"ცხოვრებაში არ შემხვედრია იმაზე მატყუარა კაცი, ვიდრე თენგიზ კიტოვანია" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში არ შემხვედრია იმაზე მატყუარა კაცი, ვიდრე თენგიზ კიტოვანია"

"ამ ხელისუფლების სისუსტეა, თენგიზ კიტოვანი რომ გამოჩენას ბედავს!"

"მთავარსარდალი ეგ ეგდო, ადგა და შეიყვანა ჯარი... ახლა ჩამოეთრა და ქვეყანას ლანძღავს კიდევ აქეთ ეგ გარეწარი"

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, მისი ე.წ. "ბიჭებისთვის" იარაღის დარიგებას ითხოვს... თენგიზ კიტოვანის გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრს გაახსენა ავბედითი 90-იანი წლები... თავისი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება კიტოვანის შესაძლო დაბრუნების მიმართ ჯანსუღ ჩარკვიანმა ჩვენთან საუბარში გამოხატა.

- ვუსმენდი კიტოვანის სატელევიზიო გამოსვლას და გავოგნდი. ცხოვრებაში ასეთი მატყუარა კაცი არ შემხვედრია... "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხომ იყვნენ ფაშისტები და უბედურები, მაგრამ ეს მათზე უარესია, ვიღაცა ჯანდაბაა... კაცი სულ ტყუილებს ლაპარაკობდა, მაგრამ ბედად ჟურნალისტებიც მაგრად დაუხვდნენ! ერთმა წამოსძახა, მეც იქ ვიყავი ომში, შევარდნაძე რომ გირეკავდათ, ჯარი არ შეგეყვანათ და თქვენ იძახდით, მაგას ტელეფონზე არც მოვუსმენო... გადაცემაში კიტოვანი უცხვად იმეორებდა, შევარდნაძემ მოაწერა ხელი ჯარის შეყვანაზე და შემდეგ მოსვლაზე ამ ხელისმოწერას მოვიტანო.... თითქოს ვერ ზიდავდა, ეგეთი რამ მიეტანა ტელევიზიამდე, მაგას რომ რამე საბუთი გააჩნდეს?! ედუარდს სად ჰქონდა ჯარის შეყვანის და გამოყვანის უფლება?! მთავარსარდალი ეგ ეგდო, ადგა და შეიყვანა ჯარი... ახლა ჩამოეთრა და ქვეყანას ლანძღავს კიდევ აქეთ ეგ გარეწარი. ზვიად გამსახურდიას დროს ჯარის უფროსი იყო, მაგრამ სულით მოღალატე კაცია და იმასაც უღალატა და დაღუპა... ზვიადის შეიძლება თავის ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მან რომ მერაბ კოსტავასთან ერთად, თავისუფალი საქართველო შექმნა, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

- ზვიად გამსახურდიას მიმართ თქვენც გქონდათ შენიშვნები...

- პირიქით, ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ჩემს მიმართ... ბოლოსდაბოლოს მისმა მამიდაშვილმა - თათია ხაინდრავამ დაწერა თავის სტატიაში, რომ როდესაც ზვიად გამსახურდიას რიცხავდნენ მწერალთა კავშირიდან, ერთადერთი ვინც ხელი არ მოაწერა - ჯანსუღ ჩარკვიანი იყოო... ასე რომ მე ჩემი საქმე გაკეთებული მაქვს. დანარჩენი ვის რა პირადი გვქონია ერთმანეთის მიმართ, ეს აღარ არის მნიშვნელოვანი.

- ისევ თენგიზ კიტოვანს დავუბრუნდეთ...

- კიტოვანზე რაღა უნდა ვთქვა?! რა უნდა გაეკეთებია, ეგეთი დამაქცევარი კაცი მე არ მინახავს - ბიჭოს! ამ ხელისუფლების სისუსტეა, ეგ რომ გამოჩენას ბედავს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)