"ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გვიყვარდეს სავაში? როდის გახდა სიყვარული დანაშაული?" - ინტერვიუ ”სავაშის ბებოებთან” - კვირის პალიტრა

"ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გვიყვარდეს სავაში? როდის გახდა სიყვარული დანაშაული?" - ინტერვიუ ”სავაშის ბებოებთან”

"სურათი რომ დაინახა, დაცვა გაწია, თვითონ მოვიდა, გადაგვეხვია და მოგვეფერა."

"მე 85 წლის ვარ, ქალბატონი ჯავარა 80 წლის... ხვალ ან ზეგ შეიძლება აღარც ვიყოთ და რა მოხდებოდა, ჩვენი სიხარული გაგეზიარებინათ თქვენც?! სიყვარულის გამოხატვა როდის გახდა დანაშაული?"

ცოტა ხნის წინ "სურამელის ბლოგზე" ბლოგი დავწერე - გამოსავაშებული ერი. ბლოგს სურათად ინტერნეტიდან აღებული ფოტო დავურთეთ, სურათზე ორი ხანდაზმული ქალბატონი: ჯავარა (ლაურა) ფხაკაძე და ნესტან მუსელიანი არიან გამოსახული. სამწუხაროდ, მათ ეს ბლოგი ისე მიიღეს, როგორც პირადად მათზე დაწერილი ტექსტი და გულნატკენები დარჩნენ. ისინი დაგვიკავშირდნენ და თავისი გულისტკივილი გამოთქვეს:

ჯავარა ფხაკაძე:

- ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გვიყვარდეს სავაში? განა რამეს ვაშავებთ ამ სიყვარულით? სიყვარული ღმერთმა გვაჩუქა და ეს ღვთისგან ბოძებული სიყვარული დასაცინია?! ჩვენ ხანდაზმული ქალები ვართ და ხვალ ან ზეგ შეიძლება აღარც ვიყოთ და რა მოხდებოდა, ჩვენი სიხარული გაგეზიარებინათ თქვენც?! სიყვარულის გამოხატვა როდის გახდა დანაშაული? რა საჭირო იყო, შვილო, ამის გაკეთება? მომისმინე, ბებო გენაცვალოს, სავაში ხომ ქველმოქმედია, ის ხომ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენ ბავშვებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ჩვენ ხომ მას ვუყურებთ როგორც კარგ მსახიობს და თუ ასეთი ადამიანი შევიყვარეთ და შევხვდით, ამით ქვეყანა დავანგრიეთ?

- ეს წერილი უფრო მეტად ახალგაზრდებს ეხებოდათ, გულწრფელად ვწუხვარ, თუ თქვენზე მიიღეთ...

-იქ რომ გიწერიათ, კავსაძეს და ბერიკაშვილს არ ცნობენო, ეს ასე არაა. ძალიან კარგად ვიცნობ მასაც და ჩვენ სასიქადულო მსახიობებსაც.

ნესტან მუსელიანი:

- რა მოხდა, თუ დედაშვილურად მივესალმეთ და პატარა საჩუქარი ვაჩუქეთ? დავუშავეთ ვინმეს რამე? იქ კოცნა-პროშტნა ნამდვილად არ ყოფილა. სურათი რომ დაინახა, დაცვა გაწია, თვითონ მოვიდა, გადაგვეხვია და მოგვეფერა. კაცი გაოგნებული დარჩა, ნამდვილად არ ელოდა, აქ თუ ასე უყვარდა ვინმეს. საქართველოს ყველა კუთხეში მყავს ნაცნობები და ყველა დიდი სიყვარულითაა ამ კაცისადმი განსმჭვალული, რადგან ამ ადამიანისგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდის.. მე 85 წლის ვარ, ქალბატონი ჯავარა 80 წლის და ასეთი რამე რატომ გვაკადრეთ? ცოტა ხნის სიცოცხლეღა დამრჩა და გახარება გვინდოდა, რა სიყვარულსაც მისგან ვგრძნობთ, იმ სიყვარულის გამოხატვა გვინდოდა ჩვენც და რატომ გაგვხადეთ სხვების დასაცინი?! რომ წერ, იმ მოხუცებმა "ხუთკუნჭულა" წაუკითხონ თავის შვილიშვილებსო, ჩემ შვილიშვილს ეგეც წაკითხული აქვს და ზეპირად მოგიყვება ქართულ ზღაპრებს, თანაც უკვე გამოვიდა მაგ ასაკიდან. სულ ქართული ტრადიციებით მყავს გაზრდილი.

მე ნებისმიერი ქართველი მსახიობი მირჩევნია თურქ ვარსკვლავებს... შვილო, ჩვენ მოხუცები ვართ და ჩვენი გულისტკენა ძალიან იოლია. ეცადეთ, მოხუცებს გული არ ატკინოთ, თორემ თქვენც მოხუცდებით... თუ ჩვენი განაწყენება ვინმეს სიკეთეს მოუტანს, მოვითმენთ, მაგრამ ერთმანეთს მოვეფეროთ და ყველა კარგად ვიყოთ, ასე არ აჯობებს?!

პ.ს. დაახლოებით 2 წელია, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ. დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ განაწყენებულ რეპოდენტებთან ურთიერთობა ნამდვილად მქონია. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მინერვიულია მათი წყენინება, რადგან უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ნათქვამი აღარ მოწონდათ ხოლმე. ეს კი სრულიად სხვა შემთხვევაა, ძალიან ვინერვიულე, რომ ჩემი ნაწერით ამ ორ ლამაზ ადამიანს უნებლიედ გული ვატკინე. ქალბატონო ჯავარა და ქალბატონო ნესტან, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, იმ ტკივილისათვის, რაც ჩემმა ნაწერმა მოგაყენათ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)