"შესაძლებელია ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ"
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული"
რუსული მასმედიის გავრცელებულ სენსაციურ ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იპოვეს, ქართველი საზოგადოების (და არა მარტო) დიდი ინტერესი მოჰყვა. ინგუშეთის მთიანეთში, მდინარე ასას ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ უძველესი გამოქვაბული გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ან ალანიის დედაქალაქ მაგასის ძვირფასეულობაა დამალული, ან თამარ მეფის საფლავია. ამ მოსაზრებას ინგუში არქეოლოგები იზიარებენ, მათი მტკიცებით, სამარხი ქართული წარმომავლობისაა.
"კვირის პალიტრა" ინგუშეთის რესპუბლიკაში კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილეს, უმალატ გადიევს დაუკავშირდა.
- ბატონო უმალატ, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ასას ხეობაში, სავარაუდოდ, თამარ მეფის საფლავია?..
- გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ დიდგვაროვანია დაკრძალული. თუმცა, არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების დაწყებამდე რაიმეზე გადაჭრით და დადასტურებულად საუბარი ძნელია.
- რატომ მაინცდამაინც თამარ მეფის საფლავი?
- ქართველი ისტორიკოსების დიდი ნაწილის მტკიცებით წმინდა მეფე გელათშია დაკრძალული, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, უძველესი ინგუშური გადმოცემის მიხედვითაც თამარი მდინარე ასას ხეობაში დაკრძალეს, რასაც თავისებური ახსნა აქვს: ალანიამ თვითმყოფადობა მონღოლ-თათრების შემოსევების შემდეგ, 1238-1239 წლებში დაკარგა. ოდნავ ადრე, საქართველოში მეფობდა დიდი თამარი, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და იმიერკავკასიაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია. თამარ მეფე თავისი საზღვრების გაფართოების გარდა, მოსახლეობის სულიერების განმტკიცებაზეც ზრუნავდა და აგებდა ეკლესია-მონასტრებს. ამის გამოხატულებაა ინგუშეთში, თხაბა-იერდის (ტყობა-ერდის) ქართული მონასტერი, რომლის მიდამოებშიც არის ზემონახსენები გამოქვაბული.
რამდენად შესაძლებელია, რომ იქ მართლაც იყოს დიდი ქართველი მეფის საფლავი, ამაზე კომენტარი ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ვთხოვეთ: - ხალხური გადმოცემები, რომ თამარი აქა თუ იქ არის დაკრძალული, არსებობს როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. და ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში ეძებენ საფლავს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ადგილს მიუთითებენ, თითქოსდა იქ არის თამარი დაკრძალული. ეს ხალხური გადმოცემები დაკავშირებულია გვიანდელ ლეგენდებთან, რაზეც დაყრდნობით ძნელია საუბარი, თუ სად არის თამარი დასაფლავებული.
- ანუ თამარის საფლავის ლეგენდა იმდენად პოპულარული იყო, რომ ყველას უნდოდა, თავისთან აღმოეჩინა?
- რა თქმა უნდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩრდილოეთი კავკასია იმ დროს საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ გავლენის სფეროში შემოდიოდა და შესაბამისად, ამ რეგიონის გამგებლადაც თამარი მოიაზრებოდა. ბუნებრივია, ლეგენდის წარმოშობას ამ გარემოებამაც შეუწყო ხელი, ყოველ შემთხვევაში, ინგუშეთში XI-XIII საუკუნეების რამდენიმე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური ტაძარია აღმოჩენილი, მათ შორის ქართული ლაპიდარული წარწერებით.
საოცარი ბედისწერა აქვს თამარის საფლავს. მეფე-ქალის თანამედროვე ისტორიკოსებიდან მოყოლებული, თითქმის ყველა მემატიანე, XVIII საუკუნის ჩათვლით, ერთგულია იმ აზრის, რომ თამარი გელათშია დაკრძალული, მაგრამ ქართველი საზოგადოება კვლავინდებურად ხალხური გადმოცემების ერთგულია. უნებლიეთ იბადება კითხვა: ნუთუ რამე სიმართლე შეიძლება იმალებოდეს ამ გადმოცემებში? აშკარაა ასეთი გადმოცემები თამარის გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ უნდა შექმნილიყო. უშუალოდ თამარის ეპოქაში საქართველო კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა და თამარის ნეშტის გადამალვა არავის მოუვიდოდა აზრად, არც ამის აუცილებლობა იყო. მაგალითად, XIII საუკუნის II ნახევარში ყველამ კარგად იცოდა, თამარ მეფე სად განისვენებდა. გვიან შუა საუკუნეებში კი, როდესაც საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, როდესაც გახშირდა მტრების შემოსევები, შესაძლებელია (ჩვენ ამ მოსაზრებას ერთ-ერთ ვარიანტად ვტოვებთ), ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ. ამან კი დასაბამი მისცა ასეთი ჟანრის ლეგენდების გაჩენას.
ჩვენ გვაქვს წერილობითი წყაროები, სადაც პირდაპირ არის მითითებული თამარის დაკრძალვის ადგილი. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს: "და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა". "ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა" აღნიშნავს: "მაშინ უკუე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა". ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე კი დასძენს: "დამარხეს ახალსა მონასტერსა, გელათს". ამ ნაწარმოების დამწერნი შეიძლება თამარის დაკრძალვასაც ესწრებოდნენ. ჩვენ გვაქვს არაპირდაპირი ცნობა, რომ თამარის საფლავი მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგაც გელათშია. ჩვენს ხელთაა ასევე მეტად საინტერესო დოკუმენტი, 1260-1267 წლებში შედგენილი ლიხთ-იმერთა მეფე დავით ნარინის მეუღლის მიერ გელათის მონასტრისთვის შეწირული სიგელი, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროს გელათში ცნობილი იყო თამარის საფლავი და მას მწირველიც ჰყავს მიჩენილი - ილარიონ ფავნელი, დავით ნარინის გამზრდელი.
- იმ ლეგენდას რა უდევს საფუძვლად, რომ ლაშა-გიორგიმ ანდერძის მიხედვით დედა იერუსალიმში დაკრძალა?
- ეს არის არაპირდაპირი ცნობა ჯვაროსანი რაინდისა, რომელიც ამბობს, იერუსალიმისკენ მოემართება თამარის ვაჟი, რომელსაც დედის ნეშტი მოაქვსო. ლაშა-გიორგი იერუსალიმამდე სანამ ჩავიდოდა, ქართველთა ამალას რამდენიმე პოლიტიკური ერთეული უნდა გაევლო, რაც არავითარი ცნობით არ დასტურდება. არის მეორე გარემოებაც: ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ლაშა-გიორგი არ წასულა იერუსალიმში.
- რამდენად მართებული იქნება, რომ სახელმწიფომ შექმნას კომისია, რომელიც ამას გამოიკვლევს.
- ეს უნდა მოხდეს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით. წმინდა სინოდმა უნდა შექმნას ჯგუფი, რომელშიც შევლენ ისტორიკოსები, არქეოლოგები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც გახსნიან გელათის მეფეთა საძვალეს. გელათში ერთიანი საქართველოს - 11 მეფე, იმერეთისა კი 12 მეფე განისვენებს. სამწუხაროდ, რამდენიმეს გარდა მათი საფლავების ადგილმდებარეობა უცნობია.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა უფრო მნიშვნელოვანია - დაკარგულად მივიჩნიოთ ჩვენი მეფეთა საფლავები, დავიკრიფოთ ხელები და ვთქვათ, დაკარგულიაო, თუ ვიცოდეთ, სად განისვენებენ ისინი და პატივი მივაგოთ.
ლალი პაპასკირი
ლადო გოგოლაძე