კოპენჰაგენი: "ოოო, ჯორჯია, სოხუმი!" – ექსკლუზივი ევროვიზიიდან - კვირის პალიტრა

კოპენჰაგენი: "ოოო, ჯორჯია, სოხუმი!" – ექსკლუზივი ევროვიზიიდან

მთელი დანია ბოლო დღეები გადართულია ევროვიზიის ტალღაზე. აეროპორტში მესაღვრე კონტროლიორი დიდ ხანს ათვალიერებდა ჩემ პასპორტს და რატომღაც უცბად ვერ დაინახა შენგენის ვიზა და მითხრა - კი მაგრამ, ევროვიზიაზე თუ ჩამოხვედით, ვიზა სად არისო? მეც არ დავახანე და ხმამაღლა ვთქვი: პრებენ ელკიაერ! (ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი) და უნდა გენახათ დანიელი მესაზღვრისა და მის გვერდით მჯდომი კოლეგის სიხარული. ერთმა უცბად მოძებნა ჩემს პასპორტში შენგენის ვიზა (თურმე ყოფილაო), მეორემ კი მე გამაოცა: მითხრა, ქართველებსაც ყავდათო დიდი ფეხბურთელები და დაასახელა დავით ყიფიანი...

ეს მხოლოდ სიურპრიზების დასაწყისი იყო. კოპენჰაგენის ცენტრში, ქალაქის მერიის მოედანზე, სადაც ტარდებოდა ევროვიზიის გახსნის ცერემონია, გახსნამდე 20 წუთით ადრე ქუჩაში, ამ მოედნიდან 100 მეტრში, ვიღაც სკანდირებდა - "ჯორჯია, სოხუმი!". გამოვიხედე და შევამჩნიე ველოსიპედზე მჯდომი დაახლოებით 60 წლის მამაკაცი. ის მოვიდა ჩემთან ახლოს და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემს ქურთუკზე წარწერა -GGEORGIA, SOKHUMI-ს დანახვა. კითხვაზე - რამ გაგახარათ ასე, ნამყოფი ხართ სოხუმში? მიპასუხა--კი, ვყოფილვარ იქ. მერე მკითხა "სოხუმში ცხოვრობო?" ავუხსენი, რომ სოხუმელი ვარ და როცა დავიწყე 1992-1993 წლების ომზე და შემდეგ მოვლენებზე საუბარი, მითხრა: ვიცი, დიდი ომი იყო რუსეთ-საქართველოს შორის.. ეს კაცი აღმოჩნდა დანიაში მცხოვრები ნორვეგიელი მწვრთნელი კრივში რანდი დალი. მან მომიყვა, რომ 1980-ანი წლების ბოლოს, ნორვეგიის ჭაბუკ მოკრივეთა შეკრებაზე იყო სოხუმში. მომიყვა, რომ ძალიან კარგად ახსოვს საქართველო. ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმის მკვიდრმა, რომელიც უკვე 10 წელია ცხოვრობს დანიაში, მიგვიპატიჟა ყავაზე და თითქმის ქართული სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწია. მან გვითხრა, რომ იცის იმის შესახებ, რომ საქართველოში კრივი არ არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა და იცის, რომ საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. მან ევროვიზიის ქართველ მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ევროვიზიის გახსნის ცერემონია კი საკმაოდ საინტერესო იყო. კოპენჰაგენის რატუშის წინ მდებარე მოედანზე შეკრებილი დაახლოებით 1,5 00 ადამიანი დიდი სითბოთი და ტაშით შეხვდა ქართული ჯგუფი "შინის" წევრებს და მარიკა ებრალიძეს. მაყურებელთა შორის იყვნენ საქართველოდან ჩამოსული ფანები და კოპენჰაგენში მცხოვრები ქართველებიც.

განსაკუთრებული სითბო ცერემონიის მონაწილეებმა და მაყურებლებმა გამოხატეს ევროვიზიის უკრაინელი მონაწილის მარია იარემჩუკის მიმართ -ესეც გასაგებია.

თენგიზ პაჭკორია, კოპენჰაგენიდან სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის"

ფოტო - რანდი დალი და ამ სტრიქონების ავტორი

ფოტო- მარიკა ებრალიძესთნ ერთად ქართული დელეგაციის წევრები

ფოტო - ევროვიზიის გახსნის ცერემონია