"ხმა მომესმა, თითქოს ლეკვი კვდებაო. მივანათე და ასფალტზე გოგონა ეგდო" - რატომ იმეტებდნენ გორში 14 წლის გოგონას სასიკვდილოდ?
"ყელზე ორმაგად ჰქონდა კანაფის ძაფი გაჭერილი მოსახრჩობად. ეტყობა, უკვე მკვდარი ეგონათ და იმიტომ დააგდეს სადარბაზოს წინ..."
"ეს უბედური ბავშვი ვიღაცამ აწამა და მერე ჩვენს სადარბაზოსთან მოიტანეს და დააგდეს..."
"უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი თავს იკლავდა, არ გაახმაუროთ, რომ აწამეს, თორემ გოგოა, გათხოვება ხომ უნდაო!"
3 ივნისს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან მდებარე კორპუსის სადარბაზოს წინ მცხოვრები მამა-შვილი შემაძრწუნებელი სურათის მოწმე გახდა, - 14 წლის სულთმობრძავი გოგონა პირდაპირ ასფალტზე ეგდო... უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გოგონა გორის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმ მამუკა გუბერიძის თქმით, პაციენტს უმძიმესი ტრავმული დაზიანებები აქვს მიყენებული და კრიტიკულ მდგომარეობაშია...
ბ.ნ, თვითმხილველი:
- ჩემი ვაჟი ისეთ მდგომარეობაშია, ძლივს ლაპარაკობს. როგორი საქმეა, თავადაც 14 წლის არის და უცებ წააწყდა, მისი თანატოლი როგორ ებრძოდა სიკვდილს... მაღაზიაში გავგზავნე წვრილმანის ამოსატანად... 10 წუთიც არ იყო გასული, მესიჯი მომწერა, - მამა, სადარბაზოს შესასვლელთან ვარ, ჩამოდი და ფანარი ჩამოიტანეო. საუბედუროდ, ჩვენს სადარბაზოსთან უკუნეთი სიბნელეა. ალბათ ამით ისარგებლა იმ ნაძირალამ, ვინც ეს ბავშვი იქ დააგდო. სადარბაზოში რომ გავედი, ბიჭმა მითხრა, - რაღაც ისეთი ხმები მომესმა, თითქოს ლეკვი კვდებაო. მივანათე და რას ვხედავ, ასფალტზე ეს ბავშვი ეგდო. მივვარდი, წამოვწიე და ჩავძახე, - შვილო, რა მოგივიდა-მეთქი! თვალები გახელილი ჰქონდა და უაზროდ მიყურებდა... მე წამოყენებას ვცდილობდი, ჩავძახოდი, შვილო, ადექი-მეთქი, ის მომშტერებოდა, ვერაფერს მეუბნებოდა და მართლა პატარა ლეკვს რომ სტკივა და იტანჯება, ისეთი ხმები ამოსდიოდა. ამხელა კაცი ამან ისე მომცელა, ისიც კი ვერ მოვიფიქრე, სასწრაფოში ან პატრულში დამერეკა, მეზობელს ვურეკავდი... უცებ დამარტყა თავში, პატრულს უნდა დავურეკო-მეთქი და 5 წუთში მოვიდნენ. თურმე კანაფის წვრილი თოკი ჰქონია ყელზე შემოჭერილი, რასაც მე ვერ მივხვდი... ეს რა ვნახე! ასფალტზე დაგდებულს და ცოცხალმკვდარსაც კი ეტყობოდა, რომ ულამაზესია. რა უფლება მაქვს, რომ დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, - ზოგმა რომ თქვა, გოგო თავს იკლავდაო, ეგ სისულელეა. მე ასე მგონია, ეს უბედური ბავშვი ვიღაცამ აწამა და მერე ჩვენს სადარბაზოსთან მოიტანეს და დააგდეს...
ლ. დ.: დაზარალებულის ახლობელი:
- ჩვენს თავზე ისეთი უბედურება ტრიალებს, ენით არ გამოითქმის. ახლა მარტო იმაზე ვფიქრობთ, ბავშვი გადაგვირჩეს... ამის იმედს ექიმები ვერ გვაძლევენ, მარტო უფალმა უნდა გადაგვირჩინოს... მერე მივხედავთ, ვინც ბაშვი ასე აწამა...
- თქვენც გამორიცხავთ იმ ვერსიას, რომ გოგონა თავის მოკვლას ცდილობდა?
- რას ამბობთ, ბავშვს მენჯ-ბარძაყის ძვლები ისე აქვს დამტვრეული, ექიმმა თქვა, სიმაღლიდან არის გადმოგდებულიო. ყელზე ორმაგად ჰქონდა კანაფის ძაფი გაჭერილი მოსახრჩობად. ეტყობა, უკვე მკვდარი ეგონათ და იმიტომ დააგდეს სადარბაზოს წინ... ეგ ვერსია, პირდაპირ ვიტყვი, გამომძიებელმა შესთავაზა ბავშვის ისედაც გაუბედურებულ და გამწარებულ დედას, - ქალბატონო, ახლა უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი თავს იკლავდა, არ გაახმაუროთ, რომ აწამეს, თორემ გოგოა, გათხოვება ხომ უნდაო!
- იმ გამომძიებლის ვინაობას დაასახელებთ?
- მამ წუთში ამის თქმა არ შემიძლია. კაცმა გამწარებულ დედას ის უთხრა, მოიგონე რომ შენი შვილი თავს იკლავდაო და სანამ ახლა ბავშვის სიკვდილ-სიცოცხლეს შევყურებთ, მანამდე ვინ იცის, ის კაცი რას დაგვიტრიალებს, ჩვენ უბრალო ხალხი ვართ...
- გოგონას როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვს, რით არის გატაცებული...
- ისეთი ბავშვია, როგორც ყველა მისი თანატოლი, უბრალოდ, კარგი გარეგნობა აქვს... ჩვეულებრივ ოჯახში იზრდებოდა. მართალია დედ-მამა გაშორებულია, მაგრამ მამამისს უპატრონოდ არ ჰყავს მიტოვებული და ზრუნავს მასზე. ეს ასაკი რთული ასაკია, შეცდომებს უშვებენ ახალგაზრდები. მისი შეცდომა ის იყო, რომ გორის მე-12 სკოლაში სწავლობდა და ”შატალოზე” წაიყვანა თავისი კლასი. ამისთვის სკოლიდან გარიცხეს. მე მგონია, ამ ასაკში ბავშვებს რაიმე რომ ეშლებათ, თავიდან კი არ უნდა მოიშორო, ხელი უნდა შეაშველო და ასწავლო, სწორად როგორ მოიქცეს... იმ საღამოს მთელი საღამო სახლში იყო, მის ტელეფონზე სახლიდან გაგზავნილი ჩვეულებრივი მესიჯებია მეგობრებთან... საღამოს ათის ნახევარზე გასულა სახლიდან, ახლავე ამოვალო... ახლა ზოგიერთმა ისიც თქვა, ამ დროს სახლიდან გოგო რატომ გავიდაო! ეს ულმობლობაა, ყველამ გულში ჩაიხედოს და თქვას, ამ ასაკში თვითონ თუ არ გასულა სახლიდან... იმასაც პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ გამომძიებლის ”ბრძნული” რჩევის შემდეგ არც ობიექტური გამოძიების იმედი გვაქვს, მაგრამ ამ დანაშაულს არავის შევარჩენთ!
პ.ს. გორის მე-12 სკოლაში განგვიცხადეს, გოგონა სკოლიდან თავისი ნებით წავიდა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)