ევროპას "ისპანკა" დაერია - კვირის პალიტრა

ევროპას "ისპანკა" დაერია

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველად ევროპული ტურნირების ფინალები ინგლისური კლუბების გარეშე ჩაივლის. სამაგიეროდ, ესპანელებმა გაილაღეს და ოთხი ფინალისტიდან ოთხივე სწორედ პირინეის ნახევარკუნძულელია. ჩემპიონთა ლიგის მთავარი მატჩი სულაც "მადრიდული დერბი" იქნება - "რეალი" VS "ატლეტიკო"!

მადრიდის ლისაბონი

"ბაიერნი" იმავე მეთოდით "დასაჯეს", აქამდე სხვებს რომ უსწორდებოდა... მადრიდის "რეალმა" პირველად მოიგო მიუნხენში, მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც - 0:4 "ბაიერნთან"? ფანტასტიკას უფრო ჰგავს... არადა, რეალობაა, ვისთვის - მწარე, ვისთვის კი - ისტორიულად საამო. კარლო ანჩელოტიმ "ჯიბეში ჩაისვა" პეპ გვარდიოლა, "სამეფო კლუბმა" კი ისე ააოხრა მიუნხენი, გვარდიოლას "გვარდიელები", აქამდე დაუმარცხებლები რომ გვეგონა,  კარგა ხანს ვერ მოვლენ გონს... სხვათა შორის, "რეალი" ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ რაკიღა გავიდა, ყველაფერს გააკეთებს, მეათედ რომ აღმართოს მისთვის ასე შინაური და აგრერიგად მონატრებული თასი...

"რეალს" ლიგის ფინალშიც პრიმერა დივიზიონელი კონკურენტი ეყოლება. 40 წელიწადია, მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონთა თასის ფინალში არ უთამაშია, მაგრამ დიეგო სიმეონეს შეგირდები წელს მართლაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებენ და ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე "განსაკუთრებულის" (ჟოზე მოურინიოს მეტსახელია. - ავტ.) "ჩელსიც" განსაკუთრებული სიამოვნებით მოინელეს. 0:0 მადრიდში და 3:1 - სტუმრად... და ამ ყველაფრის შემდეგ ვინ უფროა განსაკუთრებული?! მადრიდიდან ლისაბონამდე კი ორი ნაბიჯია...

უი, ვენტუსი... ტურინის გარეშე!

უის და ვაის ძახილი უკვე გვიანია - ტურინიში გასამართი ევროპის ლიგის ფინალი ტურინის "იუვენტუსის" გარეშე ჩაივლის! ლისაბონის "ბენფიკასთან" სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ იტალიელებს შინ მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც აძლევდათ ხელს, მაგრამ "ბებერ ქალბატონს" ("იუვენტუსის" მეტსახელია. - ავტ.) მაინცდამაინც ახლა მოუნდა მეტსახელის გამართლება... რამდენიმე ეპიზოდში ანტონიო კონტეს შეგირდებს იღბალმაც უგანა, მაგრამ მაინც ვერავინ იტყვის, რომ "ბენფიკამ" ფინალის საგზური დაუმსახურებლად მოიპოვა...

უფრო დრამატული გამოდგა მეორე ნახევარფინალი: "სევლიამ" პირველ მატჩში 2:0 იმარჯვა და ვალენსიაში იმედიანად ჩავიდა, თუმცა... "ვალენსიას" ფეხბურთელებს მორიგ გმირობამდე წამები დააკლდათ: 94-ე წუთამდე (!) მასპინძლები 3:0 იგებდნენ, სანამ საქმეში სევილიელი სტეფან მბიას თავი არ ჩაერია და... 14 მაისს ტურინულ ფინალში "სევილია" და "ბენფიკა" ითამაშებენ...