ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი გამოასწორებს – მამამ ქალიშვილზე იძალადა?.. - კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი გამოასწორებს – მამამ ქალიშვილზე იძალადა?..

"მამა სვამდა.... გოგონა ამბობდა - მამას საკუთარი შვილები ჰყავს გასაზრდელიო, თითქოს თვითონ თავს არც თვლიდა მამამისის შვილად."

"ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ისევ მამასთან დაბრუნდა."

როგორც ამბობენ, ცხოვრებისთვის არაფერია უცხო, თუმცა არის თემები, რომელიც ვერც ჩვეულებრივს დაარქმევ და ვერც ვერასოდეს შეეგუები, - ეს შეუძლებელია. ასეთი თემები მასობრივ შოკს იწვევს და მათი გამამართლებელი კანონი არ არსებობს. ზუსტად ასეთი კლასიფიკაცია ეძლევა სოფელ ხორნაბუჯში მომხდარ ინციდენტს, სადაც ღვიძლ მამას 15 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი...

მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია აყვანილი. გამოძიება დანაშაულის უტყუარობას საბოლოოდ დადგენს. თუმცაღა ისტორია, რომელიც ამაზრზენ ბრალდებამდე მივიდა დაახლოებით ასე ვითარდებოდა...

ნ. გ. - სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი:

- იმ კაცს, ვისაც რომელსაც შვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ყველა ვიცნობთ. ასეთი რამ, ჩემი აზრით, მარტო სულიერად ავადმყოფ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა და ეგ მაგისთანა შთაბეჭდილებას არ ტოვებს... როგორც გავიგეთ, საჩივარი ბავშვის ღვიძლმა დედამ შეიტანა. მან დაადანაშაულა ყოფილი ქმარი, - საკუთარი შვილის გაუპატიურება უნდოდაო. თუ იცოდა მისი ქმარი რა სულისაც იყო, რატომ გამოუშვა საცოდავი ბავშვი სოფელში მამასთან და დედინაცვალთან საცხოვრებლად? ან თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა, - სანამ დაშორდებოდა, ამ კაცის გვერდზე ხომ ცხოვრობდა და როგორ ვერ მიხვდა, მის ქმარს რა სული ჰქონდა? უჭირდა თუ ულხინდა, არ ერჩია, შვილი თავის გვერდით ჰყოლოდა? ცხოვრება რატომ დაუნგრია?

- როგორც გავიგე, გოგონას დედამ, იმის მიუხედავად, რომ ქმართან გაყრილი იყო, შვილის აღზრდა ყოფილ ქმარსა და მის მეორე ცოლს მიანდო. ალბათ მატერიალური მდგომარეობის გამო...

- ეგ ჩვენ არ ვიცით. ეს ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ისევ მამასთან დაბრუნდა. ამ დროს მამამისს უკვე 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მეორე ცოლთან...

- დედინაცვალი გერს ცუდად ხომ არ შეხვდა?

- მაგას ვერ ვიტყვით... ამ ქალს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ცუდი ადამიანია. შვილები სუფთად და მოვლილი ჰყავს და საბავსო ბაღშიც დაჰყავს.. არც გერთან მისი ჩხუბი გაგვიგია... მიუხედავად იმისა, რომ იოლი ცხოვრების პირობები არ ჰქონდა...

- რატომ?

- ძალიან გაჭირვებულები არიან და იმიტომ. სოციალურ დახმარებას იღებენ და ძირითადად იმის იმედზე არიან...

- რატომ, ოჯახში არავინ მუშაობდა? თუ რაიმე სხვა მიზეზიც არის მათი გაჭირვების? ეს ადამიანი ხომ არ სვამდა?

- ჰო, ეგრეც შეგვიძლია ვთქვათ... გოგო კი ძალიან კარგი ბავშვია. წესიერი და წყნარი გოგოა.

შ. მ; დაზარალებული გოგონას მასწავლებელი:

- თავზარდაცემულები ვართ. ვისზეც არის საუბარი, ისეთი კარგი მოსწავლეა, ნეტა ასეთი ბევრი გვყავდეს. ნებისმიერ თემას, რასაც აუხსნი, იქვე გამოვა დაფასთან და მოგიყვება, ისეთი ნიჭიერია, გაგაკვირვებს... ყველაზე მეტად ის გვაწუხებდა, რომ სახლში ვერასოდეს წერდა დავალებას... ვერც ვუჯავრდებით ამის გამო, - სახლში ბავშვს 3 მცირეწლოვანი და-ძმა ჰყავს და ასეთ პირობებში ძალიან ძნელია სახლში მეცადინეობა. ამის გამო გაკვეთილებსაც ხშირად აცდენს, - ბავშვებს უტოვებენ მოსავლელად და სკოლაში ვეღარ მოდის. გაცდენების გამო ერთი წელიც კი გააცდინა სკოლაში და კლასში ჩარჩა.

- მის აკადემიურ მოსწრებით მამა არასოდეს დაინტერესებულა?

- არა. სხვათა შორის, დედინაცვალი დადის სკოლაში, მას უფრო აინტერესებს გოგონას აკადემიური მოსწრება, ვიდრე მის ღვიძლ მამა. ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვის მამა სვამდა... თუ ექსკურსიაზე მივდიოდით, ფულის გამოც დედას ურეკავდა. ვეკითხებოდით, მამას რატომ არ სთხოვო და, - მას საკუთარი შვილები ჰყავს გასაზრდელიო, თითქოს თავს თვითონ არც თვლიდა მამამისის შვილად.

- ანუ ეტყობოდა, რომ მის თავს მამასთან დაკავშირებით რაღაც ხდებოდა? გავრცელებული ინფორმაციით, მამა ხშირად ცდილობდა მასზე ძალადობას... დედინაცვალი კი ამ ფაქტს უარყოფს..

- შეიძლება იმიტომ უარყოფს, რომ თავისი შვილების დაცვა უნდა, რომ მომავალი იმათაც არ გაუმრუდდეთ, თუ შეიტყობენ, როგორი მამა ჰყავდათ... მაგრამ ეს რას გამოასწორებს? თავად გოგონა კი საერთოდ, გულჩათხრობილი ბავშვია, მინიშნებითაც არასოდეს მიგვანიშნებდა, მაგრამ თითქოს მუდამ რაღაც აწუხებდა... არც კი ვიცით, რაც მოხდა იმის შემდეგ ან როგორ დავამშვიდოთ, ან რა ვუთხრათ...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)