ტრაგედია უგმიროდ... - რატომ დააკლა ბიჭმა მამინაცვალი ნათესავის საფლავს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ტრაგედია უგმიროდ... - რატომ დააკლა ბიჭმა მამინაცვალი ნათესავის საფლავს (ექსკლუზივი)

"წამოაძახებდნენ ხოლმე, დედაშენის საყვარელი ვნახეთო"

"მკვდარ მამაჩემს კაცი როგორ დააკალი?!"

"ბავშვები ტიროდნენ, დედა გვინდაო და დედა უკვე სხვა კაცთან იყო"

მარტვილში, სოფელ ლეხაინდრაოს სასაფლაოზე შეკრებილი ხალხი შემზარავი ტრაგედიის მოწმე გახდა, - ზუსტად იმ დროს, როცა ჭირისუფლები მიცვალებულის სასახლეს მიწაში უშვებდნენ, 29 წლის შ. მ.-მ დანა ამოიღო და იქ მყოფ 64 წლის რ. კ-ს სამჯერ ჩაარტყა, ორჯერ მუცლის არეში, ერთხელ კი ყელში. "მკვდარ მამაჩემს კაცი როგორ დააკალი?!" - ამ სიტყვებით მივარდა მიცვალებულის ვაჟი მკვლელს. ეს უკანასკნელი მეზობლებმა შემთხვევის ადგილს გაარიდეს, რის შემდეგაც იგი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაჰბარდა.

ნ. მ; ლეხაინდრაოს მკვიდრი:

- ჩვენს სოფელში ისეთი ამბავი მოხდა, რაც ჩვენი სოფელი იარსებებს, თაობიდან თაობას გადაეცემა. სიკვდილიც არის და სიკვდილიც, მაგრამ ჩვენს სოფელში ბევრი ფიქრობს, რომ ამ სიკვდილს მიზეზები ჰქონდა და ეს უნდა მომხდარიყო.

- იმის თქმა გნებავთ, რომ მკვლელობა იგეგმებოდა?

- ეგ არ მითქვამს, მაგრამ ეგ ბიჭი, რომელსაც აქამდე ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი, 25 წლის წინ დაწყებულმა ამბავმა მიიყვანა აქამდე. ჩვენს სოფელში, ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა ასე იტყვის.

- 25 წლის წინ რა მოხდა?

- 25 წლის წინ ეგ ბიჭი და მისი პატარა და მშობელმა დედამ მძინარეები მიატოვა, სახლიდან გაიპარა და სწორედ იმ კაცს წაჰყვა, რომელიც სასაფლაოზე მოკლეს. დილით ბავშვებმა გაიღვიძეს, ტიროდნენ, დედა გვინდაო და დედა უკვე სხვა კაცთან იყო. თანაც რომელ კაცთან? მეზობლად მცხოვრებ, მისივე ქმრის ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად. იმანაც მიატოვა ცოლი და შვილი! მე არ ვამბობ, რომ თუ ქმარი არ უნდოდა და არ უყვარდა, მაინც მთელი ცხოვრება მასთან უნდა გაეტარებინა, მაგრამ დედა, ქალი 2 ჩვილ შვილს რომ მიატოვებს, ის ადამიანი არ არის, პირუტყვია. თუ მაინცდამინც უნდოდა სხვას გაჰყოლოდა ცოლად, მოეკიდა ხელი თავისი შვილებისათვის და იქ წაეყვანა, სადაც თვითონ იყო, - კაცს ქალი თუ უყვარს, იმ ქალის შვილებიც უნდა უნდოდეს...

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ დროს შურისძიება გამოსავალია, თანაც 25 წლის შემდეგ... ამ შურისძიებამ ახალგაზრდა მკვლელად აქცია, სამუდამო დაღი დააჩნია.

- განა თვითონ უნდოდა, მკვლელი გამხდარიყო?! 25 წლის განმავლობაში მშობელმა დედამ ერთხელ არ ნახა; ბოროტ ადამიანს რა დალევს, წამოაძახებდნენ ხოლმე, - დედაშენის საყვარელი ვნახეთო, რა ჭკუაზე უნდა დამდგარიყო ბავშვი? ჩაიდო ალბათ მამინაცვლის ზიზღი გულში, თორემ გაზრდით ისე გაზარდა საცოდავმა მამიდამისმა, სოფელში არც მაგისი და არც მაგის დის შესახებ ცუდი არაფერი გაგვიგია; პირიქით, გოგომ ძალიან კარგი ოჯახი შექმნა; ეს უბედური ბიჭიც დღედაღამ შრომობდა...

- ბრძანეთ, მამიდამ გაზარდაო, ბავშვის მამა სადღა იყო, მანაც ახალი ოჯახი შექმნა?

- არა, იმ ამბის შემდეგ, ცოლმა რომ თავი მოჭრა და ორი შვილი მიუყარა, ნერვებმა ვერ გაუძლო, წავიდა და ცხენისწყალში დაიხრჩო თავი. 25 წლის შემდეგ ამ ობლად გამოზრდილ ბავშვებს კიდევ ის ნაძირალა მამინაცვალი გამოუჩნდა და ბიჭს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რკინა ხომ არ არის, რომ ყველაფერს გაუძლოს!

- რა შეურაცხყოფაზე საუბრობთ?

- რა და, ამ უბედურის მამინაცვალი საერთო ნათესავის დაკრძალვაზე იყო სოფელში მოსული. ქელეხის სუფრა რომ გაიშალა, მის გერს სთხოვეს, მერიქიფე იყავიო. მამინაცვალთან რომ მივიდა, თვალი აარიდა და გაიარა. ჭირისუფალმა, რომელმაც ეს ისტორია არ იცოდა, სთხოვა, - შენ რომ გამოიარე, ღვინო იქაც აღარ არის და ჩამოასხიო. ეს მიბრუნდა, მამინაცვალს ღვინო დაუსხა, ის კიდევ შემობრუნდა და უთხრა, - რას გაღირსა ღმერთმა, რას მოესწარი, მე რომ მემსახურებიო! მიუხედავად ამისა, ბიჭმა ჭირისუფალი არ შეურაცხყო და სუფრა არ არია, უკვე სასაფლოზე შეელაპარაკა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ბოროტი კაცი იქაც რამე ისეთს ეტყოდა, წყობიდან გამოიყვანდა...

ბესიკ ხაინდრავა, სოფელ ლეხაინდრაოს რწმუნებული:

- ბიჭი, რომელიც ახლა მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდეს, ისეთი მშრომელია, მსგავსი ბევრი რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, არაფერი გაგვიჭირდებოდა. დღედაღამ ფუტკარივით მუშაობს მიწაზე. ერთხელ ველაპარაკე კიდეც - ბიძია, შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ, აუცილებლად ცოლი უნდა მოიყვანო, მამისეული კერა არ ჩააქრო, შენისთანები აუცილებლად უნდა გამრავლდნენ-მეთქი. მითხრა, - ვაპირებ ბესო ბიძია, ჩემთვისაც ხომ უნდა დადგეს საშველიო. ყველაფერს გავაკეთებ, მთელ სოფელს ჩავრევ თავდებად, რომ სასჯელის მინიმუმი დააკისრონ. ეს პატიოსანი კაცი უკვე იმითაც არის დასჯილი, რომ მკვლელად აქცია თავისმა წარსულმა და ღვიძლმა დედამ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)