"ჩამოხრჩობანა" - ანუ რას ასწავლის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის პედაგოგი ბავშვებს (ექსკლუზივი)
"გიორგის წლინახევრის ძმა დივანზე პირქვე დაუწვენია, თვითონ ზემოდან ეჯდა და ახრჩობდა"
"ვერ გავაცინე, ამიტომ ბავშვებმა "ჩამომახრჩეს"
ნინო ქაცარავა:
- ჩემი 5 წლის შვილი თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სახელმწიფო ბაღში დამყავს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ბაღით აღფრთოვანებული ვარ - მისი ერთ-ერთი მასწავლებელი დიდად არასოდეს მომწონდა, რადგან ყოველდღე მეწუწუნებოდა, - აღარ შემიძლია ამდენი ბავშვის გაძლება, ყოველდღე წნევა მიწევსო. რასაკვირველია, ძნელია, ყოველდღიურად 47 ბავშვი დააშოშმინო, თითოეულს სათანადო ყურადღება მიაქციო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაა და როგორც უნდა იღლებოდეს, ამაზე მშობლებთან მაინც არ უნდა იწუწუნოს. ერთხელ ბავშვი შინ ტუჩგახეთქილი დაბრუნდა. იმ დღეს არ მეცალა და გიორგი ბაღიდან ჩემმა დედამთილმა გამოიყვანა. გიოს დასისხლიანებული ტუჩი რომ დავინახე, შევშფოთდი, - რა მოგივიდა-მეთქი? მიპასუხა, ნინომ (ჯგუფელმა) ხელი მომარტყაო. - არა უშავს, დედი, ალბათ შემთხვევით მოუხვდა-მეთქი. - არა, შემთხვევით კი არა, სპეციალურად მომარტყა. ჩვენს ჯგუფში ახალი ბავშვი გადმოვიდა. მასწავლებელმა დამავალა, რომ ეს ბავშვი გამეცინებინა. ვერ გავაცინე, ამიტომ ბავშვებმა "ჩამომახრჩეს" და ნინომაც მაშინ მომარტყა ხელიო...
- "ჩამოხრჩობაში" რა იგულისხმა?
- აღმოჩნდა, რომ მასწავლებელს ახალი თამაში მოუფიქრებია: რომელი ბავშვიც დანარჩენებს ვერ გააცინებს, ის უნდა "ჩამოახრჩონო" ანუ რამდენიმე ბავშვი უნდა ეცეს და ეჭიდაოს, ვითომ ახრჩობს. ეს რომ გავიგე, აღვშფოთდი. გიორგიმ რომ შემატყო, გავბრაზდი, ჩემი დამშვიდება სცადა, - მართლა კი არ "ჩამომახრჩვეს", ვითომ-ვითომო. მაგრამ აბა, რა დამამშვიდებდა? მეორე დღეს ბავშვის გამოსაყვანად ბაღში თავად მივედი. მასწავლებელს პატარების თანდასწრებით "საქმის გარჩევა" არ ვაკადრე და ვთხოვე, - იქნებ ერთი წუთით დერეფანში გამოხვიდეთ-მეთქი. რომ გამოვიდა, ვკითხე: თქვენ თუ იცით, ეს ბავშვები "ჩამოხრჩობანას" რომ თამაშობენ-მეთქი? თავიდან, თითქოს გაიკვირვა, - არ ვიცი, ეგ რა თამაშიაო?
***
- აღმზრდელთან საუბარმა შედეგი გამოიღო?
- მასწავლებელთან საუბრის შედეგზე რა გითხრა, მაგრამ მის მიერ ნასწავლმა "ჩამოხრჩობანამ" შედეგი ნამდვილად გამოიღო: რამდენიმე დღის შემდეგ, სამზარეულოში ვიყავი, სადილს ვამზადებდი. ჩემი შვილები იქვე, მისაღებ ოთახში თამაშობდნენ. უცებ, უმცროსი შვილის (რომელიც მხოლოდ წლინახევრისაა) მოგუდული კივილი გავიგონე. მათკენ წავედი და რას ვხედავ: გიორგის დივანზე პირქვე დაუწვენია, თვითონ ზემოდან ეჯდა და ახრჩობდა, ამის მიზეზი კი "კარლსონის" წიგნი გახლდათ, რომელიც პატარამ დაუკითხავად აიღო. მიუხედავად იმისა, რომ გიო სამი წლიდან ბაღში დადის, წერა-კითხვა არ იცის, ასოებს ვერ ცნობს. სამაგიეროდ, უმარტივესად აითვისა, თუ როგორ უნდა "ჩამოახრჩოს" ადამიანი.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.