"თავზე ჯოხი მივიმაგრე და... ოცნება ავისრულე - გოგონა ვარდისფერი სამყაროდან"
იმ დღეს მაკა ნათელაურის სახით კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე. მკითხველს ვთხოვ, წარმოიდგინოს ეტლში მჯდარი 25 წლის გოგონა, დიდრონი თვალებითა და ლამაზი ქერა თმით. დიაგნოზი: ცერებრული დამბლა. კიდურები პარალიზებული, გარე სამყაროსთან ურთიერთობას გაუმართავი მეტყველებით ცდილობს, განცდებსა და ემოციებს კი შუბლზე მიმაგრებული ჯოხით კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფილი სიტყვებით გადმოსცემს. მას თავისი ვარდისფერი სამყარო აქვს.
ლილი ნათელაური, მაკას დედა: - პირველი მოთხრობა კარნახით დამაწერინა - მაშინ ექვსი წლის იყო. როდესაც კომპიუტერი ვიყიდე, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ დამოუკიდებლად შესძლებოდა წერა. რაღაც ფილმს ვუყურებდით მხატვარზე, ხელები პარალიზებული ჰქონდა და თავზე მიმაგრებული ფუნჯით ხატავდა. მაშინვე გავიფიქრე, იქნებ მაკასაც ასე გავუკეთო ჯოხი და კლავიატურით დაწეროს-მეთქი... თავიდან ნელა ბეჭდავდა, ახლა სწრაფად და გამართულად წერს, სოციალურ ქსელშიც ბევრი მეგობარი გაიჩინა.
ოცნება...
მაკასთან ინტერვიუს ჩაწერა მშობლების დახმარებით შევძელი. მისი საუბარი მხოლოდ მათ ესმით.
- დედა ყოველთვის ვერ ახერხებდა ჩემს ეზოში ჩაყვანას, არადა, თანატოლებთან მინდოდა ყოფნა. ერთხელ მითხრა, აი, წიგნი, ეს შენი ყველაზე კარგი მეგობარი იქნებაო. მას შემდეგ, წიგნი მართლაც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. სულ წერაზე ვოცნებობდი და ბებიას, დედასა და ჩემს დას გამუდმებით რაღაცას ვკარნახობდი. მერე თავზე მიმაგრებული ჯოხით ნატვრა ავისრულე - დამოუკიდებელი გავხდი. ეს სასწაულს უდრიდა, მას შემდეგ სულ ვწერ...
- რა გაქვს წაკითხული?
- დოსტოევსკის თითქმის ყველა ნაწარმოები. რემარკი, ილია ჭავჭავაძე, ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე. ბოლო დროს ვეღარ ვკითხულობ, არადა, ბევრი ახალი წიგნი დამიგროვდა. ახლა სულ წერაზე ვარ გადართული... როცა ყველას სძინავს, მაშინ ვწერ.
- შენი ახალი მოთხრობის პირველი შემფასებელი ვინ არის?
- ადრე მშობლები იყვნენ. ახლა შეიძლება პირველად ჩემს ვირტუალურ მეგობარს წავაკითხო, მერე - ოჯახის წევრებს. ხანდახან იმიტომაც დამიწერია, რომ სწორედ "იმ" მეგობარს წაეკითხა...
- შეყვარებული ხარ?
- ყოველთვის შეყვარებული ვარ, სხვანაირად ვერ დავწერ... მე ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული.
- მეგობრებთან ხშირად ატარებ დროს?
- სოციალურ ქსელში ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი დაა... არარეალური ოცნებაც მაქვს - მთვარეზე მინდა ცხოვრება... ჩემი საყვარელი მოთხრობა„"მთვარეული" სწორედ მთვარის სიყვარულს მივუძღვენი. ყოველთვის მინდოდა რეჟისორობა. ამიტომაც ვისწავლე კომპიუტერული მონტაჟი - ფილმებიდან კადრებს ვჭრი, ვამონტაჟებ და მუსიკას ვუხამებ. ასე რომ, ეს ოცნებაც ავისრულე. აი, ხატვა კი აუხდენელ ოცნებად დამრჩა... გაგიმხელთ, რომ მაქვს ოცნება, რომლის ასრულებაც ძალიან მინდა. ალბათ, ფიქრობთ, რომ ვიტყვი, მინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გამოჯანმრთელდნენ-მეთქი. კარგი იქნებოდა, მაგრამ მჯერა, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ტვირთი და ტკივილი იმისთვის აქვს, რომ მეტი დაინახოს, მეტი იგრძნოს... ყველაზე მეტად კი მინდა, ადამიანები მიხვდნენ, რა ცუდია ვიღაცის სიძულვილი მხოლოდ იმიტომ, რომ შენნაირი არ არის. მინდა, ადამიანებს შეეძლოთ სხვისი ტკივილის გაზიარება, სხვისი სიხარულით გახარება...
ხშირად ვფიქრობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და ოჯახებს რატომღაც რცხვენიათ მათი საზოგადოებაში გამოჩენა. ვურჩევ, ყველას დაენახონ და ბევრი დრო გაატარონ ადამიანებთან.
„მთვარეზე“
მაკა ე.წ. იტალიურ ეზოში, მეორე სართულზე ცხოვრობს. მისმა მშობლებმა პანდუსის გაკეთება გადაწყვიტეს, რათა გოგონა დამოუკიდებლად ჩავიდეს ეზოში, თუმცა რაღაც პრობლემების გამო ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.
- ვერის პარკში ხშირად დავყავდი მშობლებს, ახლა ვეღარ მივდივარ, რადგან მშობლებს უჭირთ ჩემი კიბეზე ჩაყვანა.
მაკამ სამი წლის წინ არასამეწარმეო ფირმა "პარსაში"“ტურიზმის სფეროში ტრენინგები გაიარა. ამჟამად "პარსაში" მუშაობს და ინტერნეტით მსოფლიოში საქართველოს ტურისტულ პაკეტებს ყიდის. ასე რომ, გოგონა აქტიურად ცხოვრობს, აღსავსეა ადამიანების სიყვარულით, თამაშობს ჭადრაკს და წერს, წერს...
ნაწყვეტი წიგნიდან "სინათლის სვეტი"
"ქუჩაში ეტლით მივხრიგინებდი. საკმაოდ კარგ გუნებაზე ვიყავი... შეშლილივით ვუღიმოდი ყველას და ყველაფერს, ვუღიმოდი მზეს, ზაფხულის ლამაზ დღეს, ცხოვრებას შევხაროდი... ქუჩაში მივდიოდი და თავი ჯანმრთელი ადამიანივით სრულყოფილი მეგონა. ახლა რომ შეგეძლოთ, მეტყოდით: განა შენ სრულყოფილი არ ხარ? მერე რა, რომ ეტლში ზიხარ, შენ ათასჯერ სჯობიხარ სულით ავადმყოფ ადამიანებს, სხეული კი არა, სულია მთავარიო... მე კი იმ დღეს საპირისპირო ვირწმუნე. იმ დღეს რაც გადამხდა, სანერვიულოდაც არ ღირდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ნაპერწკლიდან შეიძლება ხანძარი გაჩნდეს. მეც ციცქნა ნაპერწკალმა დამწვა და გამანადგურა.
ნოტარიუსის შენობა საკმაოდ ძველი იყო, რიგში მხოლოდ ახალგაზრდა გოგო იდგა და მანაც დაგვითმო რიგი. მოზრდილ ოთახში შევედით. ახალგაზრდა ქალი კომპიუტერზე რაღაცას ბეჭდავდა. საქმეს თავი მიანება და შემოგვხედა. - გამარჯობათ, - ღიმილით მიესალმა დედას. მეც სალმის ნიშნად თავი დავუქნიე, მაგრამ ჩემს თავის კანტურს ყურადღებაც არ მიაქცია და დედასთან საუბარი განაგრძო.
- გისმენთ, ქალბატონო, რა გნებავთ?
გენერალური მინდობილობა უნდოდა დედას, რაღაც საბუთზე ჩემი ხელმოწერა იყო საჭირო, მე კი ხელით წერა არ შემიძლია, ამიტომ ეს რაღაც ოხერი ფურცელი გვჭირდებოდა, რომ ჩემი საქმე მოგვარებულიყო.
- აქაც მაგის ხელმოწერაა საჭირო, - თქვა ქალმა ისე, ჩემკენ არც მოუხედავს, მაგის ხელმოწერის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ.
- ადრეც გაგვიკეთებია მინდობილობა, მაგრამ პრობლემა არ გვქონია...
- იმ ნოტარიუსს არ ჰქონია, მე - მაქვს! მინდობილობას ისე ვერ გავცემ, თუ საბუთს ორივე პირმა ხელი არ მოაწერა.
- კი მაგრამ, ასეთი ადამიანებისგან ითხოვთ ხელმოწერას?
ქალმა ცოტა ფიქრის შემდეგ თქვა: - ფსიქიატრის ცნობას თუ მომიტანთ, რომ ყველა მისი ქმედება ადეკვატურია, მაშინ მინდობილობას დავწერ.
- კი მაგრამ, ფსიქიატრი რად გინდათ, თვითონ ვერ ხვდებით, რომ ბავშვი ნორმალურად აზროვნებს? გაესაუბრეთ, ყველაფერზე გიპასუხებთ... კომპიუტერში დაგიწერთ...
- ქალბატონო, მე არ მინდა დაწერილი, მე მინდა ადამიანური ენით ნათქვამი სიტყვა მოვისმინო... კანონია ასეთი, თორემ ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე დაგიწერდით...
მინდობილობა არ მოგვცეს. მეორე ნოტარიუსთან წავედით... მეორეც პირველს დაეთანხმა, მაგრამ ერთი-ორი ზედმეტი სიტყვა გაიმეტა და დედას უთხრა, რომ ამ კანონს არ ეთანხმება, მაგრამ მისი შეცვლა არ შეუძლია.
...ადამიანურად ნათქვამი სიტყვა...
...ფსიქიატრის ცნობა...
...ეს ორი ფრაზა მიტრიალებდა თავში, სახლისკენ რომ მივდიოდით. ცრემლი მახრჩობდა...
ქუჩაში ხალხი მიმოდიოდა და უცებ ჩემსა და მათ შორის შუშის კედელი აღიმართა. დედაც კედლის იქით დარჩა. შუშის მიღმა ვხედავდი, რომ ცხოვრება დუღდა, თავისი რიტმით მიედინებოდა. ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ - მესმოდა მათი მხიარული ხმა, მე კი შუშის სარკოფაგში ვიყავი გამომწყვდეული და ვიხრჩობოდი...
თორნიკე ყაჯრიშვილი