თომა ბეთანელი - სალოსი ბერი თუ დახელოვნებული მატყუარა?! - კვირის პალიტრა

თომა ბეთანელი - სალოსი ბერი თუ დახელოვნებული მატყუარა?!

"35 წლიდან 7 წელი ვიჯექი ისე, რომ მეკუთვნოდა - ოქროულობის მაღაზია გავძარცვე"

"მე ახლა ბეთანელი ვარ. ერისკაცობაში რა გვარი ვიყავი აღარ მახსოვს"

"მამა გაბრიელსაც დევნიდნენ, სანამ ცოცხალი იყო... მეჩხუბებოდნენ, წმინდანი არაა და რატომ დაგაქვს მისი ხატიო"

"ნაციონალებისგან" "ბლატებიც" მქონდა... წინასწარმეტყველმა თქვა, სააკაშვილი მოვაო, ხო გახსოვთ, ხალხი რომ ამბობდა?! ეგ მე ვთქვი."

თომა ბეთანელი ალბათ ბევრ ჩვენგანს უნახავს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის მისი წარსულის შესახებ. ბევრი მას წმინდა მამად მიიჩნევს და მორჩილად თხოვს კურთხევას, ზოგი კი ირწმუნება, რომ "მამა თომა" ჩვეულებრივი თვითმარქვია და მატყუარაა. ჩვენ დავუკავშირდით თომა ბეთანელს და მის მრავალფეროვან წარსულზე რამდენიმე შეკითხვა დავუსვით (რესპოდენტის თხოვნით სტილი შენარჩუნებულია):

- სახელი თომა მეუფე ათანასემ (ჩახვაშვილმა) დამარქვა, რაც შეეხება ბეთანელს - ბეთანია არის სიმბოლო სიცოცხლისა და რწმენისა და მაგიტომ ავიღე ეს გვარი.

- როგორც ვიცი, გურამი გქვიათ, გვარად კი ბეთეშვილი ხართ. უფრო ამიტომ ხომ არ აიღეთ გვარად ბეთანელი?

- მე ახლა ბეთანელი ვარ. ერისკაცობაში რა გვარი ვიყავი აღარ მახსოვს.

- სასულიერო პირად ვინ გაკურთხათ?

- მეუფე ათანასემ. რუის-ურბნისის ეპარქიაში ვიყავი, სადაც მეუფე იობმა (აქიაშვილმა) მითხრა - შეიმოსეო, მაგრამ ვუთხარი, რომ შემოსვის საშუალება არ მქონდა. ამ დროს შემოვიდა მამა იობი (გეგეშიძე) და მითხრა: თომა, ჩოხით შეიმოსეო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რადგან ჩოხა ისედაც იყო ჩემ სულში და ამიტომ შევიმოსე ჩოხით.

- ამბობენ, იმდენად ხშირად იყენებდით მეუფე იობის სახელს, რომ მან მოიწვია ეპარქიის სამღვდელოება, რომლებსაც დაავალა, მრევლისთვის თქვენთან ურთიერთობა აეკრძალათ...

- ეგ ტყუილია. ეს ტყუილი მოიგონა სემინარიის სტუდენტმა, რომელიც არის მღვდლის შვილი, მამამისთან მქონდა უსიამოვნება და მაგიტომ მომიგონა. რაც შეეხება ცილისწამებებს ჩემს წინააღმდეგ, ცოტა ხნის წინ, მცხეთაში ხომ იცით, ვინ შერაცხეს წმინდანად?! ცოცხალს მაგასაც დევნიდნენ. მისი ხატით რომ დავდიოდი, მეჩხუბებოდნენ, წმინდანი არაა და რატომ დაგაქვს ხატიო. გინდაც ისე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ, ჩემზე რა ნამუსით ლაპარაკობენ? ეგენი არიან "ჯიპისტები" და ფულისტები...

- სოფ. გომში, საიდანაც ხართ წამოშობით, ამბობენ, რომ თქვენ ნასამართლევი ხართ ხატების მოპარვის ბრალდებით...

-ეს ყოველივე არის ტყუილი. "ბოევიკების" ზონიდან, სამაჩაბლოდან მოვაბრძანებდი ხატებს. ეს ხდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ხატს რომ მივაბრძანებდი, პოლიციამ დამიჭირა და ნიქოზის ეპარქიის მეუფე ესაიამ სთხოვა და გამომიშვეს. სადაც სხვა მამაოებს ეშინოდათ შესვლა, მე იქ შევდიოდი, ჩემი სიცოცხლე არად მიღირდა და ასეთი ურცხვი ტყუილი მომიგონეს.

- 35 წელი ციხეში მოიხადაო, ესეც ტყუილია?

- 35 წელი მაქვს მოხდილი თუ ასი, რა მნიშვნელობა აქვს? ამ 35 წლიდან 7 წელი ვიჯექი ისე, რომ მეკუთვნოდა. სხვა დანარჩენი ტყუილად მიჭერდნენ...

- რა დანაშაული ჩაიდინეთ, თუ საიდუმლო არ არის.

- ოქროულობის მაღაზია გავძარცვე და მაგიტომ დამიჭირეს. მერე, ერთხელ რომ დამაპატიმრეს სახელი გამიტყდა და ათასგვარ ცილს მწამებდნენ.

- თქვენ უპირისპირდებოდით წინა ხელისუფლებას, თუმცა ამბობენ, რომ წალენჯიხიდან ავტობუსისთ წამოსულ სააკაშვილს სწორედ თქვენ მოუძღოდით ბიბლიით ხელში...

- ეხლა გეტყვით სიმართლეს. დედაჩემს 5 მედალი ჰქონდა. სააკაშვილმა კაცი მოუგზავნა და უთხრა, მხარი დამიჭირეთ და პენსიას მოგიმატებთ, კარგად გაცხოვრებთო. დედამ მითხრა, ეგ ისეთი კარგი კაცი ჩანს, ეგებ ცოლიც მოგაყვანინოს, გვერდით დაუდექიო. სადაც ხალხია, შენც იქ იყავიო. მე ნოემბერში გომელებიც ჩამოვიყვანე აქციაზე, "ნაციონალებისგან" "ბლატებიც" მქონდა, მერე 23 ნოემბერს მაშხალებიც გავუშვი. წინასწარმეტყველმა თქვა, სააკაშვილი მოვაო, ხო გახსოვთ, ხალხი რომ ამბობდა?! ეგ მე ვთქვი. ნამდვილად ვიცოდი, რომ ეგ მოვიდოდა ხელისუფლებაში.

- თუ მაგდენის წინასწარმეტყველება შეგეძლოთ, ხალხი რატომ არ გააფრთხილეთ?

- მე წინასწარ მაქვს ყველაფერი ნანახი. ვიცოდი, რომ მაგას ხალხი განუდგებოდა. მე რომ ხალხი გამეფრთხილებინა, ჩამქოლავდნენ.

- ბიბლიაში წერია, ბოლო ჟამს მომრავლდებიან ცრუ წინასწარმეტყველებიო..

-მე ხილვები მაქვს და ამის გამო შეიძლება ჩამქოლონ, მაგრამ მაინც ვმადლი უფალს. დღესაც სატანები არიან მთავრობაში. ახლა მეწყერი, რომ ჩამოწვა. სატანები ბლუყუნებენ, შემთხვევით მოხდაო... მე ზოგჯერ ვიწყევლები და იცით, ვის ვწყევლი? ვწყევლი ეკლესიის, სამშობლოს, ენის, ეროვნების და ყველაფერი ქართულის მოწინააღმდეგეებს. კიდე ვწყევლი: ჩინელებს, პაკიტსანელებს, ირანელებს, მათ, ვინც მაგათ მაღაზიებს გაეკარება და საქონელს იყიდის..

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)