიზეზი გამონახეს ტაძრის დასაკეტად...
ერთხელ ცოლ-ქმარმა მონათვლა სთხოვა, ოღონდ წიგნში არ გაატაროთ, სამსახურიდან მოგვხსნიანო. მაშინ საეკლესიო წიგნში ნათლულების და ნათლიების საპასპორტო მონაცემებს წერდნენ, რასაც მერე რელიგიის საქმეთა რწმუნებული ათვალიერებდა... მოძღვარი დათანხმდა. თურმე ისინი სუკთან შეკრულნი იყვნენ. ნათლობის შემდეგ ტაძარში მყოფმა მოხელემ ოქმი შეადგინა - მღვდელმა ხალხი მონათლა, ჟურნალში კი არ ჩაწერა, რაც სამოქალაქო კანონის დარღვევააო. ამის გამო მამა სერაფიმეს ღვთისმსახურება აუკრძალეს. გავიდა ორი წელი. მოახლოვდა წმინდა გიორგის ხსენების დღე. მრევლი წუხდა, რომ ღვთისმსახურება არ იქნებოდა. ხელისუფლებას ტაძარში საბავშვო ბაღის, ფურნეს, სასადილოს გამართვა უნდოდა, მაგრამ 6 მაისის წინა საღამოს საოცრება მოხდა: ტაძრის გვერდით, არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად ცხოვრობდა ორი მესენაკე - მონაზონი იულია (ხატმწერი) და მორჩილი ევდოკია. მამა სერაფიმე კელიაში დღესასწაულისთვის ემზადებოდა, კანონებს კითხულობდა, დედა იულია ეზოს გვიდა. უეცრად დაინახეს - ეკლესიის გალავნის კარი გაიღო და ორი ოფიცერი შემოვიდა. უბრალო სამოსი ეცვათ, თეთრ ცხენებზე ისხდნენ. ერთი ხნიერი იყო, მეორე - შედარებით ახალგაზრდა. პირველი გადმოხტა ცხენიდან და მონაზონს მიმართა: - დედა იულია, აღვირი დაიკავე, მე მამა სერაფიმესთან შევალო.
აკანკალებული დედა იულია მუხლებზე დაეცა: - ეჰ, საყვარელო, ამ ღონიერ ცხენს ვერ მოვერევიო. მაშინ ოფიცერმა აღვირი მხლებელს გადასცა, უკითხავად შევიდა მამა სერაფიმესთან და ხატების წინ მუხლმოყრილ ბერს მიმართა: - მამაო სერაფიმე, მოემზადე ღვთისმსახურებისთვის, დღეს ტაძარი გაიხსნებაო და გაბრუნდა.
მოძღვარი დაიბნა: ვინ არის ეს ოფიცერი, საიდან მოვიდა? როგორი ძალა იგრძნობა მის სიტყვებში! ანაზდად იცნო სტუმარი - წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. სარკმლიდან გაიხედა - ორივე მხედარი მსუბუქად მოახტა ცხენებს და ისე გააჭენეს, რომ ფლოქვებს ნაპერწკლები გასცვივდა.
მამა სერაფიმესგან ისინი სამარყანდის აღმასკომში მივიდნენ. დიდმოწამე გიორგიმ გვერდი აუარა უეცრად დამუნჯებულ მილიციელებს, მდივანს, შევიდა თავმჯდომარის კაბინეტში და უბრძანა: - დღესვე გახსენით წმინდა გიორგის ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო.
თავმჯდომარე შეაშინა უცნობი ოფიცრის გამოჩენამ და მისმა ნათქვამმა. ენა ვერ მოაბრუნა ვინაობის საკითხავად. ფანჯრიდან ფრთხილად გადახედა: ის რაშს მოახტა და გაქუსლა. შეშინებულმა მოხელემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს დაურეკა, - სასწრაფოდ გახსენით ტაძარი, ბრძანებას მოგვიანებით დაწერთო. მეორე დღეს აღმასკომის თავმჯდომარე მიადგა მამა სერაფიმეს, - თქვენი ხელმძღვანელის ფოტოსურათი მაჩვენეთო. ბერმა ტაშკენტის ეპისკოპოსის სურათი გამოუტანა.
- არა, ეს არ არის! გუშინ ჩემთან თქვენი უფროსი იყო, ოფიცერი - სასწრაფოდ გახსენით ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო!
მამა სერაფიმეს ცრემლი წასკდა და თეთრ ცხენზე მჯდარი დიდმოწამე გიორგის ძველი ხატიღა გამოუტანა. აღმასკომის თავმჯდომარემ შეხედა თუ არა, თქვა: - ისაა!!! ის იყო გუშინ ჩემთან! - და ისიც ატირდა.