"დედა, მუცელი მტკივა და გული მერევაო..." - მენინგიტი ქართულ სკოლებში
"სიცხემ 40-მდე აუწია და თვალებიც არეული ჰქონდა. ბოდავდა და მეძახდა, არადა, მის გვერდით ვიჯექი..."
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ლაბორატორიულად ენტეროვირუსული მენინგიტის 113 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი სკოლამდელ და სკოლის ასაკის მოზარდებს აღმოაჩნდათ. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, მშობლები მაინც შეშინებული არიან...
ნანო, 28 წლის, მშობელი:
- ჩემი შვილი 24-ე სკოლაში სწავლობს. დილას, ბავშვი დამხმარემ წაიყვანა სკოლაში, რადგან სამსახურის გამო, მე ადრე გავდივარ სახლიდან... არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში მობილურით ველაპარაკე ჩემს ბიჭს და ხმაზე არ მომეწონა. მითხრა, დედა, მუცელი მტკივა და გული მერევაო... თანამშრომლებისგან ვიცოდი, რომ სკოლებსა და ბაღებში მენინგიტის შემთხვევები იყო და ყოველდღე ვაფრთხილებდი, - ხელები ხშირად დაიბანე და სხვისი ბოთლიდან წყალს ნუ დალევ-მეთქი... მაგრამ როგორ გინდა, ბავშვს ეს უკონტროლო, შეიძლება არც დაულევია სხვისი ბოთლიდან, უბრალოდ თამაშის დროს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაედო თანატოლისგან... წინა ღამეს არაფერი ეტყობოდა, უბრალოდ ჭამის მადა არ ჰქონდა. სხვა დროსაც უთქვამს ვახშამზე უარი და ამიტომ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ის იყო, სახლში დარეკვა დავაპირე, ბავშვი წამოიყვანეთ-მეთქი, ამასობაში სკოლიდან დამირეკეს, - სიცხემ აუწია და ინფექციურში გადავიყვანეთ, არ ინერვიულოთო... როგორ გინდა არ ინერვიულო. ბავშვი მძიმედ სუნთქავდა და როგორც თავად მითხრა, მუცელი ისე აუტანლად სტკიოდა, ტკივილისგან იგრიხებოდა. პირიდან რაღაც სითხე მოსდიოდა. თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა... სიცხე 39-ზე მაღალი ჰქონდა. ექიმებმა მითხრეს, ყველაფერი გავუკეთეთ და პანიკის საფუძველი არ არსებობსო, მაგრამ როგორ გინდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს უყურებდე და მშვიდად იყო... 9 წლის ისე გახდა, თავი არ ასტკიებია.
- ექიმები რას გეუბნებიან?..
- რამდენიმე, მაქსიმუმ 4 დღეში გაუვლისო, მაგრამ გუშინდელს შემდეგ თვალებს ძლივს ახელს. მუცელი შებერილი აქვს, მაგრამ კუჭზე წარამარა, ყოველ ორ საათში გადის... ძალიან დასუსტებულია. ჩემი მეუღლე სამუშაოდ უცხოეთშია წასული და ძლივს ვაჩერებ, რომ არ ჩამოვიდეს.
- ბავშვი კონტაქტურია?..
- ახლა კი, მაგრამ წუხელ სიცხემ 40-მდე აუწია და თვალებიც არეული ჰქონდა. ბოდავდა და მეძახდა, არადა, მის გვერდით ვიჯექი... ახლა მესმის იმ დედების, ვისაც პრობლემური შვილები ჰყავთ. ექიმები მამშვიდებენ, საშიში არაფერიაო, მაგრამ ვერ ვწყნარდები. მეშინია, რამე არ დაუტოვოს, ფილტვებში ან სადმე...
- სკოლის ხელმძღვანელობას ხომ არ გაუფრთხილებიხართ, სასწავლო პროცესზე დასწრებისგან თავი შეიკავეთო?..
- არა, პანიკის საფუძველი არ არსებობსო და მუდმივად გვაცნობდნენ სიტუაციას, ანუ თავად უნდა გადაგვეწყვიტა, ბავშვი მიგვეყვანა თუ არა. არა მგონია, ეს გამოსავალი ყოფილიყო, ბავშვს ეზოში თამაშს ხომ ვერ ავუკრძალავ?.. ვიცი, რომ ამ სკოლაში შვიდი თუ რვა შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ხმამაღლა რატომღაც მხოლოდ ერთი შემთხვევაზე საუბრობენ.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)