ყვავილოვანი კომბოსტო - გემრიელიც და სასარგებლოც
ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, ნიკოტინის, მათ შორის ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, თიამინით, პირიდოქსინით, რიბოფლავინით, რეტინოლითა და ბიოტინით, გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ყვავილოვან კომბოსტოში, თეთრთავა კომბოსტოსგან განსხვავებით, C ვიტამინი სამჯერ მეტია, მასში რკინა ბევრად მეტია, ვიდრე წიწაკაში, სალათის ფურცლებში, ბადრიჯანსა და ყაბაყში. საკვებად გამოიყენება მისი ფოთლებიც.
ყვავილოვან კომბოსტოს (განსაკუთრებული სტრუქტურის გამო) ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ ის საუკეთესო საკვებია კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის, პრაქტიკულად არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის სეკრეტორული ფუნქცია აქვს დაქვეითებული, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ყვავილოვანი კომბოსტო აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ხელს უწყობს პერისტალტიკას, სასურველია მისი მიღება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.
ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარულად მიღება მინიმუმამდე ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მისი წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.
ცნობისთვის: ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს პურინულ ნაერთებს, ამიტომ პოდაგრით დაავადებულებმა უნდა მიიღონ შეზღუდულად, ზოგჯერ იძლევა ალერგიულ რეაქციებს.